ძველი აღთქმა
იერემია
441 სიტყვა, რომელიც იყო იერემიას მიმართ ეგვიპტის ქვეყანაში – მიგდოლსა და თახფანხესში, ნოფსა და ფათროსის ქვეყანაში დასახლებულ ყველა იეუდაელზე. 2 „ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა, ისრაელის ღმერთმა: ‘თქვენ იხილეთ ყველა ის უბედურება, რომელიც მე მოვაწიე იერუსალიმსა და იუდას ყველა ქალაქზე, და აოხრებულია დღეს ისინი და არავინ ცხოვრობს მათში, 3 მათი იმ ბოროტების გამო, რომელიც ჩაიდინეს ჩემს გასაჯავრებლად, რომ დადიოდნენ საკმევლად, სამსახურად უცხო ღმერთებისა, რომლებსაც არ იცნობდნენ არც ისინი, არც თქვენ და არც თქვენი მამები. 4 და მე კვლავ და კვლავ გიგზავნიდით ჩემს მსახურთ, წინასწარმეტყველთ, რომ ეთქვათ: ‘ნუ გააკეთებთ ამ საზიზღრობას, რომელიც მე მძულს!’ 5 მაგრამ მათ არ ისმინეს და არ დამიგდეს ყური, რომ მოქცეულიყვნენ თავიანთი ბოროტებიდან და არ ეკმიათ უცხო ღმერთებისათვის. 6 და დაიღვარა ჩემი გულისწყრომა და ჩემი რისხვა გაღვივდა იუდას ქალაქებსა და იერუსალიმის ქუჩებში, და ნაოხარად და უდაბნოდ იქცნენ ისინი ამ დღეს. 7 და ახლა ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა, ისრაელის ღმერთმა: ‘რატომ უკეთებთ დიდ ბოროტებას თქვენს სულებს, რომ მოისპოთ თქვენ – კაცი და ქალი, ბალღი და ძუძუმწოვარი იუდაელთა შორის, რათა აღარ დაიტოვოთ ნატამალი? 8 რატომ მაგულისებთ თქვენი ხელების ნაკეთობით, რათა უკმიოთ უცხო ღმერთებს ეგვიპტის ქვეყანაში, სადაც თქვენ მიდიხართ საცხოვრებლად, რათა მოისპოთ თქვენ და საწყევლად და შესარცხვენად იქცეთ ქვეყნის ყველა ხალხში? 9 განა დაგავიწყდათ თქვენი მამების ბოროტმოქმედებანი, იუდას მეფეთა ბოროტმოქმედებანი, მათი ცოლების ბოროტმოქმედებანი, თქვენი ბოროტმოქმედებანი და თქვენი ცოლების ბოროტმოქმედებანი, რომელნიც ჩაიდინეთ იუდას ქვეყანაში და იერუსალიმის ქუჩებში? 10 არ დამორჩილდნენ ისინი დღევანდლამდე და არ შეშინდნენ, და არ იარეს ჩემს რჯულზე და ჩემს კანონებზე, რომლებიც მე მოგეცით თქვენ და თქვენს მამებს. 11 ამიტომ ასე ამბობს უფალი ცაბაოთი, ისრაელის ღმერთი: ‘მე მოვაქცევ ჩემს პირს თქვენს წინააღმდეგ საუბედუროდ და მთელი იუდას მოსასპობად, 12 და ავიყვან იუდაელთა ნატამალს, რომელთაც მიაქციეს პირი, რომ ეგვიპტის ქვეყანაში წასულიყვნენ საცხოვრებლად, და განადგურდებიან ყველანი, ეგვიპტის ქვეყანაში დაეცემიან მახვილით, შიმშილით განადგურდებიან ყველანი პატარიდან დიდამდე, მახვილითა და შიმშილით დაიხოცებიან და საწყევლად და საშინელებად, საგინებლად და შესარცხვენად გახდებიან. 13 და დავსჯი ეგვიპტის ქვეყანაში დასახლებულთ, როგორც იერუსალიმი დავსაჯე: მახვილით, შიმშილითა და შავი ჭირით. 14 თავდაღწეული და გადარჩენილი არ ეყოლება იუდაელთა ნატამალს, რომელიც ეგვიპტის ქვეყანაში მიდის საცხოვრებლად, რომ შემდეგ დაბრუნდნენ იუდას ქვეყანაში, სადაც სულით ესწრაფვიან დაბრუნებას, რომ დასახლდნენ იქ. მაგრამ ვერ დაბრუნდებიან ისინი, გარდა იქიდან თავდაღწეულთა.’” 15 და კაცებმა, რომლებმაც იცოდნენ, რომ უცხო ღმერთებს უკმევდნენ მათი ცოლები, და შეჯგუფული ქალების დიდმა ბრბომ და ეგვიპტის ქვეყანაში, ფათროსში დასახლებულმა მთელმა ხალხმა ასე უპასუხა იერემიას: 16 „სიტყვას, რომელიც შენ გვითხარი უფლის სახელით, არ მოვისმენთ შენგან, 17 რადგან გავაკეთებთ იმას, რაც ჩვენი პირიდან გამოვიდა, რომ ვუკმიოთ ცის დედოფალს და ვუღვაროთ მას საღვრელი, როგორც ვაკეთებდით ჩვენ და ჩვენი მამები, ჩვენი მეფენი და ჩვენი მთავარნი იუდას ქალაქებში და იერუსალიმის ქუჩებში; და პურით ვძღებოდით და კარგად ვიყავით, და უბედურება არ გვინახავს. 18 მას შემდეგ კი, რაც შევწყვიტეთ ცის დედოფლის საპატივცემოდ გუნდრუკის კმევა და მისთვის საღვრელის ღვრა, მოგვაკლდა ყოველივე და მახვილითა და შიმშილით ვიღუპებით. 19 და როდესაც ვუკმევდით ჩვენ ცის დედოფალს და საღვრელს ვუღვრიდით მას, განა ჩვენი კაცების თანხმობის გარეშე ვუკეთებდით მას კვერებს მისი გამოსახულებით და ვუღვრიდით საღვრელებს?” 20 და უთხრა იერემიამ მთელ ერს –მამაკაცებსა და ქალებს და მთელ ერს, მის მოპასუხეთ: 21 „განა ეს კმევა, რომელსაც თქვენ ასრულებდით იუდას ქალაქებსა და იერუსალიმის ქუჩებში, თქვენ და თქვენი მამები და თქვენი მეფენი და თქვენი მთავრები და ქვეყნის ერი, არ გაიხსენა უფალმა და არ გაივლო გულში? 22 და ვეღარ შესძლო უფალმა თქვენი ბოროტი ნამოქმედარისა და თქვენი სისაძაგლეების მეტად მოთმენა, რომელსაც თქვენ სჩადიოდით, და თქვენი ქვეყანა ნაოხარად და საშინელებად და საწყევლად და უკაცრიელად იქცა, როგორც დღესაა. 23 იმის გამო, რომ უკმევდით და სცოდავდით თქვენ უფალს, და არ ისმინეთ უფლის ხმა, და მის რჯულზე და მის კანონებზე და მის მოწმობებზე არ იარეთ, ამის გამო გეწიათ თქვენ ეს უბედურება.” 24 და უთხრა იერემიამ მთელ ერს და ყველა ქალს: „ისმინეთ უფლის სიტყვა, ყველა იუდაელო, ვინც კი ეგვიპტის ქვეყანაში ხართ, 25 ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა, ისრაელის ღმერთმა: ‘თქვენ და თქვენი ცოლები რასაც პირით ლაპარაკობდით, იმას თქვენი ხელებით ასრულებდით, რომ ამბობდით: შევასრულებთ, რაც აღვუთქვით, რომ ვუკმიოთ ცის დედოფალს და საღვრელი ვუღვაროთ მას! აღასრულებთ თქვენ თქვენს აღთქმებს და გააკეთებთ თქვენს აღთქმებს.’ 26 ამიტომ ისმინეთ სიტყვა უფლისა, ყველა იუდაელო, დასახლებულო ეგვიპტის ქვეყანაში: ‘მე დავიფიცე ჩემი დიდებული სახელით,’ – სიტყვა უფლისა, – ‘თუ იქნება კიდევ ჩემი სახელი წარმოთქმული მთელს ეგვიპტის ქვეყანაში, იუდაელის პირით, რომელიც იტყვის: „როგორც ცოცხალია უფალი ღმერთი!” 27 მე ვიფხიზლებ მათზე საბოროტოდ და არა სასიკეთოდ, და ყოველი იუდაელი, რომელიც ეგვიპტის ქვეყანაშია, მახვილითა და შიმშილით ამოწყდება, სანამ მთლიანად არ მოისპობიან. 28 და მახვილს თავდაღწეულნი მცირერიცხოვანნი ეგვიპტის ქვეყნიდან იუდას ქვეყანაში დაბრუნდებიან. და გაიგებს ეგვიპტის ქვეყანაში საცხოვრებლად მისული ყველა დანარჩენი იუდაელი თუ ვისი სიტყვა ასრულდება – ჩემი თუ მათი. 29 აჰა, თქვენ ნიშანი,’ – სიტყვა უფლისა, – ‘რომ დაგსჯით თქვენ ამ ადგილზე, რომ იცოდეთ, რათა აღსრულებით აღსრულდება ჩემი სიტყვები თქვენზე საუბედუროდ.’ 30 და ამბობს უფალი: ‘მე გადავცემ ეგვიპტის მეფეს ფარაონ ხოფრას მის მტერთა და მისი სულის მაძიებელთა ხელთ, როგორც ციდკიაჰუ, იუდას მეფე, გადავეცი ბაბილონის მეფეს ნაბუქოდონოსორის, მისი სულის მაძიებელის ხელთ.’”