HomeUncategorized

იერემია 51

ძველი აღთქმა
იერემია
501 და თქვა უფალმა: „მე აღვძრავ ბაბილონში და ქალდეაში მცხოვრებლებზე დამღუპველ ქარს. 2 გავგზავნი ბაბილონში გამნიავებელს და გაანიავებენ მას, და გაატიალებენ მის ქვეყანას, რადგან ყოველი მხრიდან დაესხმიან თავს მისი უბედურების დღეს. 3 ნუ მოზიდავს მომზიდველი თავის მშვილდს და ნუ გაამაყდება თავის ჯავშანში, და ნუ დაინდობთ მის ჭაბუკებს, გაანადგურეთ მთელი მისი ჯარი. 4 და დაეცემიან მოკლულნი ქალდეველთა ქვეყანაში და განგმირულნი მის ქუჩებში, 5 რადგან არ დაქვრივებულან ისრაელი და იუდა მათი უფლის, ცაბაოთ ღმერთისაგან, მათი ქვეყანა კი დანაშაულითაა სავსე ისრაელის წმიდის წინაშე. 6 გაიქეცით ბაბილონიდან და თითოეულმა გადაარჩინოს თავისი სული, ნუ დაიღუპებით მისი ურჯულოების გამო, რადგან შურისგების ჟამია ეს უფლისათვის, მისაგებელს მიუზღავს მას. 7 ოქროს თასი იყო ბაბილონი უფლის ხელში, დამათრობელი მთელი ქვეყნისა, მისგან სვამდნენ ხალხები ღვინოს, იმიტომ შეიშალნენ ხალხები. 8 უცებ დაეცა ბაბილონი და დაილეწა, იქვითინეთ მასზე, მალამო აიღეთ მისი ჭრილობისათვის – იქნებ განიკურნოს. 9 ვმკურნალობდით და ვერ განიკურნა; დავტოვოთ იგი და წავიდეთ ჩვენ-ჩვენს ქვეყანაში, რადგან ცას უწია მისმა განაჩენმა და ღრუბლებამდე ავიდა. 10 უფალმა გამოამჟღავნა ჩვენი სიმართლე, მოდით და მოვუთხროთ სიონში საქმე უფლისა, ჩვენი ღმერთისა. 11 გალესეთ ისრები, შეავსეთ კაპარჭები! გამოაღვიძა უფალმა მიდიელ მეფეთა სული, რადგან ბაბილონის განადგურება განიზრახა, რადგან უფლის შურისგებაა ეს, შურისგება მისი ტაძრის გამო. 12 ბაბილონის გალავნის წინააღმდეგ აღმართეთ ალამი, გაამაგრეთ დაცვა, დააყენეთ მცველნი, მოამზადეთ საფარი, რადგან განიზრახა უფალმა და კიდეც შეასრულებს, რაც თქვა ბაბილონის მცხოვრებლებზე. 13 მრავალ წყლებზე დასახლებულო, მრავალი განძეულის მფლობელო, მოვიდა შენი აღსასრული, შენი ანგარების წილისამებრ. 14 დაიფიცა უფალმა ცაბაოთმა: „მართლაც გაგავსებ შენ ადამიანებით, როგორც კალიებით და საომარ ყიჟინას დაგძახებენ.” 15 მან შექმნა ქვეყანა თავისი ძალით, სამყარო განამტკიცა თავისი სიბრძნით და თავისი გონებით განავრცო ცა. 16 როცა ხმას გამოსცემს, წყალი ხმაურობს ცაში და ამოჰყავს ღრუბლები ქვეყნის ბოლოდან, ელვას წვიმად აქცევს და ქარი გამოჰყავს თავის საუნჯეთაგან. 17 გონებაჩლუნგია ყოველი კაცი თავის ცოდნაში, სცხვენია ყოველ ოქრომჭედელს თავისი გამოჭედილი კერპისა, რადგან სიცრუეა მისი გამოდნობილი და სული არაა მათში. 18 ამაოებაა ისინი – საქმენი ცთომილებისა, მათი განკითხვისას გაქრებიან ისინი. 19 მათ არ ჰგავს იაკობის წილხვედრი, რადგან ყველაფრის შემქმნელია იგი, და მათ შორის თავისი სამკვიდრებელი ტომისაც – უფალი ცაბაოთია მისი სახელი. 20 შენ ჩემი საბრძოლო კომბალი იყავი, საომარი იარაღი, და ვაცამტვერებდი შენით ხალხებს და ვსპობდი შენით სამეფოებს, 21 ვაცამტვერებდი შენით ცხენსა და მის მხედარს, ვაცამტვერებდი შენით ეტლსა და მხედარს; 22 ვაცამტვერებდი შენით კაცსა და ქალს, ვაცამტვერებდი შენით მოხუცსა და ყმაწვილს, ვაცამტვერებდი შენით ჭაბუკსა და ქალწულს; 23 ვაცამტვერებდი შენით მწყემსსა და მის ფარას, ვაცამტვერებდი შენით მიწათმოქმედსა და მის უღლეულს, ვაცამტვერებდი შენით სარდლებს და გამგებლებს. 24 და თქვენს თვალწინ მივუზღავ ბაბილონსა და ქალდეას ყველა მცხოვრებს ყველა იმ ბოროტების გამო, რაც ჩაიდინეს სიონის მიმართ!” – სიტყვა უფლისა. – 25 „აჰა, შენს წინააღმდეგ ვარ, დამღუპველო მთავ,” – სიტყვა უფლისა, – „დამღუპველო მთელი ქვეყნისა; და გავიწვდენ ხელს შენს წინააღმდეგ და დაგაგორებ კლდეებზე და მიგცემ ცეცხლმოკიდებულ მთას. 26 და არ აიღებენ შენგან ქვას ქვაკუთხედისა და საძირკვლისათვის, რადგან საუკუნო უდაბნოდ იქცევი!” – სიტყვა უფლისა. – 27 „ალამი აღმართეთ ქვეყანაში, ჩაჰბერეთ საყვირს ხალხთა შორის, დარაზმეთ ხალხები, მოუხმეთ მის წინააღმდეგ არარატის, მინისა და აშქენაზის სამეფოებს, დააყენეთ მის წინააღმდეგ სპასპეტი, წამოაყენეთ ცხენები ბურძგლიან კალიასავით. 28 დარაზმეთ მის წინააღმდეგ ხალხები, მიდიის მეფენი და მისი ერისმთავრები, და ყველა მისი განმგებელი და მთელი მისი სახელმწიფო ქვეყანა. 29 და ზანზარებს მიწა და თრთის, რადგან ბაბილონზე სრულდება უფლის განზრახვა: უკაცრიელ უდაბნოდ აქციოს ბაბილონის ქვეყანა. 30 ბაბილონის მამაკაცებმა შეწყვიტეს ბრძოლა, ჩასხდნენ ციხე-სიმაგრეებში, გამოილია მათი ძალა, ქალებს დაემსგავსნენ; გადაწვეს მისი საცხოვრებლები, დაილეწა მათი ურდულები. 31 მალემსრბოლი მალემსრბოლის შესახვედრად გარბის და მოამბე – მოამბის შესახვედრად, რათა აუწყონ ბაბილონის მეფეს, რომ დაპყრობილია მისი ქალაქი ყოველი კიდიდან, 32 ფონები დაკავებულია და ტბის ლერწამნი ცეცხლით გადაწვეს, და მებრძოლნი გაიფანტნენ.” 33 რადგან ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა, ისრაელის ღმერთმა: „ბაბილონის ასული არის, როგორც კალო მისი ლეწვის ჟამს, ცოტაც და მოვა მისი გადახვნის ჟამიც. 34 შემჭამა მე, დამღეჭა მე ბაბილონის მეფემ –ნაბუქოდონოსორმა – ცარიელ ჭურჭლად მაქცია! როგორც ვეშაპმა, გაივსო თავისი მუცელი ჩემი ტკბილეულით, ამომანთხია. 35 მძლავრება ჩემზე და ჩემს ხორცზე ბაბილონზე იყოს,” იტყვის სიონის მცხოვრები, „და ჩემი სისხლი იყოს ქალდეის მცხოვრებლებზე,” იტყვის იერუსალიმი. 36 ამიტომ ასე ამბობს უფალი: „მე გავარჩევ შენს საქმეს და შურს ვიძიებ შენს გამო, და ამოვაშრობ მის ზღვას და დავწრიტავ მის წყაროს. 37 და იქცევა ბაბილონი ნანგრევების გროვად, ტურების ბუნაგად, შიშისზარად და დასაცინად, უკაცრიელად. 38 ლომებივით ერთად დაიბუხუნებენ, ლომის ბოკვერებივით იღრიალებენ. 39 მათი გახურებისას მოვუწყობ ნადიმს და დავათრობ მათ, რომ გამხიარულდნენ და დაიძინონ საუკუნო ძილით და აღარ გამოიღვიძონ.” – სიტყვა უფლისა. – 40 „ჩამოვიყვან მათ კრავებივით დასაკლავად, როგორც ვერძებს ვაცებითურთ. 41 როგორ იქნა დაპყრობილი შეშაქი და დაჭერილ იქნა მთელი ქვეყნის დიდება! როგორ იქცა ბაბილონი ხალხებში შიშისზარად! 42 ზღვამ აიწია ბაბილონზე, თავისი მრავალი ტალღით ფარავს მას. 43 გაუკაცრიელდნენ მისი ქალაქები, ურწყულ და ტრამალ ქვეყნად იქცნენ, სადაც კაციშვილი არ დასახლდება და ადამის ძე არ გაივლის მასში. 44 და მე განვიკითხავ ბელს ბაბილონში და გამოვაცლი გადაყლაპულს პირიდან. და აღარ ივლიან მისკენ ხალხები, ბაბილონის გალავანიც ჩამოიქცევა. 45 გამოდი მისი წიაღიდან, ჩემო ერო, და იხსენით თითოეულმა თავისი სული უფლის რისხვის ალისგან. 46 არ დაუძლურდეს თქვენი გული ნუ შეგეშინდებათ ამბისა, ქვეყანაზე რომ ისმის; და მოვა ის ამბავი ერთ წელს, და მას შემდეგ სხვა ამბავიც მომდევნო წელს, და იქნება ძალადობა ქვეყანაში და ხელმწიფე ხელმწიფის წინააღმდეგ. 47 ამიტომ აჰა, მოდის დღეები, როდესაც განვიკითხავ ბაბილონის კერპებს, და მთელი მისი ქვეყანა შერცხვება და ყველა მისი მოკლული დაეცემა მასში. 48 და გაიხარებენ ბაბილონზე ცა და ქვეყანა და ყოველივე, რაც მათშია, რადგან ჩრდილოეთიდან დაესხმიან მძარცველნი,” – სიტყვა უფლისა. – 49 „როგორც ბაბილონმა დასცა, ისრაელის დახოცილნი, ბაბილონშიც დაეცემიან დახოცილნი მთელი ქვეყნისა. 50 მახვილისაგან თავდაღწეულნო, წადით, ნუ დადგებით, შორიდან გახსოვდეთ უფალი, და იერუსალიმი გაიხსენეთ თქვენს გულში. 51 შეგვრცხვა ჩვენ, რადგან ვისმინეთ გინება, აუგმა დაფარა ჩვენი პირი, რადგან უცხონი მოვიდნენ უფლის საკურთხეველში. 52 ამიტომ მოდის დღეები,” – სიტყვა უფლისა, – „და მე განაჩენს გამოვუტან მის კერპებს და მთელ მის ქვეყანაში იკვნესებენ სასიკვდილოდ დაჭრილნი. 53 კიდევაც რომ აიწიოს ბაბილონმა ცამდე და კიდევაც რომ გაამაგროს მაღალზე თავისი ძლიერება, მიუვლენ მას მძარცველნი ჩემგან,” – სიტყვა უფლისა. – 54 „კივილის ხმა ისმის ბაბილონიდან და დიდი ნგრევა ქალდეველთა ქვეყნიდან. 55 რადგან უფალი ძარცვავს ბაბილონს და ჩააწყვეტინებს მას მაღალ ხმას და იხმაურებენ მისი ტალღები დიდი წყლებივით და გაისმება ხმაური მათი ხმებისა. 56 რადგან დაესხმის მას, ბაბილონს, მძარცველი და შეიპყრობიან მისი მამაცნი, დაილეწება მათი მშვილდები, რადგან ღმერთი, შურისგების უფალი, მიუზღავს მათ. 57 დავათრობ მის მთავრებსა და მის ბრძენთ, მის გამგებლებს და მის სარდლებს, და მის მებრძოლებს და დაიძინებენ საუკუნო ძილით და აღარ გაიღვიძებენ,” – სიტყვა მეფისა, უფალი ცაბაოთია მისი სახელი. 58 ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა: „ბაბილონის განიერი გალავნები საძირკვლამდე დაინგრევა და მისი მაღალი კარიბჭენი ცეცხლში დაიწვება; და ამაოდ იშრომებენ ხალხები და მხოლოდ ცეცხლისათვის დაშვრებიან ერები.” 59 სიტყვა, რომელიც წინასწარმეტყველმა უბრძანა სერაიას, ძეს ნერაიასი, ძისა მახსეიასი, როდესაც ის იუდას მეფე ციდკიაჰუსთან ერთად წავიდა ბაბილონში მისი მეფობის მეოთხე წელს. და სერაია იყო მთავარი მესაწოლე. 60 და ჩაწერა ერთ წიგნში ყველა ის უბედურება, რომელიც ბაბილონზე მოსახდენია, ბაბილონზე დაწერილი ყველა ის სიტყვა. 61 და უთხრა იერემიამ სერაიას: „როდესაც ბაბილონში მიხვალ, მაშინ ნახავ და წაიკითხავ ყველა ამ სიტყვას. 62 და იტყვი: ‘უფალო, შენ წარმოთქვი ამ ადგილზე, რომ ისე გაანადგურებ მას, რომ ვერავინ იცხოვრებს მასში ადამიანიდან საქონლამდე, რადგან საუკუნო უდაბნოდ იქცევა იგი.’ 63 და როდესაც შენ დაასრულებ ამ წიგნის კითხვას, შეაბი მას ქვა და ჩააგდე ევფრატში. 64 და თქვი: ‘ასე ჩაიძირება ბაბილონი და აღარ წამოდგება იმ უბედურების გამო, რომელსაც მე მოვაწევ მასზე, და ქანცი გაუწყდებათ!’” აქამდეა იერემიას სიტყვები.
თავი ორმოცდამეათე                                                                                                 თავი ორმოცდამეთორმეტე

COMMENTS