HomeUncategorized

იობი 22

ძველი აღთქმა
იობი
221 და მიუგო ელიფაზ თემანელმა და თქვა: 2 „რას არგებს ღმერთს კაცი? განა გონიერი თავის თავს არა რგებს? 3 გგონია: ეამება ყოვლადძლიერს შენ რომ მართალი ხარ? და რა გამორჩენა აქვს, თუ წრფელია შენი გზები? 4 გგონია: შენი ღვთისმოშიშების გამო დაგიწყებს ყვედრებას და წამოვა შენთან ერთად სამსჯავროზე? 5 განა დიდი არაა შენი ბოროტება? განა აქვს ბოლო შენს შეცოდებებს? 6 რადგან არაფრის გულისთვის ართმევდი გირაოს შენს ძმებს, და შიშველ-ტიტვლებს ხდიდი ტანსაცმელს. 7 წყურვილით დატანჯულს წყალს უკავებდი და მშიერს პურს არ აწვდიდი. 8 ძლიერი კაცისაა ეს ქვეყანა, და წარჩინებული მკვიდრობს აქ. 9 ქვრივებს ხელცარიელს ისტუმრებდი და ობლებს მკლავებს უთეთქვავდი. 10 ამიტომ არის შენს ირგვლივ მახენი და გაკრთობს ანაზდეული შიში. 11 იქნებ ბნელა და ვეღარ ხედავ, და წყლის ნიაღვარმა დაგფარა? 12 განა ღმერთი ცათა მწვერვალზე არ არის? შეხედე ვარსკვლავთა თავანს, რა მაღალია! 13 და შენ ამბობ: ‘რა იცის ღმერთმა? შავი ღრუბლიდან განიკითხავს? 14 ღრუბელნი საფარველად აქვს და ვერ იხედება, ცის კაბადონზე დადის.’ 15 ნუთუ იმ ძველ ბილიკს ადგახარ, ავკაცნი რომ დადიოდნენ, 16 რომელნიც უდროოდ წარიტაცნენ, რომელთა საძირკველიც მდინარემ გადარეცხა? 17 ისინი ეუბნებოდნენ ღმერთს: ‘გაგვეცალე!’ და: ‘ყოვლადძლიერი რას გვარგებს?’ 18 მან კი სიკეთით აუვსო მათ სახლები. მაგრამ ურჯულოთა რჩევა შორსაა ჩემგან! 19 უყურებენ მართალნი და ხარობენ და უმწიკვლონი დასცინიან მათ. 20 ამბობენ: ‘აჰა, გამწყდარა ჩვენი მტერი და მათი ნატამალი ცეცხლს შთაუნთქავს.’ 21 შეეწყვე მას – და მშვიდობით იყავი; ამით მოვა სიკეთე შენთან. 22 მიიღე მისი პირიდან რჯული და მისი სიტყვები გულში ჩაიდევი. 23 თუ დაუბრუნდები ყოვლადძლიერს, აშენდები, მოაშორე უსამართლობა შენს კარავს. 24 შენი ოქრო მტვერში ჩააგდე, ოფირის ოქრო – ხევების ლოდებში. 25 და ყოვლადძლიერი იქნება შენი ოქრო, და ძვირფასი ვერცხლი იქნება შენთვის, 26 რადგან მაშინ დატკბები ყოვლადძლიერში და ღმერთს მიაპყრობ სახეს. 27 ილოცებ მის მიმართ და მოგისმენს, და შენ შეასრულებ შენს აღთქმებს. 28 და რასაც გადაწყვეტ, აგისრულდება, და შენს გზაზე ნათელი იბრწყინებს. 29 როცა დაგამდაბლებენ, იტყვი: ‘ამაღლება’ და ის იხსნის თვალდახრილს. 30 ის გადაარჩენს დამნაშავესაც; და გადარჩება ის შენი ხელების სიწმიდით”.
თავი ოცდამეერთე                                                                                                                              თავი ოცდამესამე
Newer Post
Older Post

COMMENTS