HomeUncategorized

იერემია 26

ძველი აღთქმა
იერემია 
261 იეჰოიაკიმის, იოშიას ძის, იუდას მეფის, მეფობის დასაწყისში იყო უფლის სიტყვა. 2 ასე თქვა უფალმა: „დადექი უფლის სახლის ეზოში და უთხარი იუდას ყველა ქალაქის მცხოვრებთ, მომსვლელთ უფლის სახლში თაყვანის საცემად, ყოველი ეს სიტყვა, რომელიც მე გიბრძანე, რომ გეთქვა მათთვის. არც ერთი სიტყვა არ დააკლო. 3 იქნებ ისმინონ და მოიქცეს თითოეული თავისი ბოროტი გზიდან, მაშინ მე ვინანებ იმ უბედურებებს, რომელნიც განვიზრახე მათზე მოსაწევად მათი ბოროტი ნამოქმედარის გამო. 4 უთხარი მათ: ასე თქვა უფალმა: ‘თუ არ მომისმენთ მე და არ ივლით ჩემი რჯულის მიხედვით, რომელიც მე მოგეცით თქვენ, 5 არ შეისმენთ სიტყვებს ჩემ მსახურთა, წინასწარმეტყველთა, რომელთაც მე ვგზავნიდი და ვგზავნიდი თქვენთან, თქვენ კი არ უსმენდით, 6 ამიტომ მე გავხდი ამ სახლს შილოსავით და ქვეყნის ყველა ხალხის საწყევლად გავხდი ამ ქალაქს!” 7 და უსმენდნენ მღვდელნი და წინასწარმეტყველნი, და მთელი ერი იერემიას, თუ როგორ ლაპარაკობდა ამ სიტყვებს უფლის ტაძარში. 8 და როდესაც დაასრულა იერემიამ ყოველივეს ლაპარაკი, რაც უფალმა უბრძანა ეთქვა მთელი ერისათვის, მაშინ დაიჭირეს ის მღვდლებმა და წინასწარმეტყველებმა და მთელმა ერმა, და უთხრეს: „უნდა მოკვდე! 9 რატომ იწინასწარმეტყველე უფლის სახელით ასე: ‘შილოსავით იქნება ეს სახლი, ხოლო ეს ქალაქი დაცარიელდება, დარჩება უმოსახლოდ?’” და მთელმა ერმა თავი მოიყარა იერემიასთან უფლის სახლში. 10 და მოისმინეს იუდას მთავრებმა ეს სიტყვები და მეფის სასახლიდან უფლის სახლში ავიდნენ, და დასხდნენ უფლის სახლის ახალი კარიბჭის შესასვლელში. 11 და უთხრეს მღვდლებმა და წინასწარმეტყველებმა მთავრებს და მთელ ერს: „სასიკვდილო განაჩენი ამ კაცს, რადგან ამ ქალაქზე იწინასწარმეტყველა, როგორც თქვენი ყურებით მოისმინეთ!” 12 და უთხრა იერემიამ ყველა მთავარს და მთელ ერს: „უფალმა გამომგზავნა, რომ მეწინასწარმეტყველა ამ სახლზე და ამ ქალაქზე ყველა ის სიტყვა, რომელიც თქვენ მოისმინეთ. 13 და ახლა გამოასწორეთ თქვენი გზები და თქვენი ნამოქმედარი, და უსმინეთ უფლის, თქვენი ღმერთის ხმას, მაშინ გადაიფიქრებს უფალი იმ უბედურებას, რაც თქვენზე წარმოთქვა. 14 მე კი, აჰა, თქვენს ხელთა ვარ და მომექეცით ისე, როგორც კეთილად და სწორად მიგაჩნიათ თქვენს თვალში. 15 მაგრამ ცოდნით იცოდეთ, რომ, თუ მომკლავთ, მაშინ უდანაშაულო სისხლს დაიდებთ თქვენზე და ამ ქალაქზე, და მის მცხოვრებლებზე, რადგან ნამდვილად უფალმა გამომგზავნა თქვენთან, რომ მეთქვა ყველა ეს სიტყვა თქვენს გასაგონად.” 16 მაშინ უთხრეს მთავრებმა და მთელმა ერმა მღვდლებსა და წინასწარმეტყველთ: „ეს კაცი არ იმსახურებს სასიკვდილო განაჩენს, რადგან უფლის, ჩვენი ღმერთის, სახელით გველაპარაკებოდა ჩვენ.” 17 და წამოდგნენ კაცნი ქვეყნის უხუცესთაგან და უთხრეს მთელი ერის კრებულს: 18 „მიქა მორეშეთელი წინასწარმეტყველებდა ხიზკიაჰუს, იუდას მეფის დღეებში და ასე უთხრა მთელს იუდას ერს: ‘ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა: სიონი მინდორივით გადაიხვნება, და იერუსალიმი ქვის გროვად იქცევა, ტაძრის მთა კი – ტყიან სერებად.’ 19 მაგრამ განა ხიზკიაჰუმ, იუდას მეფემ და მთელმა იუდას ერმა მოკლეს იგი? განა არ შეეშინდა მას უფლისა და შესთხოვა უფლის პირს, და გადაიფიქრა უფალმა ის უბედურება, რომელიც წარმოთქვა მათზე? ჩვენ კი თვითონ მოვაწევთ დიდ უბედურებას ჩვენს სულებზე!” 20 და სხვა კაციც წინასწარმეტყველებდა უფლის სახელით – ურია, შემაყიას ძე კირიათ-იეყარიმიდან, და წინასწარმეტყველებდა იმ ქალაქზე და იმ ქვეყანაზე ყველა იმ სიტყვებით, რომლებითაც იერემია წინასწარმეტყველებდა. 21 და ისმინა მისი სიტყვები მეფე იეჰოიაკიმმა და ყველა მისმა მხედართმთავარმა, და ყველა მთავარმა, და მოითხოვა მეფემ მისი მოკვლა. და გაიგო ეს ურიამ, და შეეშინდა, და გაიქცა და მივიდა ეგვიპტეში. 22 და გაგზავნა მეფე იეჰოიაკიმმა ეგვიპტეში თავისი კაცები: ელნათან ყაქბორის ძე და მასთან სხვა კაცებიც. 23 და მათ გამოიყვანეს ურია ეგვიპტიდან და მიუყვანეს მეფე იეჰოიაკიმს, და მან დასცა ის მახვილით, მისი გვამი კი დააგდო მდაბიოთა სასაფლაოზე.” 24 მაგრამ ახიკამ შაფანის ძის ხელი იყო იერემიასთან, რომ არ გადაეცათ იგი ერის ხალხის ხელთ მოსაკლავად.
თავი ოცდამეხუთე                                                                                                                      თავი ოცდამეშვიდე

COMMENTS