იერემია 36

ივლისი 18, 2015
ძველი აღთქმა
იერემია 
361 და იყო სიტყვა უფლისა იერემიას მიმართ იეჰოიაკიმ იოშიას ძის, იუდას მეფის მეფობის მეოთხე წელს: 2 „აიღე გრაგნილის წიგნი და დაწერე მასზე ყველა ის სიტყვა, რომელიც მე გითხარი შენ ისრაელზე და იუდაზე, ყველა ხალხზე იმ დღიდან, რაც დაგელაპარაკე, იოშიას დღეებიდან დღემდე. 3 იქნებ ისმინოს იუდას სახლმა ყველა იმ უბედურებაზე, რომელიც მე განვიზრახე, რომ დავათიო მათ, რათა მობრუნდეს თითოეული თავისი ბოროტი გზიდან, და მე ვაპატიებ მათ ურჯულოებასა და მათ ცოდვას.” 4 და მოუხმო იერემიამ ბარუქ ნერიას ძეს და ჩაწერა ბარუქმა გრაგნილის წიგნში იერემიას პირით ნათქვამი უფლის ყველა სიტყვა, რომელიც მან უთხრა. 5 და უბრძანა იერემიამ ბარუქს ასე: „მე დაპატიმრებული ვარ, არ შემიძლია უფლის სახლში მისვლა, 6 წადი და უფლის სახლში მარხვის დღეს ხალხის გასაგონად წაიკითხე უფლის სიტყვები გრაგნილიდან, რომელიც შენ დაწერე ჩემი კარნახით, და თავიანთი ქალაქებიდან მოსული ყოველი იუდაელის გასაგონადაც წაიკითხე ისინი. 7 იქნებ მიაღწიოს უფლის წინაშე მათმა ვედრებამ და მოიქცნენ ისინი, თითოეული თავისი ბოროტი გზიდან, რადგან დიდია რისხვა და გულისწყრომა, უფალმა რომ წარმოთქვა ამ ხალხზე.” 8 და ბარუქმა, ნერიას ძემ, გააკეთა ყოველივე ისე, როგორც უბრძანა იერემია წინასწარმეტყველმა, წაეკითხა წიგნიდან უფლის სიტყვები უფლის სახლში. 9 და იყო, იეჰოიაკიმ იოშიას ძის, იუდას მეფის მეფობის მეხუთე წელს, მეცხრე თვეს, მარხვა გამოაცხადეს უფლის წინაშე იერუსალიმისა და იუდას ქალაქებიდან იერუსალიმში მოსულმა მთელმა ერმა. 10 და ხმამაღლა წაიკითხა ბარუქმა წიგნიდან იერემიას სიტყვები უფლის სახლში, გემარია შაფანის ძის, მწერლის ოთახში, ზემო ეზოში, უფლის სახლის ახალი კარიბჭის შესასვლელში მთელი ხალხის გასაგონად. 11 და მოისმინა წიგნიდან მიქაიამ, ძემ გემარიასი, ძისა შაფანისა, უფლის ყოველი სიტყვა, 12 და ჩავიდა მეფის სახლში, მწერლის ოთახში, და ისხდნენ იქ: ელიშამა მწერალი და დელაია შემაიას ძე, ელნათან ახბორის ძე, და გემარია შაფანის ძე, ციდკიაჰუ ხანანიას ძე, და ყველა მთავარი. 13 და გადასცა მიქაიამ მათ ყველა ის სიტყვა, რომელიც მოისმინა, როდესაც ბარუქი წიგნს კითხულობდა ხალხის გასაგონად. 14 და გაგზავნეს მთავრებმა ბარუქთან იეჰუდი ძე ქუშისა, ძისა შელემიასი, ძისა ნეთანიასი, სათქმელად: „გრაგნილი, რომელიც შენ წაიკითხე ხალხის გასაგონად, აიღე ხელში და წამოდი!” და აიღო ბარუქ ნერიას ძემ გრაგნილი ხელში და მივიდა მათთან. 15 და უთხრეს მას: „დაჯექ და წაიკითხე ჩვენს გასაგონად.” და წაიკითხა ბარუქმა მათ გასაგონად. 16 და როდესაც მოისმინეს მათ ყველა ეს სიტყვა, შიშით გადახედეს ერთმანეთს და უთხრეს ბარუქს: „გადავცემთ მეფეს ყველა ამ სიტყვას.” 17 და ჰკითხეს ბარუქს: „გვაუწყე, როგორ დაწერე ყველა ეს სიტყვა?” 18 და უთხრა მათ ბარუქმა: „თავისი პირით წარმომითქვამდა ამ სიტყვას, მე კი მელნით ვწერდი წიგნში.” 19 და უთხრეს მთავრებმა ბარუქს: „წადი, დაიმალეთ შენ და იერემია და ნურავის ეცოდინება, სად იმყოფებით.” 20 და მივიდნენ მეფესთან ეზოში, გრაგნილი კი შესანახად დატოვეს ელიშამა მწერლის ოთახში, და თქვეს მეფის გასაგონად ყველა ეს სიტყვა. 21 და გაგზავნა მეფემ იეჰუდი გრაგნილის წამოსაღებად და წამოიღო მან ელიშამა მწერლის ოთახიდან; და წაიკითხა იეჰუდიმ მეფის გასაგონად და მეფესთან მდგომი ყველა მთავრის გასაგონად. 22 და იჯდა მეფე საზამთრო სახლში მეცხრე თვეს, და ცეცხლი ენთო მის წინ. 23 და როდესაც იეჰუდი წაიკითხავდა სამ ან ოთხ სვეტს, მეფე ჭრიდა მას გრაგნილიდან მწერლის საჭრელი დანით და აგდებდა ცეცხლში, რომელიც ბუხარში იყო, სანამ მთელი გრაგნილი არ დაიწვა ბუხრის ცეცხლში. 24 და არ შეშინდნენ და არ შემოიგლიჯეს თავიანთი ტანსაცმელი არც მეფემ და არც ერთმა მისმა მსახურმა, რომლებიც ისმენდნენ ყველა ამ სიტყვას. 25 და ელნათანიც, დელიაც და გემარიაც ემუდარებოდნენ მეფეს, რომ არ დაეწვა გრაგნილი, მაგრამ არ უსმინა მათ. 26 და უბრძანა მეფემ იერახმეელს, მეფის ძეს, სერაია ყაზრიელის ძეს, და შელემია ყაბდიელის ძეს –დაეჭირათ მწერალი ბარუქი და წინასწარმეტყველი იერემია, მაგრამ უფალმა დამალა ისინი. 27 და იყო სიტყვა უფლისა იერემიას მიმართ მას შემდეგ, რაც დაწვა მეფემ გრაგნილი და ის სიტყვები, რომელიც ბარუქმა დაწერა იერემიას კარნახით: 28 „ისევ აიღე სხვა გრაგნილი და დაწერე მასზე ყველა წინანდელი სიტყვა, რომელიც პირველ გრაგნილში იყო, და რომელიც იეჰოიაკიმმა, იუდას მეფემ, დაწვა. 29 და თქვი იეჰოიაკიმზე, იუდას მეფეზე: ასე თქვა უფალმა: ‘შენ დაწვი ეს გრაგნილი და თქვი: რატომ დაწერე მასზე ასე: მოვა ბაბილონის მეფე და ააოხრებს ამ ქვეყანას და მოსპობს მისგან ადამიანსა და საქონელს?’ 30 ამიტომ თქვა უფალმა იეჰოიაკიმზე, იუდას მეფეზე: ‘არ ეყოლება მას დავითის ტახტზე მჯდომი, მისი გვამი კი ეგდება დღისით პაპანაქებაში და ღამით ყინვაში. 31 მე კი დავსჯი მას და მის თესლს და მის მსახურთ მათი ურჯულოების გამო, და მოვაწევ მათზე, იერუსალიმისა და იუდას მცხოვრებლებზე ყველა იმ ბოროტებას, რაზეც ველაპარაკებოდი მათ და არ ისმინეს.’” 32 და აიღო იერემიამ სხვა გრაგნილი და მისცა ბარუქ ნერიას ძეს, მწერალს, და მან დაწერა მასზე იერემიას პირით ნათქვამი ყველა სიტყვა იმ წიგნისა, რომელიც იეჰოიაკიმმა, იუდას მეფემ დაწვა ცეცხლში. და დაემატა მათ მრავალი მათი მსგავსი სიტყვა.
თავი ოცდამეთხუთმეტე                                                                                                 თავი ოცდამეჩვიდმეტე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close