HomeUncategorized

იობი 28

ძველი აღთქმა
იობი
281 „რადგან ვერცხლს საბადო აქვს და ოქროს კი ადგილი, სადაც წმენდენ მას. 2 რკინას მიწიდან იღებენ, სპილენძი კი ქვისაგან გამოიდნობა. 3 ზღვარი დაუდვა კაცმა ბნელს და ქვეყნის კიდემდე ეძებს ქვას წყვდიადსა და ბნელში. 4 გაკაფა გზა ხეობაში, შორს უკაცრიელი ადგილიდან, ფეხმივიწყებულ ადგილებში. გამოკიდებულნი არიან კაცთაგან შორს და ქანაობენ. 5 მიწა – მისგან აღმოცენდა პური, მისი ქვეშეთი აბრუნებულია, როგორც ცეცხლი. 6 მისი ქვები საფირონის ადგილია და მის მიწაში ოქრო ურევია. 7 მისი ბილიკი არ იცის მტაცებელმა ფრინველმა, და შევარდნის თვალსაც არ დაუნახავს. 8 ამაყ მხეცებს იქ ფეხი არ დაუდგამთ, ლომს მასზე არ გაუვლია. 9 კაჟზე იშვერს ხელს, ძირფესვიანად აყირავებს მთებს. 10 კლდეებში არხები გაჰყავს და ყოველივე ძვირფასს სჭვრეტს მისი თვალი. 11 მდინარეთა დინებას აკავებს, და დამალული სინათლეზე გამოაქვს. 12 სად იპოვება სიბრძნე? და სად არის გონების ადგილი? 13 მისი ფასი არ იცის კაცმა, და ცოცხალთა ქვეყანაში არ იპოვება. 14 უფსკრული ამბობს ‘ის ჩემში არ არის!’ და ზღვაც ამბობს: ‘ჩემთან არ არის!’ 15 არ გაიცვლება ხალას ოქროში, და არ აიწონება ვერცხლი მის საფასურად. 16 არ შეფასდება ოფირის ოქროდ, არც ძვირფასი ონიქსითა და საფირონით. 17 ვერ გაუსწორდება მას ოქრო და ბროლი, და ვერც ბაჯაღლოს ჭურჭელში გაიცვლება. 18 მარჯანი და ბროლი არ არის სახსენებელი, და სიბრძნის მოხვეჭა მარგალიტთა უმჯობესია. 19 ვერ გაუსწორდება მას ქუშის ტოპაზი, ხალასი ოქროთი ვერ შეფასდება. 20 საიდან მოდის სიბრძნე? და სად არის გონების ადგილი? 21 იგი დამალულია ყოველი ცოცხალის თვალთაგან, და დაფარულია ცის ფრინველთაგან. 22 აბადონი და სიკვდილი ამბობენ: ‘ყური მოგვიკრავს მისთვის!’ 23 ღმერთმა იცის მისი გზა და მან უწყის მისი ადგილი, 24 რადგან ის გაჰყურებს ქვეყნის კიდეებს, და ჭვრეტს მთელ ცისქვეშეთს. 25 როდესაც ქარს წონას უწესებდა და წყალს საწყაულით წყავდა, 26 როდესაც წვიმას წესს უდებდა და მეხისცემას – გზა-სავალს, 27 მაშინ იხილა იგი და გამოაცხადა, გამოიკვლია, 28 და ადამიანს უთხრა: ‘უფლის შიშია სიბრძნე და ბოროტისაგან განრიდებაა გონება.’”
თავი ოცდამეშვიდე                                                                                                                       თავი ოცდამეცხრე

COMMENTS