ძველი აღთქმა
იობი
81 და მიუგო ბილდად შუხელმა და თქვა: 2 „როდემდე უნდა ლაპარაკობდე ამას? შენი პირის სიტყვები ამოვარდნილი ქარია! 3 ნუთუ ღმერთი გაამრუდებს სამართალს და ყოვლადძლიერი გაამრუდებს სიმართლეს? 4 თუ შენმა შვილებმა შესცოდეს მის წინაშე, მან ხელში ჩაუგდო ისინი მათსავე ურჯულოებას. 5 შენ რომ ღმერთი გეძებნა და ყოვლადძლიერს შევედრებოდი, 6 წრფელი რომ ყოფილიყავ, ახლა იფხიზლებდა შენთვის და აღგიდგენდა შენი სიმართლის ალაგს. 7 და თუ შენი დასაწყისი მცირე იყო, შენი დასასრული დიდად გაიზრდება. 8 აბა, ჰკითხე გარდასულ თაობას და ყურად იღე მამების ნაკვლევი. 9 რადგან გუშინდელნი ვართ ჩვენ და არაფერი ვიცით, რადგან ჩრდილია ჩვენი დღეები ამ ქვეყანაზე. 10 განა არ დაგმოძღვრავენ და არ გეტყვიან? და გულიდან არ ამოიღებენ სიტყვებს? 11 უჭყანტობოდ გარეშე თუ იზრდება ჭილი? უწყლოში თუ ამოდის ლერწამი? 12 იგი ჯერ ნორჩია და მოუჭრელი, და მაინც ყველა ბალახზე ადრე ჭკნება. 13 ასევეა ყველას ბილიკები, ვინც ღმერთს ივიწყებს. და უღვთოთა იმედი გაქარწყლდება. 14 რადგან წარიკვეთება მისი სასო და მისი იმედი ობობას ქსელია. 15 მიეყდნობა თავის სახლს და ვერ გაუძლებს, მოეჭიდება მას და ვერ დაიჭერს. 16 ამწვანებულია იგი მზის გულზე, და ბაღნარზე გადმოშლილი აქვს ყლორტები. 17 ქვების გროვაში ჩახლართულა მისი ფესვები, ქვის ლოდებში ჩაჭედილა. 18 თუ ამოგლიჯეს თავისი ადგილიდან, უარყოფს მას: არასოდეს მინახიხარო. 19 აჰა, ეს არის მისი გზის სიხარული და მიწიდან კი სხვა აღმოცენდება. 20 აი, ღმერთი არ მოიძულებს უმანკოს, და არ შეეწევა ბოროტმოქმედებს. 21 კვლავ აგივსებს პირს სიცილით, და ბაგეებს აგივსებს ყიჟინით. 22 შენი მოძულენი სირცხვილით შეიმოსებიან და ურჯულოთა კარავი აღარ იქნება!”