HomeUncategorized

იერემია 13

ძველი აღთქმა
იერემია
131 ასე მითხრა უფალმა: „წადი იყიდე სელის სარტყელი, შემოირტყი წელზე და წყალში არ ჩადო.” 2 ვიყიდე სარტყელი უფლის სიტყვისამებრ და შემოვირტყი წელზე. 3 და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი მეორედ: 4 „აიღე ეს სარტყელი, რომელიც იყიდე და წელზე გაქვს შემორტყმული; ადექი და წადი ევფრატში და დამალე იქ, კლდის ნაპრალში.” 5 და წავედი და დავმალე ევფრატში, როგორც მიბრძანა მე უფალმა. 6 მრავალი დღის შემდეგ მითხრა მე უფალმა: „ადექი, წადი ევფრატში და აიღე იქიდან ის სარტყელი, რომლის იქ დამალვაც გიბრძანე.” 7 და წავედი მე ევფრატში და ამოვთხარე და ავიღე ის სარტყელი იმ ადგილიდან, სადაც დავმალე იგი და აჰა, დამპალიყო სარტყელი, არაფრისათვის აღარ გამოდგებოდა. 8 და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი. 9 ეს არის, რაც თქვა უფალმა: „ასე დავალპობ იუდას სიამაყესა და იერუსალიმის დიდ სიამაყეს. 10 ეს ბოროტი ერი, რომელსაც არ უნდა ჩემი სიტყვის მოსმენა, დადის თავის გულის შეუპოვრობით და მიჰყვება სხვა ღმერთებს, რათა ემსახუროს მათ და თაყვანი სცეს, იქნება, როგორც ეს სარტყელი, რომელიც არაფრისათვის აღარ გამოდგება. 11 რადგან როგორც სარტყელი ეკრობა კაცის წელს, ისე მინდოდა მომკროდა მე მთელი ისრაელის სახლი და მთელი იუდას სახლი,” – სიტყვა უფლისა, – „რათა ყოფილიყვნენ ისინი ჩემს ერად, სახელად, საქებრად და მშვენებად. მაგრამ არ ისმინეს მათ. 12 და უთხარი მათ, რომ ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: ‘ყველა ტიკჭორა ღვინით ივსება და გეტყვიან შენ: განა არ ვიცით, რომ ყველა ტიკჭორა ღვინით ივსება?’ 13 უთხარი მათ, რომ ასე ამბობს უფალი: ‘აჰა, მე ავავსებ ამ ქვეყნის ყველა მცხოვრებს და მეფეებს, მსხდომთ დავითის ტახტზე, და ყველა მღვდელს და წინასწარმეტყველს და იერუსალიმის ყველა მცხოვრებს სიმთვრალით. 14 და მივლეწავ მათ ერთი-მეორეზე, მამებს და შვილებს ერთად,” – სიტყვა უფლისა. – „არ შევიბრალებ და არ დავინდობ, და არ ვინანებ მათ გაწყვეტას!” 15 მოისმინეთ და გაიგონეთ: ნუ ამაღლდებით, რადგან უფალი ლაპარაკობს. 16 მიაგეთ თქვენს უფალ ღმერთს პატივი, სანამ დაბნელდებოდეს და სანამ წაბორძიკდებოდეს თქვენი ფეხები წყვდიადის მთაზე. და დაელოდებით სინათლეს და ის გახდის მას სიკვდილის აჩრდილად და სიბნელედ აქცევს. 17 და თუ არ მოისმენთ, მალულად იტირებს ჩემი სული თქვენი სიამაყის გამო, და აცრემლდება და ცრემლს წამოადენენ ჩემი თვალები, რადგან ტყვედ წაისხა უფლის სამწყსო. 18 უთხარი მეფეს და დედოფალს: „ტახტიდან გადმოდით, რადგან თავიდან მოგეხადათ გვირგვინი თქვენი დიდებისა.” 19 სამხრეთის ქალაქები დაიკეტა და არავინაა გამღები: განიდევნა იუდა, მთლიანად, სრულად განიდევნა. 20 მიაპყარით თქვენი თვალი და დაინახეთ ჩრდილოეთიდან მომავალნი – სადაა სამწყსო, რომელიც შენ მოგეცა, შენი ლამაზი ცხვარი? 21 რას იტყვი, როდესაც მოგიხილავს იგი? განა შენ არ ასწავლე მათ შენზე მთავრობა? განა ტკივილები არ შეგიპყრობენ შენ, როგორც მშობიარე ქალს? 22 და თუ იტყვი შენს გულში: „რატომ დამემართა ეს?” შენი მრავალი ურჯულოების გამო ახდილია შენი კალთები, შებილწულია შენი ქუსლები. 23 განა შეიცვლის ქუშელი თავის კანს და ვეფხვი თავის ლაქებს? მაშინ თქვენც შეძლებთ სიკეთის ქმნას ბოროტებას მიჩვეულნი. 24 და მიმოვფანტავ მათ, როგორც უდაბნოს ქარით მიმობნეულ თივას. 25 ეს არის შენი ხვედრი, ჩემგან გამოზომილი შენი წილი,” – სიტყვა უფლისა, – „რადგან დამივიწყე მე და ტყუილზე იყავი მინდობილი. 26 და მეც ავხადე შენი კალთები შენს პირისახემდე და გამოჩნდა შენი სიშიშვლე, 27 შენი მრუშობა და შენი ჭიხვინი, უხამსობა შენი სიძვისა, ბორცვებზე მინდორში მე ვიხილე შენი საზიზღრობა. ვაი შენ, იერუსალიმო! არ განიწმიდები? მერე როდისღა?”
თავი მეთორმეტე                                                                                                                         თავი მეთოთხმეტე

COMMENTS