HomeUncategorized

იერემია 39

ძველი აღთქმა
იერემია 
391 ციდკიაჰუს, იუდას მეფის მეფობის მეცხრე წლის მეათე თვეს მოვიდა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი და მთელი მისი ლაშქარი იერუსალიმთან და ალყა შემოარტყა მას. 2 ციდკიაჰუს მეფობის მეთერთმეტე წელს, მეოთხე თვის მეცხრე დღეს, განგრეული იქნა ქალაქის კედელი. 3 და მოვიდა ბაბილონის მეფის ყველა მთავარი და დასხდნენ საშუალო კარიბჭეში: ნერგალ-სარეცერი, სამგარ ნებუ-სარსექიმი, საჭურისთა უფროსი, ნერგალ-სარეცერი, გრძნეულთა უფროსი და ბაბილონის მეფის ყველა დანარჩენი მთავარი. 4 და როდესაც ციდკიაჰუმ, იუდას მეფემ, და ყველა მებრძოლმა დაინახეს ისინი, გაიქცნენ და ღამით გავიდნენ ქალაქიდან ორ გალავანს შორის მდებარე კარიბჭის გზით, რომელიც მეფის ბაღთანაა. და გავიდა იგი ყარაბას გზით. 5 და უკან დაედევნა მათ ქალდეველთა ლაშქარი და დაეწიენ ციდკიაჰუს იერიხოს ტრამალზე, და აიყვანეს იგი და მიიყვანეს ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორთან რიბლაში, ხამათის ქვეყანაში, და გამოუტანეს განაჩენი. 6 დახოცა ბაბილონის მეფემ რიბლაში ციდკიაჰუს ძენი მის თვალწინ; და ასევე იუდას ყველა წარჩინებული მოაკვლევინა ბაბილონის მეფემ. 7 ციდკიაჰუს კი დასთხარა თვალები და გაუყარა ბორკილები, რომ წაეყვანათ იგი ბაბილონში. 8 მეფის სახლი და ხალხის სახლები ცეცხლში დაწვეს ქალდეველებმა, იერუსალიმის კედლები კი დაანგრიეს. 9 დანარჩენი ხალხი, ვინც ქალაქში დარჩა, და ისინი, ვინც მის მხარეზე გადავიდნენ, და დანარჩენი ხალხი, ვინც დარჩა, ბაბილონში გადაასახლა ნებუზარადანმა, მცველთა უფროსმა. 10 ღარიბი ხალხი, რომელთაც არაფერი გააჩნდათ, დატოვა ნებუზარადანმა, მცველთა უფროსმა, იუდას ქვეყანაში და მისცა მათ იმ დღეს ვენახები და ყანები. 11 იერემიაზე კი ასე უბრძანა ბაბილონის მეფემ ნაბუქოდონოსორმა ნებუზარადანს, მცველთა უფროსს: 12 „აიყვანე იგი და თვალყური ადევნე მას და ცუდს ნურაფერს დაუშავებ, არამედ, როგორც გეტყვის, ისე მოექეცი მას. 13 და გაგზავნა ნებუზარადანმა, მცველთა უფროსმა, და ნებუშაზბანმა, საჭურისთა უფროსმა და ნერგალ-სარეცერმა, მოგვთა უფროსმა და ბაბილონის მეფის ყველა მთავარმა.” 14 და გაგზავნეს და წამოიყვანეს იერემია საყარაულო ეზოდან და გადასცეს გედელიას, ძეს ახიკამისა, ძისა შაფანისა, რომ წაეყვანა იგი სახლში; და დარჩა იგი ხალხში. 15 და სიტყვა, რომელიც იყო იერემიას მიმართ უფლისაგან საყარაულო ეზოში მისი პატიმრობისას: 16 „წადი და ასე უთხარი ქუშელ ყებედ-მელექს: ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა, ისრაელის ღმერთმა: ‘მოვაწევ ამ ქალაქზე ჩემს სიტყვებს საუბედუროდ და არა სასიკეთოდ, და ახდება შენს წინაშე იმ დღეს. 17 და გადაგარჩენ შენ იმ დღეს!’ – სიტყვა უფლისა, – ‘და არ გადაეცემი იმ კაცთა ხელთ, რომლებისაც გეშინია. 18 რადგან თავს დაგაღწევინებ შენ და მახვილით არ დაეცემი, და ნადავლად გექნება შენი სული, რადგან ჩემზე იყავი დაიმედებული!’” – სიტყვა უფლისა.
თავი ოცდამეთვრამეტე                                                                                                                 თავი მეორმოცე

COMMENTS