HomeUncategorized

იობი 5

ძველი აღთქმა
იობი
51 „აბა, მოუხმე, ვინ გამოგეპასუხება? და წმიდათაგანს ვის მიმართავ? 2 რადგან უგუნურს ჯავრი ჰკლავს, და ბრიყვს შური ღუპავს. 3 ვნახე, უგუნური ფესვს იდგამდა და მყისვე დავწყევლე მისი სამყოფელი. 4 შორს არიან მისი შვილები ხსნისაგან, კარიბჭესთან დაბეგვავენ, და არავინ ეყოლებათ მოსარჩლე. 5 სამკალს მშიერი შეუჭამს, ეკლებიდანაც კი ააცლიან და მწყურვალნი შთანთქავენ მათ დოვლათს. 6 რადგან ნაცარ-მტვრიდან არ მოდის უსამართლობა და მიწიდან არ აღმოცენდება ტანჯვა. 7 რადგან ადამიანი ტანჯვისთვის იბადება, და ნაპერწკლებივით მიისწრაფის მაღლა. 8 მაგრამ მე ისევ ღმერთს დავეკითხებოდი და ღმერთს მივანდობდი ჩემს საქმეს, 9 რომელიც იქმს დიდ და გამოუკვლევ საქმეებს, სასწაულებს, რომელთაც არა აქვს რიცხვი. 10 აძლევს წვიმას მიწის პირს, და წყლებს აგზავნის ყანებზე. 11 აღამაღლებს მდაბლებს და მგლოვიარენი ხსნად მაღლდებიან. 12 ის ფუშავს ცბიერთა ზრახვებს და მათი ხელები ვერ აღწევენ წარმატებას. 13 იჭერს ბრძენკაცებს მათივე ცბიერებით, და მზაკვართა თათბირი ფუჭი ხდება. 14 დღისით ისინი წყვდიადს აწყდებიან და შუადღისას ხელისცეცებით დადიან, როგორც ღამეში. 15 ის იხსნის ღატაკს მათი პირის მახვილისაგან და ძლიერის ხელისგან. 16 ისე, რომ უმწეოს იმედი აქვს, და უსამართლობა კუმავს პირს. 17 აჰა, ნეტარია კაცი, რომელსაც ამხილებს ღმერთი, და ყოვლადძლიერის სასჯელს ნუ უკუაგდებ! 18 თვითონ ლახვრავს და თვითონვე უხვევს, წყლავს, მაგრამ მისივე ხელები კურნავენ. 19 ექვსი გაჭირვებიდან გიხსნის შენ, და მეშვიდეგზის არ შეგემთხვევა ბოროტება. 20 შიმშილობის ჟამს სიკვდილისაგან გიხსნის და ბრძოლის ჟამს – მახვილისაგან. 21 ენის მათრახს დაემალები, და არ შეგეშინდება, როცა ის განადგურება მოვა. 22 განადგურებასა და შიმშილს დასცინებ, და მიწის მხეცების არ შეგეშინდება, 23 რადგან კავშირი გექნება მინდვრის ქვებთან, და ველის მხეცებთან მშვიდობა გექნება. 24 და შეიტყობ, რომ მშვიდობაა შენს კარავში, და თვალს გადაავლებ შენს სამყოფელს, და დანაკლისი აღარ გექნება. 25 და შეიტყობ, რომ მრავალრიცხოვანია შენი მოდგმა, და მიწის ბალახივითაა შენი ნაშიერი. 26 საფლავში მხცოვანი ჩახვალ, როგორც პურის ძნა, თავის დროზე რომ იმკება. 27 აჰა, ეს გამოვიკვლიეთ, ასეა ეს, შეისმინე ეს და შენთვის იცოდე.”
თავი მეოთხე                                                                                                                                              თავი მეექვსე
Newer Post
Older Post

COMMENTS