HomeUncategorized

იობი 36

ძველი აღთქმა
იობი
361 განაგრძო ელიჰუმ და თქვა: 2 ოტა მაცალე და გაჩვენებ, რადგან კიდევ არის ღვთის სახელით სათქმელი სიტყვები. 3 შორიდან წამოვიღებ ჩემს აზრს და ჩემს გამჩენს მივაგებ სიმართლეს, 4 რადგან ნამდვილად არ არის სიცრუე ჩემი სიტყვები. ცოდნაში სრული შენს წინაშეა. 5 აჰა, ძლიერია ღმერთი, და არავინ სძულს. ის სიბრძნის ძალითაა ძლიერი. 6 იგი ცოცხალს არ გაუშვებს უკეთურს, და ჩაგრულთ მიაგებს სამართალს; 7 თვალს არ აშორებს თავის მართალს და მეფეებთან ერთად ტახტზე სვამს სამარადისოდ, და აღზევდებიან ისინი. 8 და თუ მათ ბორკილები ადევთ, და ტანჯვის საკვრელით არიან შეკრულნი, 9 განუცხადებს მათს ნამოქმედარს და მათს დანაშაულებს, რადგან დამძიმდნენ ისინი. 10 გაუხსნის მათ ყურებს შეგონებისთვის და ეტყვის, რათა სიავისგან უკუმოიქცნენ. 11 თუ გაუგონებენ და დაემორჩილებიან, დღეებს სიკეთეში დაასრულებენ და წლებს – ნეტარებაში. 12 და თუ არ გაუგონებენ, მახვილით დაეცემიან და უგნურებაში ამოხდებათ სული. 13 გულმრუდნი აღძრავენ რისხვას, შველას არ ითხოვენ მისგან, როდესაც ბორკილს ადებს მათ. 14 სიჭაბუკეშივე კვდება მათი სული, და მათი სიცოცხლე გათავდება საკერპოს მეძავებში. 15 ის იხსნის ტანჯულს მისივე ტანჯვით, და თრგუნვის ჟამს უხსნის მათ ყურს. 16 და შენც გამოგიყვანდა შეჭირვების პირიდან სიფართოვისკენ, სადაც არაა სივიწროვე, და შენი სუფრის ხორაგიც სავსე იქნებოდა ცხიმით. 17 შენ კი სავსე იყავ უკეთურის მსჯავრით, მსჯავრი და სამართალი შენზეა მოჭიდებული. 18 ფრთხილად იყავი, გულისწყრომამ მასხარად ასაგდები არ გაგხადოს, დიდმა გამოსასყიდმა არ გადაგხაროს. 19 ყვირილი გიშველის განა გასაჭირში, ან მთელი შენი ძალისხმევა? 20 ნუ ინატრებ იმ ღამეს, როცა ხალხები აიყრებიან თავიანთი ადგილებიდან, 21 იფრთხილე, არ მოიქცე ავკაცობისკენ, რადგან ამით სატანჯველს ირჩევ. 22 აჰა, ღმერთი მაღალია თავისი ძლიერებით, ვინ არის მისნაირი მოძღვარი? 23 ვის დაუწესებია მისთვის გზა და ვის უთქვამს: ‘უკეთურება გაქვს ჩადენილი?’ 24 გახსოვდეს, რომ უნდა ადიდო მისი საქმე, რომელთაც ხალხი უგალობს. 25 ყველა ადამიანსა აქვს ნანახი ისინი, კაცი შორიდანვე ამჩნევს მათ. 26 აჰა, მაღალია ღმერთი და ვერ შევიცნობთ მას, მისი წელთა რიცხვი აურაცხელია. 27 რადგან ის აკავებს წყლის წვეთებს, ისინი ნისლიდან ასხურებენ წვიმას, 28 ღრუბლები ღვრიან მას, უხვად ესხურება ადამიანს. 29 თუ მიხვდება ვინმე ღრუბლების განფენილობას, მისი კარვის ჭექა-ქუხილს? 30 აჰა, ის განაფენს მასზე თავის ელვას, დაფარავს იგი ზღვის ფესვებს, 31 რადგან ამით განსჯის ხალხებს, უხვად იძლევა საზრდოს. 32 თავის ხელებს ელვით იფარავს, უბრძანებს მას სამიზნისაკენ. 33 მისი ქუხილი ამას იუწყება, და ჯოგიც – გრიგალის ამოვარდნას.”
თავი ოცდამეთხუთმეტე                                                                                                           თავი ოცდამეჩვიდმეტე
Newer Post

COMMENTS