HomeUncategorized

იერემია 46

ძველი აღთქმა
იერემია
411 სიტყვა უფლისა, რომელიც იყო წინასწარმეტყველ იერემიას მიმართ ხალხებზე. 2 ეგვიპტის მეფის ფარაონ ნექოს ლაშქარზე, რომელიც მდინარე ევფრატზე ქარქემიშში დაამარცხა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა იეჰოიაკიმ იოშიას ძის, იუდას მეფის, მეფობის მეოთხე წელს. 3 „მოამზადეთ ფარი და აბჯარი და წადით ომში. 4 შეკაზმეთ ცხენები და ამხედრდით, მხედრებო, და გამოეწყვეთ მუზარადებში, გალესეთ შუბები და ჩაიცვით ჯავშანი. 5 რას ვხედავ მე? ისინი დაფრთხნენ, უკან იხევენ? მათი მამაცნი კი შეიმუსრნენ და გარბიან უკანმოუხედავად. საშინელებაა ირგვლივ!” – სიტყვა უფლისა. – 6 „ვერც ფეხმარდი გაიქცევა, ვერც მამაცი დააღწევს თავს, ჩრდილოეთით, მდინარე ევფრატთან, წაბორძიკდნენ და დაეცნენ ისინი. 7 ვინაა ეს ნილოსივით რომ იწევს, ნიაღვრებივით ახმაურებს თავის წყლებს? 8 ეგვიპტე ნილოსივით იწევს და ნიაღვრებივით ხმაურობენ მისი წყლები. და ამბობს ის: ‘მე წამოვიწევ და დავფარავ ქვეყანას, დავღუპავ ქალაქსა და მასში მცხოვრებთ. 9 ამხედრდით ცხენებზე და, თქვენ ეტლებო, გაშმაგებით იქროლეთ და გამოდით, მამაცნო – ქუშელნო და ფუთელნო, ფარის დამჭერნო, ლუდელნო, მშვილდის დამჭერნო და მომზიდველნო. 10 ის დღე, უფალი ღმერთის, ცაბაოთის შურისგების დღეა, რათა შური იძიოს თავის შეჭირვებულებზე, და მახვილი შეჭამს და გაძღება და გამოთვრება მათი სისხლით, რადგან მსხვერპლშეწირვა ექნება უფალს, ღმერთს ცაბაოთს ჩრდილო ქვეყანაში მდინარე ევფრატთან. 11 ადი გილყადზე და აიღე მალამო, ქალწულო, ეგვიპტის ასულო, ამაოდ ხმარობ წამლებს, კურნება არა გაქვს შენ. 12 ისმინეს ხალხებმა შენი შერცხვენა და შენმა კივილმა აავსო ქვეყანა, რადგან მამაცი მამაცს შეეჯახა და ორივენი ერთად დაეცნენ.” 13 სიტყვა, რომელიც უფალმა უთხრა იერემია წინასწარმეტყველს ეგვიპტის ქვეყნის დასამხობად ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორის მოსვლაზე: 14 „აუწყეთ ეგვიპტეში და ასმინეთ მიგდოლში, ასმენინეთ ნოფში და თახფანხესში და თქვით: ‘წამოდექი და მოემზადე, რადგან მახვილი შეჭამს შენს ირგვლივ ყველაფერს.’ 15 რატომ წაილეკა შენი მამაცი? ვერ გაუძლო, რადგან უფალმა უკუაქცია. 16 მომრავლდნენ უძლურნი, ერთმანეთზე ეცემოდნენ და ამბობდნენ: ‘ადექით და დავუბრუნდეთ ჩვენს ერს და ჩვენს სამშობლო ქვეყანას დამღუპველი მახვილისაგან. 17 გაჰყვიროდნენ იქ: ‘ფარაონი, ეგვიპტის მეფე!’ მაგრამ ამაო ხმაურია, გადააცილა დათქმულ დროს. 18 როგორც ცოცხალი ვარ მე,” ამბობს მეფე, უფალი ცაბაოთია სახელი მისი, „რადგან როგორც თაბორი დგას მთებს შორის და როგორც ქარმელია ზღვასთან, ისე მოვა იგი. 19 გადასახლების ჭურჭელი დაიმზადე, ეგვიპტეში მცხოვრებო ასულო, რადგან ნოფი აოხრდება და გაჩანაგდება, დარჩება მცხოვრების გარეშე. 20 უმშვენიერესი დეკეულია ეგვიპტე, მაგრამ ჩრდილოეთიდან მოდის კრაზანა, მოდის. 21 მისი დაქირავებულნიც მის შიგნით ნასუქალ ხბორებივით არიან, მაგრამ ისინიც უკუიქცნენ, ერთად გარბიან, ვერ დადგნენ, რადგან მათი დაღუპვის დღე მოვიდა მათზე, მათი დასჯის ჟამი. 22 მისი ხმა გველის სისინის მსგავსი იქნება, რადგან ლაშქრით დადიან და ცულებით მოვიდნენ მასზე, ხის მჭრელებივით. 23 აჩეხეთ მისი ტყე,” – სიტყვა უფლისა, – „თუმცა აურაცხელია, რადგან კალიაზე მეტად გამრავლდნენ და სათვალავი არა აქვთ. 24 შერცხვენილია ეგვიპტის ასული, ჩრდილოეთის ხალხს გადაეცა ხელში.” 25 და თქვა უფალმა ცაბაოთმა, ისრაელის ღმერთმა: „აჰა, მე დავსჯი ამონს თებეში და ფარაონს და ეგვიპტეს და მის ღმერთებს და მის მეფეებს, ფარაონს და მასზე დანდობილებს! 26 და გადავცემ მათ მათი სულის მაძიებელთა ხელთ, და ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორის ხელთ, და მის მსახურთა ხელთ და ამის შემდეგ დასახლდება ის, როგორც პირვანდელ დღეებში.” – სიტყვა უფლისა. – 27 „შენ კი ნუ გეშინია, ჩემო მსახურო იაკობ, და ნუ დაფრთხები, ისრაელ, რადგან მე გიხსნი შენ შორიდან და შენ თესლს მისი ტყვეობის ქვეყნიდან. და დაბრუნდება იაკობი და იცხოვრებს წყნარად და მშვიდად, და არ ეყოლება შემშინებელი. 28 ნუ გეშინია, ჩემო მსახურო იაკობ,” – სიტყვა უფლისა, – „რადგან მე შენთანა ვარ. მე მოვსპობ ყველა ხალხს, რომლებთანაც გაგაძევე, შენ კი არ მოგსპობ, მხოლოდ მოგარჯულებ სამართლისამებრ, მაგრამ დაუსჯელს არ დაგტოვებ.”
თავი ორმოცდამეხუთე                                                                                                         თავი ორმოცდამეშვიდე

COMMENTS