HomeUncategorized

იერემია 17

ძველი აღთქმა
იერემია
171 „იუდას ცოდვა რკინის კალმითაა დაწერილი, ალმასის წვეტითაა ამოჭრილი მათი გულის ფიცარზე და თქვენს სამსხვერპლოთა რქებზე. 2 როგორც ახსოვთ თავიანთი შვილები ასევე თავიანთი სამსხვერპლოები და თავიანთი აშერები ამწვანებულ ხეებთან მაღალ ბორცვებზე. 3 ჩემო მთავ მინდვრად, შენს დოვლათს და მთელ შენს საუნჯეს საძარცვავად მივცემ, შენს გორაკებს – ცოდვის წილ მთელ შენს საზღვრებში. 4 და შენს გამო ჩამოეცლები შენს სამკვიდრებელს, რომელიც მე მოგეცი, და დაგამონებ შენს მტრებს იმ ქვეყანაში, რომელსაც არ იცნობ. რადგან გააღვივეთ ჩემი რისხვის ცეცხლი, უკუნისამდე იგიზგიზებს.” 5 ამბობს უფალი: „წყეულია კაცი, რომელიც ადამიანზეა დანდობილი და ხორცისგან მოიცემს ძალას, უფალს კი შორდება მისი გული. 6 და იქნება შიშველივით ტრამალზე, ვერ იხილავს სიკეთის მოსვლას და იცხოვრებს გადაბუგულ უდაბნოში, მარილოვან ქვეყანაში, და ვერ დასახლდება. 7 კურთხეულია კაცი, რომელიც უფალზეა დანდობილი, უფალი იქნება მისი დასაყრდენი. 8 და იქნება, როგორც ხე დარგული წყალთან, და ნაკადულთან გაუშვებს თავის ფესვებს, და არ შეშინდება, როცა პაპანება დადგება, და იქნება მისი ფოთლები ამწვანებული, და გვალვიან წელიწადში არ შეწუხდება და არ შეწყვეტს ნაყოფის გამოღებას. 9 ყველაზე ცბიერია გული, გაუსწორებელია, ვინ შეიცნობს მას? 10 მე, უფალი, ვიკვლევ გულს და ვცდი თირკმელთ, რათა მივაგო თითოეულს მისი გზისამებრ, მის საქმეთა ნაყოფისამებრ.” 11 გუგულმა გამოჩეკა, თვითონ კი არ დაუდევს – ასეთია სიმდიდრის მომხვეჭელი, უსამართლოდ რომ იხვეჭს. თავისი დღეების შუაძალზე დაკარგავს მას, ბოლოს კი ბრიყვად დარჩება.” 12 დიდების ტახტი, პირველთაგან ამაღლებული, ადგილია ჩვენი საკურთხევლისა. 13 იმედო ისრაელისა, უფალო, ყველა შენი მიმტოვებელი შერცხვება და ჩემგან განდგომილნი მიწაში ჩაიწერებიან, რადგან მიატოვეს ცოცხალი წყლის წყარო – უფალი. 14 განმკურნე მე, უფალო და განვიკურნები, დამიხსენი და დახსნილი ვიქნები, რადგან შენა ხარ ჩემი საქებარი. 15 აჰა, ისინი მეუბნებიან მე: „სად არის უფლის სიტყვა, მოვიდეს!” 16 მე არ გავურბოდი მწყემსობას შენს კვალზე და უბედურების დღე არ მსურდა, შენ იცი. ჩემი ბაგეებიდან გამოსული შენს თვალწინ იყო. 17 ნუ გახდები ჩემი დამღუპველი, შენა ხარ ჩემი თავშესაფარი უბედურების დღეს. 18 დაე, შერცხვნენ ჩემი მდევარნი და მე ნუ შევრცხვები, დაე, გატყდნენ ისინი და მე ნუ გავტყდები, მოაწიე მათზე უბედურების დღე და ორმაგი დალეწვით დალეწე ისინი. 19 ასე მითხრა მე უფალმა: „წადი და დადექი ერის ძეთა კარიბჭეში, სადაც შემოდიან და საიდანაც გადიან იუდას მეფენი; და ასევე იერუსალიმის ყველა სხვა კარიბჭეში. 20 და უთხარი მათ: ‘ისმინეთ სიტყვა უფლისა, იუდას მეფენო, ყველა იუდაელო და იერუსალიმის მკვიდრნო, შემომსვლელნო ამ კარიბჭეებში. 21 ასე თქვა უფალმა: გაუფრთხილდით თქვენს სულებს და შაბათ დღეს ნუ იტვირთავთ ტვირთს, და ნუ შეიტანთ იერუსალიმის კარიბჭეებში. 22 თქვენი სახლებიდან ნუ გამოიტანთ ტვირთს შაბათ დღეს და ნურაფერ საქმეს ნუ გააკეთებთ. წმიდა ჰყავით შაბათი დღე, როგორც ვუბრძანე თქვენს მამებს. 23 მაგრამ მათ არ მისმინეს და არ დამიგდეს ყური, და გაიფიცხეს ქედები, რათა არ მოესმინათ და არ მიეღოთ დარიგება. 24 მაგრამ თუ ყურადღებით მომისმენთ მე,’ – სიტყვა უფლისა, – ‘შაბათ დღეს არ შეიტანთ ტვირთს ამ ქალაქის კარიბჭეებში და წმიდაჰყოფთ შაბათ დღეს, არაფერ საქმეს არ გააკეთებთ ამ დღეს. 25 მაშინ შემოვლენ ქალაქის კარიბჭეებში მეფენი და მთავარნი, იუდას კაცნი და იერუსალიმის მცხოვრებნი, და დასახლდება ეს ქალაქი საუკუნოდ. 26 და მოვლენ იუდას ქალაქებიდან და იერუსალიმის შემოგარენიდან, და ბენიამინის ქვეყნიდან და დაბლობიდან, და მთიდან და სამხრეთიდან, მოიტანენ სრულადდასაწველსა და მსხვერპლს და ძღვენს და გუნდრუკს, და მოიტანენ მადლობის მსხვერპლს უფლის სახლში. 27 და თუ არ მომისმენთ მე, რომ წმიდაჰყოთ შაბათი დღე და არ იტვირთოთ ტვირთი შაბათ დღეს იერუსალიმის კარიბჭეებში შესვლისას, მაშინ ცეცხლს დავანთებ მის კარიბჭეებში, რომელიც შეჭამს იერუსალიმის სასახლეებს და არ ჩაქრება.”
თავი მეთექვსმეტე                                                                                                                      თავი მეთვრემეტე

COMMENTS