ძველი აღთქმა
იობი
391 „თუ იცი ჯიხვთა დაბადების ჟამი? თვალს თუ ადევნებ ფურ-ირემთა მშობიარობას? 2 ნუთუ აღრიცხავ მათ თვეთა აღვსებას? და თუ იცი ჟამი მათი მოგებისა? 3 ისინი ჩაიმუხლებენ, დაყრიან ნაშიერთ, შობის ტკივილისგან თავისუფლდებიან; 4 კაჟდებიან მათი ნუკრები, ველად იზრდებიან, გადიან და აღარ უბრუნდებიან. 5 ვინ გაუშვა კანჯარი ნებაზე? და ვინ ახსნა კანჯარს საკვრელი? 6 რომელსაც მე სახლად ტრამალი მივეცი და სამყოფლად – მლაშობი? 7 ის არად აგდებს ქალაქის გნიასს, არ ესმის მენახირის შეძახილები. 8 მთებში საძოვრად დაეხეტება და ყოველგვარ სიმწვანეს დაეძებს. 9 თუ ინებებს მარტორქა შენს სამსახურს? თუ გაათევს შენს ბაგაზე? 10 მარტორქას სახნავში თუ შეაბამ აპეურით? თუ დაგიფარცხავს ველებს შენს უკან? 11 თუ დაენდობი მას, რაკი დიდია მისი ძალა? თუ მიანდობ სამუშაოს? 12 თუ გწამს მისი, რომ თესლს დაგიბრუნებს და შენს კალოზე მოგიგროვებს? 13 სირაქლემას ფრთა მხიარულად ფრიალებს თუ ყანჩას ნაკრტენი და ბუმბული? 14 რადგან თავის კვერცხებს მიწაზე ტოვებს და მათ მტვერში ათბობს, 15 და ავიწყდება, რომ ფეხით ჩაილეწება და ველის მხეცი გათელავს. 16 ულმობლად ექცევა ის თავის ბარტყებს, თითქოს მისები არ ყოფილიყვნენ, თავისი ამაოდ გარჯა არად ენაღვლება. 17 რადგან ღმერთმა დაავიწყა მას სიბრძნე და წილად არ არგუნა გონება. 18 რაჟამს შეიმართება გასაფრენად, დასცინის ცხენსა და მის მხედარს. 19 შენ მიეცი ცხენს ძლიერება? შენ შემოსე ფაფრით მისი კისერი? 20 შენ ახტუნებ მას კალიასავით? მისი მჭახე ჭიხვინი ზარდამცემია! 21 მიწას თხრის ის ველზე და ხარობს ძლიერებით, გადის იარაღის შესაგებებლად. 22 შიშს დასცინის ის და არ კრთის და მახვილისგან პირს არ იბრუნებს. 23 მის თავზე ჩხრიალებს კაპარჭი ელავს შუბი და ჰოროლი. 24 შმაგად და მძვინვარედ ყლაპავს მიწას და არ სჯერა საყვირის ხმისა. 25 ბუკის ცემაზე ამბობს: ‘აჰა!’ და შორიდან იყნოსავს ბრძოლას, სარდალთა შეძახილსა და ყიჟინს. 26 შენი სიბრძნით არის, რომ ქორი ნავარდობს და სამხრეთისკენ შლის ფრთებს? 27 შენი ბრძანებით აღმა ფრენს არწივი და მაღლა იკეთებს თავის ბუდეს? 28 ის კლდეზე ბუდობს და ღამეს ათევს კლდის ქიმსა და სიმაგრეზე. 29 იქიდან ეძებს თავისთვის საზრდოს; მისი თვალები შორიდან ჭვრეტენ, 30 მისი მართვენი სისხლს სვამენ, და სადაც ლეშია, ისიც იქ გაჩნდება.”
COMMENTS