HomeUncategorized

იობი 23

ძველი აღთქმა
იობი
231 და მიუგო მას იობმა და თქვა: 2 ღესაც ამბოხია ჩემი სიტყვა ჩემი ხელი ამძიმებს ჩემს კვნესას. 3 ნეტავი მაცოდინა, სად ვიპოვო იგი და მიმაღწევინა მის სამყოფლამდე, 4 წინ დავუდებდი ჩემს სარჩელს და მხილებებით ავივსებდი პირს. 5 გავიგებდი იმ სიტყვებს, რასაც მომიგებდა, და მივხვდებოდი, რასაც მეტყოდა. 6 თავისი დიდი ძალით ხომ არ გამიმართავდა პაექრობას? არა! მხოლოდ ყურს დამიგდებდა. 7 იქ, ალალმართალი თავს იმართლებს მის წინაშე – და მე სამუდამოდ დავიხსნიდი თავს ჩემი მსაჯულისაგან. 8 აჰა, წინ მივდივარ – და იგი არ ჩანს, უკან მივდივარ, კვლავაც ვერ ვხედავ. 9 ჩრდილოეთით საქმიანობს და ვერ ვამჩნევ, სამხრეთით განზე გადგება და ვერ ვხედავ. 10 მაგრამ მან იცის ჩემი გზა-სავალი, გამომცდის, ოქროსავით გამოვალ. 11 ჩემი ტერფი ჩაეჭიდა მის კვალს, მის გზას ვიცავდი განუხრელად. 12 მის ბაგეთა მცნებებისგან არ გადამიხვევია, მისი პირის სიტყვებს საკუთარზე მეტად ვიცავდი. 13 მაგრამ იგი უცვლელია და ვინ არის მისი შემდავებელი? რასაც მისი ხელი მოისურვებს, იმას აკეთებს. 14 რადგან ის აღასრულებს ჩემთვის დაწესებულს, და ასეთი ბევრია მასთან. 15 ამიტომ ვკრთი მის წინაშე, ჩავუკვირდები და მეშინია მისი. 16 ღმერთმა დააძაბუნა ჩემი გული და ყოვლადძლიერმა შემაძრწუნა მე. 17 მაგრამ არ დავდუმდები სიბნელეშიც და წყვდიადი ვერ დამფარავს მე.”
თავი ოცდამეორე                                                                                                                             თავი ოცდამეოთხე
Newer Post
Older Post

COMMENTS