ძველი აღთქმა
იობი
341 და მიუგო ელიჰუმ და თქვა: 2 სმინეთ, ბრძენნო, ჩემი სიტყვები, მცოდნენო, ყური დამიგდეთ! 3 რადგან ყური გამოცდის სიტყვებს და სასა გემოს უგებს საჭმელს. 4 ავირჩიოთ, რაც სამართლიანია. ჩვენს შორის ვიცოდეთ, რა არის კეთილი. 5 რადგან იობმა თქვა: ‘მართალი ვარ და ღმერთმა წამართვა ჩემი სამართალი. 6 ტყუილი ვთქვა ჩემს სამართალზე? მოუშუშებელია ჩემი იარა, თუმცა მე უდანაშაულო ვარ’ 7 ვინ არის იობის მსგავსი კაცი, დაცინვას წყალივით რომ სვამდეს? 8 ავისმოქმედთა თაბუნს რომ ასდევდეს? რომ უკეთურ ხალხთან იაროს? 9 რადგან მას ნათქვამი აქვს: ‘არაფრად არგია კაცს, რომ ღმერთს აამოს.’ 10 ამიტომ ისმინეთ ჩემი, კაცნო გულისხმიერნო! შორს იყოს ღმერთი ბოროტებისაგან და ყოვლადძლიერი უსამართლობისაგან! 11 რადგან საქმისამებრ მიუზღავს ადამიანს, და კაცს მისი გზისამებრ მიაგებს. 12 ჭეშმარიტად, ღმერთი არ ბოროტობს და ყოვლადძლიერი არ ამრუდებს სამართალს! 13 ვინ ჩააბარა მას მიწა? და ვინ მიანდო მას მთელი სამყარო? 14 თუ თავისკენ მიაპყრობს თავის გულისყურს, უკანვე წაიღებს თავის სულსა და სუნთქვას, 15 ერთიანად გაწყდება ყოველი ხორციელი და ადამიანი მტვრად მიიქცევა. 16 და თუ გაგება გაქვს, მოისმინე ეს, ყური უგდე ჩემი სიტყვების ჩქამს! 17 ნუთუ სამართლის მოძულე იგანმგებლებს? და ნუთუ ბრალს დასდებ ძალმოსილ მართალს? 18 ვინც ეუბნება მეფეს: ‘არამზადავ!’ და დიდგვაროვანს: ‘უკეთურო!’; 19 რომელიც მთავრებს არ მიჰკერძავს და მდიდარს ღარიბზე მეტად არ თვლის, რადგან ყველანი მის ხელთა ქმნილებანი არიან. 20 ისინი წამში იხოცებიან; შუაღამისას ტორტმანებს ხალხი და იღუპება, და წაიყვანენ და მოაშორებენ ძლიერს კაცის ხელის გარეშე, 21 რადგან მისი თვალები კაცის გზებს დასცქერის და ხედავს მის ყოველ ნაბიჯს. 22 არ არის არც ბნელი და არც წყვდიადი, რომ იქ დაიმალოს ავისმოქმედი; 23 რადგან იგი კაცს არ უწესებს ვადას, რომ ღმერთთან სამსჯავროზე წავიდეს. 24 ის მუსრავს ძლიერთ განუკითხავად და სხვებს აყენებს მათ ნაცვლად, 25 რადგან ცნობს მათ ნამოქმედარს. ღამით დაამხობს მათ და შეიმუსრებიან; 26 როგორც უკეთურთ დალახვრავს, სხვათა თვალთაწინ. 27 ამიტომ განუდგნენ მას და არ შეიმეცნეს მისი გზები. 28 მასთან მიიტანეს ღატაკთა ღაღადი, და დაჩაგრულთა ღაღადი ესმის მას. 29 როცა ის დუმს, ვინ არის მისი ბრალმდებელი? როცა სახეს იფარავს, ვინ არის მისი მხილველი? ხალხისთვის იქნება ეს, თუ ერთი კაცისთვის? 30 რომ არ იმეფოს უღვთო ადამიანმა, ამ ხალხის მახეში გამბმელმა. 31 ვინმეს თუ უთქვამს ღვთისათვის: ‘მე მოვიხადე სასჯელი, აღარ შევცოდავ, 32 შენ მასწავლე, რასაც ვერ ვხედავ. თუ უკეთურება ჩამიდენია, მეტს აღარ ვიზამ. 33 განა შენი განსჯით უნდა მიუზღავდეს იგი? როგორც შენ დაგიგმია, როგორც შენ აგირჩევია და არა მე. რაც იცი, ილაპარაკე.’ 34 მეტყვიან გულისხმიერი კაცები და ბრძენი კაცები, მე რომ მისმენენ: 35 ‘იობი უაზროდ ლაპარაკობს და მის სიტყვებს გონიერება აკლია. 36 ერთი ბოლომდე გამოიცდებოდეს იობი, ავკაცთა მსგავსად რომ პასუხობს! 37 რადგან თავის ცოდვას უმატებს ამბოხს, ხელს ხელზე ურტყამს ჩვენს შორის და სიტყვას ამრავლებს ღვთის წინააღმდეგ!”
COMMENTS