HomeUncategorized

იერემია 1

ძველი აღთქმა
იერემია
11 სიტყვა იერემიასი, ხილკიაჰუს ძისა, რომელიც ყანათოთელ მღვდელთაგან იყო ბენიამინის ქვეყანაში, 2 რომელზეც იყო სიტყვა უფლისა იოშიას, ყამონის ძის, იუდას მეფის დღეებში, მისი მეფობის მეცამეტე წელს. 3 და იყო იეჰოიაკიმის, იოშიას ძის, იუდას მეფის დღეებში, ციდკიაჰუს, იუდას მეფის იოშიას ძის, მეთერთმეტე წლის ბოლომდე, იერუსალიმის განდევნამდე მეხუთე თვეს. 4 იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი: 5 „სანამ გამოგსახავდი მუცელში, მე გიცნობდი შენ; და სანამ გამოხვიდოდი საშოდან, მე განგწმიდე შენ, ხალხების წინასწარმეტყველად განგაწესე.” 6 ვთქვი: „უფალო, უფალო, მე არ ვიცი ლაპარაკი, რადგან ყმაწვილი ვარ.” 7 და მითხრა მე უფალმა: „ნუ იტყვი: ‘ყმაწვილი ვარ,’ რადგან ყველგან, სადაც კი მიგავლენ, წახვალ და ყოველივეს, რასაც გიბრძანებ, ილაპარაკებ. 8 ნუ შეგეშინდება მათი, რადგან შენთანა ვარ შენს გადასარჩენად!” – სიტყვა უფლისა. 9 და გამოიწვდინა უფალმა თავისი ხელი და შეეხო ჩემს ბაგეს და მითხრა მე უფალმა: „აჰა, მე ჩაგიდევი ჩემი სიტყვები ბაგეში. 10 ნახე, მე დაგაყენე შენ ამ დღეს ხალხებსა და სამეფოებზე, რათა აღმოფხვრა და შემუსრო, მოსპო და დაანგრიო, ააშენო და დარგო.” 11 და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი: „რას ხედავ შენ, იერემია?” და ვუთხარი მე: „ნუშის ხის კვერთხს ვხედავ მე.” 12 და მითხრა მე უფალმა: „კარგად ხედავ, რადგან მე ვაჩქარებ ჩემს სიტყვას შესასრულებლად.” 13 და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი მეორედ ასე: „რას ხედავ შენ?” და ვუთხარი: „მოთუხთუხე ქვაბს ვხედავ, ჩრდილოეთისაკენ მიმართულს.” 14 და მითხრა მე უფალმა: „ჩრდილოეთიდან დაიწყება უბედურება ქვეყნის ყველა მცხოვრებზე. 15 რადგან მე მოვუხმობ ჩრდილოეთის სამეფოების ყველა ტომს,” – სიტყვა უფლისა, – „და მოვლენ და დადგამს თითოეული თავის ტახტს იერუსალიმის კარიბჭეთა შესასვლელში, და მის ყველა გალავანზე ირგვლივ და იუდას ყველა ქალაქზე. 16 და წარმოვთქვამ მე ჩემს სამართალს მათზე მათი ყველა ბოროტმოქმედების გამო, რადგან დამტოვეს მე და სხვა ღმერთებს უკმევდნენ და თავიანთ ნახელავს სცემდნენ თაყვანს. 17 შენ კი შემოისარტყლე წელი და ადექ და უთხარი მათ ყოველივე, რასაც მე გიბრძანებ, ნუ დაფრთხები მათ წინაშე, რომ მეც არ დაგაფრთხო. 18 და მე გაქციე შენ დღეს გამაგრებულ ქალაქად და რკინის სვეტად და სპილენძის გალავნად მთელს ამ ქვეყანაზე – იუდას მეფეების, მისი მთავრების, მისი მღვდლების და მთელი ქვეყნის ხალხის წინააღმდეგ. 19 და შეგებრძოლებიან ისინი, მაგრამ ვერ დაგძლევენ, რადგან მე შენთანა ვარ შენს გადასარჩენად!” – სიტყვა უფლისა.
ესაია                                                                                                                                                            თავი მეორე

COMMENTS