იობი 37

ივნისი 30, 2015
ძველი აღთქმა
იობი
371 „ამის გამოც ძრწის ჩემი გული, და ამოვარდა თავისი ბუდიდან. 2 მოსმენით მოისმინეთ მისი ხმის გრგვინვა და გუგუნი, მისი პირიდან გამომავალი. 3 მთელ ცისქვეშეთში აჭექებს მას და მისი ელვა ქვეყნიერების კიდეებს სწვდება. 4 მის შემდეგ ხმა დაიჭექებს, დაიქუხებს დიდებულ ხმაზე, და არ შეწყვეტს ელვას, როცა ისმის მისი ხმა. 5 გრგვინავს ღმერთი თავის საკვირველ ხმაზე, იქმს დიდ საქმეებს, რომელთა შეცნობაც ჩვენ არ ძალგვიძს. 6 რადგან თოვლს ეუბნება: ‘დაეფინე მიწას!’ და წვიმის თქეშს მბრძანებლობს, და ძლიერ თავსხმას. 7 იგი ბეჭდავს ყოველი ადამიანის ხელს, რათა იცოდეს ყველა კაცმა მისი ნამოქმედარი. 8 მხეცი საფარველში მიდის და თავის ბუნაგში ივანებს. 9 სამხრეთიდან გამოდის გრიგალი და ჩრდილოეთიდან – ყინვა. 10 ღვთის სუნთქვა იძლევა ყინულს, და წყალთა სივრცე იყინება. 11 იგი სინოტივით ავსებს ქუფრ ღრუბელს, ღრუბელი ფანტავს მის ელვას. 12 ისინი იცვლიან მიმართულებას, ბრუნავენ მისი განგებით, რათა აღასრულონ ყოველი, რასაც უბრძანებს მთელს ქვეყნიერებაზე. 13 ან დასასჯელად, ან თავისი ქვეყნისთვის, ან წყალობისთვის გამოაჩენს მას. 14 ყურად იღე ეს, იობ, დადექი და დააკვირდი ღვთის სასწაულებს. 15 თუ იცი, როგორ განაგებს მათ ღმერთი, და როგორ გამოაშუქებს ელვას თავისი ღრუბლიდან? 16 თუ იცი ქუფრ ღრუბელთა განფენილობის ამბავი, და სასწაულები ცოდნაში სრულისა? 17 რა ათბობს შენს სამოსელს, როცა ქვეყანა მყუდროვდება სამხრეთის ქარში? 18 თუ განართხავ ცას მასთან ერთად, მტკიცეს, ჩამოსხმულს სარკესავით? 19 გვასწავლე, რა ვუთხრათ მას? ვერაფერს ვაწყობთ სიბნელის გამო. 20 თუ მოხსენდა მას, რომ მე ვლაპარაკობ? თუ თქვა ვინმემ, რომ ‘ჩემი ნათქვამი ეუწყება მას?’ 21 ახლა ვერავინ ხედავს ნათელს ცათაშინა მოკაშკაშეს, როცა ქარი გადაივლის, გააკრიალებს მათ. 22 ჩრდილოეთიდან მოდის ოქროს ციალი. ღვთის ირგვლივ საშინელი ბრწყინვალებაა. 23 ყოვლადძლიერი! ვერ ვწვდებით მას. დიდია ის ძალით, თავისი მსჯავრით და დიდი სიმართლით. არავის ჩაგრავს. 24 ამიტომ ეშინიათ მისი ადამიანებს, არც ერთ გულბრძენს ზედ არ უყურებს”.
თავი ოცდამეთექვსმეტე                                                                                                          თავი ოცდამეთვრამეტე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close