იობი 3

ივნისი 26, 2015
ძველი აღთქმა
იობი
31 და ამის შემდგომ გახსნა იობმა ბაგე და დასწყევლა თავისი დღე. 2 და თქვა იობმა: 3 „დაიქცეს ის დღე, მე რომ გავჩნდი, და ღამე, რომელმაც თქვა: ‘კაცი ჩაისახა!’ 4 ის დღე დაბნელდეს, აღარ მოხედოს მას ღმერთმა ზეგარდმო, აღარ ინათოს მასზე ნათელმა! 5 მოიცვას ის ბნელმა და სიკვდილის აჩრდილმა, დაივანოს მასზე ღრუბელმა, შეაძრწუნოს ის დღის სიშავემ! 6 ის ღამე შეიპყროს წყვდიადმა, არ გაიხაროს წლის დღეთა შორის! თვეთა რიცხვში აღარ ითვლებოდეს! 7 აჰა, გაბერწდეს ის ღამე, აღარ ეღირსოს სიხარული. 8 დასწყევლონ იგი დღის მაწყევრებმა, რომელთაც ძალუძთ ლევიათანის გამოღვიძება! 9 დაე, დაბნელდნენ მისი განთიადის ვარსკვლავები, ელოდოს ნათელს და არ ჩანდეს, და ვერ იხილოს წამწამნი ცისკრისა. 10 რადგან დედაჩემის საშოშივე არ ჩამიკეტა კარი, და არ დაფარა სალმობა ჩემს თვალთაგან. 11 რატომ არ მოვკვდი გაჩენისთანავე, მუცლიდან გამოსვლისთანავე რად არ გავთავდი? 12 რად მიმიღეს მე ბებიაქალის მუხლებმა, და რად შემეგებნენ დედაჩემის ძუძუნი მოსაწოვებლად? 13 რადგან ახლაც ხომ ვიწვებოდი დამშვიდებული, ძილში ვიქნებოდი მოსვენებული, 14 ქვეყნიერების მეფეებთან და მრჩევლებთან, თავისთვის საძვალეთა მაშენებლებთან, 15 ან მთავრებთან, რომელთაც ოქრო ჰქონდათ, და ვერცხლით რომ ივსებდნენ სახლებს. 16 ან რატომ არ დავიმარხე მკვდრადშობილივით, იმ ჩვილივით, ნათელი რომ არ უნახავს? 17 იქ ბოროტეულნი აღარ შფოთავენ, და იქ განისვენებენ მოქანცულნი. 18 იქ მშვიდად არიან ტუსაღები და თავმდგმურთა ხმა არ ესმით. 19 მცირენი და დიდნი იქ არიან, და მონა თავისუფალია თავისი ბატონისაგან. 20 რაღად მიეცა ტანჯულს ნათელი, და სულგამწარებულს – სიცოცხლე, 21 სიკვდილის მონატრულებს და ვერმპოვნელებს, დამარხულ განძზე მეტად რომ ეძებენ, 22 უზომოდ გახარებულებს და აღტაცებულებს საფლავის პოვნით? 23 რად მიეცა ნათელი იმ კაცს, ვისი გზაც დაფარულია, და ვინც ალყაში მოიმწყვდია ღმერთმა? 24 რადგან ჩემს პურს ჩემი ოხვრა წინ უსწრებს, და ჩემი კვნესა წყალივით იღვრება. 25 რადგან მეწია შიში, რომელიც მაძრწუნებდა, და რაც მაშინებდა, ის მომივიდა. 26 ჩემთვის აღარც სიმშვიდეა, აღარც შვება, და არც მოსვენება. მოვიდა მშფოთვარება.”
თავი მეორე                                                                                                                                               თავი მეოთხე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close