HomeUncategorized

იობი 1

ძველი აღთქმა
იობი
11 ყუცის ქვეყანაში იყო კაცი, სახელად იობი. იყო ის კაცი ალალი, წრფელი, ღვთისმოშიში და ბოროტებას განრიდებული. 2 და შეეძინა მას შვიდი ძე და სამი ასული. 3 და იყო მისი სამწყსო: შვიდი ათასი წვრილფეხა საქონელი, სამი ათასი აქლემი, ხუთასი უღელი ხარი, ხუთასი ჭაკი ვირი; და ჰყავდა ძალიან ბევრი მსახური; ყველაზე დიდი იყო ის კაცი აღმოსავლეთის ძეთა შორის. 4 მისი ძენი მიდიოდნენ და მართავდნენ პურობას, ყოველი მათგანი თავის სახლში და თავის დღეს, და ისინი უგზავნიდნენ და თავის სამ დასაც იწვევდნენ, რათა მათთან ერთად ესვათ და ეჭამათ. 5 ნადიმის დღეები რომ ჩამოთავდებოდა, იობი გაგზავნიდა და განწმედდა მათ: ადგებოდა დილაადრიან და სრულადდასაწველებს აღავლენდა მათი რიცხვისდა მიხედვით, რადგან ამბობდა იობი: „ეგების შესცოდეს ჩემმა ძეებმა და დაგმეს ღმერთი თავინთ გულში.” ასე იქცეოდა იობი ყოველთვის. 6 და ერთ დღეს მოვიდნენ ღვთის შვილები უფლის წინაშე წარსადგომად, და მათ შორის სატანაც მოვიდა. 7 და ჰკითხა უფალმა სატანას: „საიდან მოდიხარ?” და მიუგო სატანამ უფალს: „ქვეყნად წანწალიდან და ხეტიალიდან.” 8 და უთხრა უფალმა სატანას: „თუ შეგინიშნავს ჩემი მსახური იობი? რადგან არავინ არის მისი მსგავსი ამ ქვეყანაზე: ალალი, წრფელი, ღვთისმოშიში კაცია, ბოროტებას განრიდებული.” 9 და მიუგო სატანამ უფალს: „მერედა ტყუილუბრალოდ არის იობი ღვთისმოშიში? 10 განა შენ არ შემოაკავე მისი გარემო და მისი სახლი, და მთელი მისი საბადებელი ყოველმხრივ? შენ აკურთხე მისი ნახელავი და გაამრავლე ქვეყნად მისი საქონელი. 11 აბა, ხელი გაიწოდე და შეახე მთელ მის საბადებელს, თუ პირში არ დაგიწყოს გმობა.” 12 და უთხრა უფალმა სატანას: „აჰა, შენს ხელთ იყოს მთელი მისი საბადებელი, ოღონდ თვით მის წინააღმდეგ ნუ გაიწვდი ხელს!” და გამოვიდა სატანა უფლისაგან. 13 ერთ დღეს, როცა მისი ძენი და მისი ასულნი ჭამდნენ და ღვინოს სვამდნენ თავიანთი უფროსი ძმის სახლში, 14 მივიდა მაცნე იობთან და უთხრა: „ხარები ხნავდნენ და ჭაკი ვირები ძოვდნენ მათ გვერდით, 15 და დაეცნენ შებაელები მათ და წაასხეს, მსახური ბიჭები კი მახვილით ამოხოცეს. მეღა გადავრჩი შენთვის ამბის მომტანი.” 16 ამის ლაპარაკში იყო, რომ მოვიდა სხვა და თქვა: „ღვთის ცეცხლი ჩამოვარდა ზეციდან და გადაბუგა ცხვარი და მსახური ბიჭები და შთანთქა ისინი. მეღა გადავრჩი შენთვის ამბის მომტანი.” 17 ამის ლაპარაკში იყო, რომ მოვიდა კიდევ სხვა და თქვა: „ქალდეველნი დაეწყვნენ სამ რაზმად და დაეცნენ აქლემებს და წაასხეს ისინი, მსახური ბიჭები მახვილის პირით ამოხოცეს. მეღა გადავრჩი შენთვის ამბის მომტანი.” 18 ამის ლაპარაკში იყო, რომ მოვიდა კიდევ სხვა და თქვა: „შენი ძენი და შენი ასულნი ჭამდნენ და ღვინოს სვამდნენ თავიანთი უფროსი ძმის სახლში, 19 და აჰა, დიდი ქარი მოვარდა უდაბნოდან, ეძგერა სახლის ოთხსავე კუთხეს, ჭერი თავზე დაემხოთ ყმაწვილებს და დაიხოცნენ. მეღა გადავრჩი შენთვის ამბის მომტანი.” 20 და ადგა იობი და შემოიხია სამოსელი, და გადაიპარსა თავი, და დაეცა მიწაზე და თაყვანისცა, 21 და თქვა: „შიშველი გამოვედი დედის მუცლიდან და შიშველი დავბრუნდები იქ. უფალმა მომცა და უფალმა წაიღო. კურთხეულ იყოს უფლის სახელი.” 22 ყოველივე ამაში იობს არ შეუცოდავს, ღვთის აუგი არ დასცდენია.
ესთერი                                                                                                                                                        თავი მეორე

COMMENTS