იობი 7

ივნისი 26, 2015
ძველი აღთქმა
იობი
71 „განა ბრძოლა არაა კაცის ყოფა მიწაზე? განა მისი დღეები დღიური მუშის დღეებივით არ არის? 2 როგორც მონას სწყურია ჩრდილი, როგორც დღიური მუშა ელის თავის გასამრჯელოს, 3 ასე მხვდა წილად ამაოების თვენი, და მომეთვალა ტანჯვის ღამენი. 4 თუ ვწევარ, ვამბობ: ‘როდის ავდგები?’ მაგრამ გრძელია ღამე, და მე ბორგვით ვიღლები განთიადამდე. 5 ჩემი ხორცი მატლებით შეიმოსა და მიწის მტვრით, ჩემი კანი სკდება და იხრწნება. 6 ჩემი დღენი ჯარის უსწრაფესად ბრუნავენ და უიმედოდ იწურებიან. 7 გახსოვდეს, ქროლვაა ჩემი სიცოცხლე, არ მობრუნდება ჩემი თვალი სიკეთის ხილვად. 8 ვეღარ მიხილავს თვალი, ჩემი მნახველი, თვალებს მომაპყრობ, მაგრამ მე უკვე აღარ ვიქნები! 9 ქრება ღრუბელი და მიდის. ასე ჩადის შავეთში კაცი და აღარ ამოდის, 10 შინ აღარ დაბრუნდება, და ვეღარ ცნობს მას მისი ადგილი. 11 მეც აღარ დავაყენებ ჩემს პირს, ვილაპარაკებ სულშეჭირვებული, ვიღაღადებ სულგამწარებული. 12 განა ზღვა ვარ ან ზღვის გველეშაპი, ყარაული რომ მომიჩინე? 13 როცა ვიტყვი: მანუგეშებს-მეთქი ჩემი სარეცელი, ჩემს ჭმუნვას წარიტაცებს-მეთქი ჩემი საგებელი, 14 მაშინ მაძრწუნებ მე სიზმრებით და მაშინებ ხილვებით. 15 ასე, რომ ჩემი სული უმალ დახრჩობასა და სიკვდილს ირჩევს, ვიდრე ჩემს ძვალთა გადარჩენას. 16 მომბეზრდა სიცოცხლე, არ ვიცოცხლებ უკუნისამდე. დამეხსენ, რადგან ფუჭია ჩემი დღეები. 17 რა არის ადამიანი, ასე რომ განადიდებ? მისკენ რომ მიგიპყრია გულისყური? 18 რომ ყოველ დილას მოინახულებ? და სცდი ყოველ წამს? 19 სანამდე არ მომაშორებ მზერას? სანამდე არ მომშორდები, რომ ნერწყვი მაინც გადავყლაპო? 20 მე თუ ცოდვა ჩავიდინე, შენ რა დაგიშავე, ადამიანის მცველო? რად დამსვი შენს სამიზნედ და რად შევიქენ ტვირთად ჩემი თავისთვის? 21 რატომ არ შემინდობ ცოდვას? და არ წარმიხოცავ დანაშაულს? რადგან ახლა მიწა-მტვერში ვწვები. ძებნას დამიწყებ და აღარ ვიქნები!”
თავი მეექვსე                                                                                                                                                 თავი მერვე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close