HomeUncategorized

იობი 10

ძველი აღთქმა
იობი
101 „მოსძაგდა ჩემს სულს სიცოცხლე. გასაქანს მივცემ ჩემს წუხილს, ვილაპარაკებ ჩემი სულის სიმწარით, 2 ვეტყვი უფალს: ‘ნუ მამტყუნებ, მაცოდინე, რისთვის მედავები? 3 კარგია შენთვის, რომ თრგუნავ, რომ მოიძულე შენს ხელთა ქმნილება და ურჯულოთა რჩევას უნათებ? 4 ნუთუ შენც ხორციელი თვალები გაქვს? ნუთუ შენც ადამიანივით იყურები? 5 ნუთუ შენი დღეები ადამიანის დღეებივითაა? ნუთუ კაცის დღეებივითაა შენი წლები, 6 ჩემს ბრალს რომ ეძებ და ჩემს ცოდვას იკვლევ? 7 თუმცა იცი, რომ დამნაშავე არა ვარ, და არავინაა შენი ხელიდან ჩემი დამხსნელი. 8 შენმა ხელებმა გამომსახეს და შემქმნეს მე ერთიანად, ყოველმხრივ, და შენვე მანადგურებ? 9 აბა, გაიხსენე, თიხასავით რომ შემქმენი, და ისევ მტვრად მაქცევ? 10 განა რძესავით არ გადმომღვარე და ყველივით არ შემადედე? 11 ტყავით და ხორცით შემმოსე, ძვლებითა და ძარღვებით მომქსოვე, 12 სიცოცხლე და წყალობა მოავლინე ჩემზე და შენმა ზრუნვამ შეინახა ჩემი სული. 13 ეს გქონდა გულში დაფარული, ვიცი, რომ ეს იყო შენი მიზანი. 14 თუ შეგცოდავ, შენ დამიდარაჯდები და არ მომიტევებ დანაშაულს. 15 თუ დამნაშავე ვარ, ვაი ჩემს თავს! თუ მართალი ვარ, თავი ვერ ამიწევია! რადგან სავსე ვარ სირცხვილით. ნახე ჩემი სივაგლახე. 16 წამოვიწევი და ლომივით ნადირობ ჩემზე, და კვლავ სასწაულებს ახდენ ჩემზე, 17 ახალ-ახალი მოწმეები გამოგყავს ჩემს საპირისპიროდ, და აძლიერებ შენს რისხვას ჩემზე. ჯარები ენაცვლებიან ერთმანეთს ჩემს წინააღმდეგ. 18 დედის საშოდან რისთვის გამომიყვანე? მოვმკვდარიყავი, რომ არავის თვალს არ ვეხილე. 19 ვყოფილიყავი, როგორც არყოფილი, საშოდან საფლავში ჩავსულიყავი. 20 განა მცირე არაა ჩემი დღეები? მომეშვი, რომ ცოტათი მაინც გავიხარო, 21 სანამ წავიდოდე უკანმოუქცევლად ბნელეთისა და სიკვდილის აჩრდილის ქვეყანაში, 22 წყვდიადის ქვეყანაში, როგორც სიკვდილის აჩრდილის წყვდიადში, სადაც არ არის წესრიგი, და სადაც ნათელი წყვდიადივითაა.’”
თავი მეცხრე                                                                                                                                     თავი მეთერთმეტე
Newer Post
Older Post

COMMENTS