ძველი აღთქმა
იერემია
491 და თქვა უფალმა ყამონის ძეებზე: „არა ჰყავს ძენი ისრაელს? განა არა ჰყავს მემკვიდრე? რატომ დაიმკვიდრა მალქომმა გადი? მისი ხალხი მის ქალაქებში რატომ ცხოვრობს? 2 მაგრამ მოდის დღეები,” – სიტყვა უფლისა, – „როდესაც ვასმენ ყამონის ძეთა რაბაში ბრძოლის განგაშს, და ის ნანგრევების გროვად იქცევა და მისი შემოგარენი ცეცხლში დაიწვება; და დაიმკვიდრებს ისრაელი თავის სამკვიდრებელს!” – ამბობს უფალი. – 3 „იქვითინე, ხეშბონ, რადგან გაიძარცვე, იყვირეთ, რაბას ასულნო, ჩაიცვით ძაძები, დაიტირეთ და იხეტიალეთ კედლებს შორის, რადგან მალქომი გადასახლებაში წავა თავის ქურუმებთან და მთავრებთან ერთად. 4 რას ტრაბახობ ხეობებით? სისხლისგან იცლება შენი ხეობა, განდგომილო ასულო, რომ დანდობილხარ შენს საგანძურს: „ვინ მოვა ჩემთან?” 5 აჰა, მოვაწევ მე შენზე შიშს”, – სიტყვა უფლისა ღმერთისა ცაბაოთისა, – „ყველა შენს გარეშემოდან და გაძევებული იქნებით სათითაოდ და არავინ იქნება გადახვეწილის შემომკრებელი. 6 და ამის შემდეგ დავაბრუნებ ყამონის ძეთ ტყვეობიდან!” – სიტყვა უფლისა. 7 და თქვა უფალმა ცაბაოთმა ედომზე: „აღარ არის სიბრძნე ბენიამინში? დაიკარგა გონიერთა რჩევა? დაჩლუნგდა მათი სიბრძნე? 8 გაიქეცით, მიაქციეთ პირი, ღრმად ჩაჯექით, დედანის მცხოვრებნო! რადგან მოვაწიე ესავზე მისი დაღუპვა, ჟამი, როცა განვიკითხავ მას. 9 ყურძნის მკრეფავნი რომ მოსულიყვნენ შენთან, განა არ დაგიტოვებდნენ მარცვლებს? ქურდები ღამით მხოლოდ სამყოფს დაიტაცებდნენ. 10 რადგან მე გავაშიშვლე ესავი, გამოვაჩინე მისი საიდუმლო თავშესაფარი და ვეღარ შეძლებს დამალვას. გაფუჭებულია მისი თესლი, მისი ძმებისაც და მეზობლებისაც. და აღარ იქნება იგი. 11 დატოვე შენი ობოლნი და მე ვარჩენ მათ, და შენი ქვრივნი მომენდონ მე. 12 რადგან ასე თქვა უფალმა: „აჰა, რომელთა განაჩენიც არ იყო ამ თასის შესმა, აუცილებლად შესვამენ და შენ დაუსჯელი დარჩები? დაუსჯელი არ იქნები, რადგან აუცილებლად შესვამ მას. 13 რადგან ჩემს თავს ვიფიცებ,” – სიტყვა უფლისა, – „რომ საშინელებად, შესარცხვენად, ოხრად და საწყევლად იქცევა ბოცრა, ხოლო ყოველი მისი ქალაქი – საუკუნო ნანგრევებად. 14 ამბავი მესმა უფლისაგან და მაცნეა წარგზავნილი ხალხებში: „შეიკრიბეთ და შეუტიეთ მას, და აღდექით საბრძოლველად”! 15 რადგან, აჰა, მცირედ გაქციე ხალხებში, საძულველად – ადამიანებში; 16 გაცდუნა შენ შენმა კერპმა, შენი გულის ყოყოჩობამ, მოსახლევ კლდის ნაპრალებში, ჩაჭიდებულო ბორცვთა მწვერვალებს. არწივივით მაღლაც რომ გაიკეთო შენი ბუდე, იქიდანაც ჩამოგიყვან მე,” –სიტყვა უფლისა. – 17 „და იქცევა ედომი საშინელებად და ყოველი მასზე გამვლელი გაოცდება, და დაუსტვენს ყველა, ვინც შეხედავს მის წყლულებს. 18 როგორც სოდომი და გომორა და მისი მეზობელი ქალაქები დაიქცა,” – სიტყვა უფლისა, – „კაციშვილი არ იცხოვრებს იქ და ადამიანი არ დასახლდება მასში. 19 აჰა, ლომივით დაეცემა იორდანეს უღრანიდან მტკიცე საცხოვრებლებს, მაგრამ მე წამში გავაქცევ მას იქიდან და ვინც ამორჩეულია, იმას დავადგენ მასზე. რადგან ვინაა ჩემი მსგავსი და ვინ დამიწესებს მე ჟამს და ვინ არის ის მწყემსი, ვინც მე დამიდგება წინ?” 20 ამიტომ ისმინეთ უფლის განგებულება, რაც ედომზე განაგო და მისი განზრახვა, რაც იემენის მცხოვრებლებზე განიზრახა: ყველაზე პატარა ბატკნები ათრევენ მათ და ააოხრებენ მათ საცხოვრებელს! 21 მათი დაცემის ხმისაგან იზანზარებს მიწა, მათი ყვირილის ეხოს მეწამული ზღვა გამოსცემს. 22 აჰა, არწივივით აიწევა და გაფრინდება, და გაშლის ფრთებს ბოცრაზე. და იქნება იმ დღეს ედომის მამაცთა გული მსგავსი მშობიარე ქალის გულისა.” 23 დამასკოზე. „სირცხვილი ხამათს და არფადს, რადგან ავი ამბავი ისმინეს, სულით დაეცნენ, ღელვაა ზღვაში, არ შეუძლია დაწყნარება. 24 დაუძლურდა დამასკო, ზურგი აქცია გასაქცევად, ძრწოლამ შეიპყრო იგი, ტკივილმა და ტანჯვამ მოიცვა, როგორც მშობიარე. 25 როგორ იქნა მიტოვებული დიდების ქალაქი, სატახტო ჩემი მხიარულებისა? 26 ამიტომ დაეცემიან მისი ჭაბუკნი მის მოედნებზე და ყველა მეომარი გაყუჩდება იმ დღეს!” –სიტყვა უფალ ცაბაოთისა. – 27 „და ცეცხლს წაუკიდებს დამასკოს გალავანს და შეჭამს იგი ბენ-ჰადადის სასახლეებს.” 28 კედარისა და ხაცორის სამეფოებზე, რომლებიც ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა დაამხო. თქვა უფალმა: „ადექით, გაილაშქრეთ კედარზე და გაძარცვეთ აღმოსავლეთის ძენი. 29 მათ კარვებსა და მათ ცხვარს წაასხამენ ისინი. მათ ფარდებს და მთელ მათ ჭურჭელს და მათ აქლემებს წაიღებენ თავისთვის და დასძახებენ მათ: ‘საშინელებაა ყოველი მხრიდან!’ 30 გაიქეცით, შორს წადით, ღრმად ჩაჯექით ხაცორის მცხოვრებნო,” – სიტყვა უფლისა, – „რადგან განაჩენი დაასკვნა თქვენზე ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა და ავი განზრახვა განიზრახა თქვენზე. 31 ადექით, გაილაშქრეთ, უზრუნველ, უსაფრთხოდ მცხოვრებ ხალხზე!” – სიტყვა უფლისა. – „არც კარები აქვს მას და არც ბოქლომი, განმარტოებულადაა დასახლებული. 32 და იქნება მათი აქლემები საძარცვავად და მათი ურიცხვი საქონელი ნადავლად. და გავანიავებ მათ საფეთქლებშეკრეჭილთ ყველა ქარისკენ, და ყოველი მხრიდან მოვაწევ მათზე დაღუპვას!” – სიტყვა უფლისა. – 33 და იქცევა ხაცორი ტურების ბუნაგად, საუკუნო უდაბნოდ; კაციშვილი არ იცხოვრებს იქ და ადამის ძე არ დასახლდება მასში. 34 სიტყვა უფლისა ყელამზე, რომელიც იყო იერემიას მიმართ ციდკიაჰუს, იუდას მეფის მეფობის დასაწყისში: 35 „ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა: ‘აჰა, მე გადავტეხავ ყელამის მშვილდს, საწყისს მათი ძლევამოსილებისა. 36 და მოვაწევ ყელამზე ოთხ ქარს ცის ოთხი კიდიდან, და გავანიავებ მათ ყველა ამ ქარის მიმართ და არ იქნება ხალხი, რომელთანაც არ მივა გაძევებული ყელამელი. 37 და შიშს დავცემ მე ყელამელთ მათი მტრების თვალწინ და მათი სულის მაძიებელთა თვალწინ, და მოვაწევ მათზე უბედურებას და ჩემს მძვინვარებას,” – სიტყვა უფლისა, – „და დავადევნებ მათ უკან მახვილს, სანამ არ ამოვწყვეტ მათ. 38 და დავდგამ ჩემს ტახტს ყელამში და მოვსპობ იქიდან მეფესა და მთავრებს,” – სიტყვა უფლისა. – 39 „მაგრამ ბოლოს დავაბრუნებ ყელამს ტყვეობიდან!” – სიტყვა უფლისა.