HomeUncategorized

იერემია 43

ძველი აღთქმა
იერემია
431 და იყო, როდესაც იერემიამ დაასრულა ხალხისათვის მათი ღმერთის სიტყვების გადაცემა, ყველა იმ სიტყვისა, რომლითაც უფალმა, მათმა ღმერთმა, მიავლინა მათთან, 2 მაშინ ყაზარია ჰოშაყიას ძემ და იოხანან კარიახის ძემ, და აგრეთვე ყველა ბოროტგანმზრახველმა კაცმა უთხრეს იერემიას: „ტყუილს ამბობ; უფალს, ჩვენს ღმერთს, არ მოუვლინებიხარ ამის სათქმელად: ‘არ წახვიდეთ ეგვიპტეში იქ საცხოვრებლადო!’ 3 ბარუქ ნერიას ძეა რომ გაქეზებს ჩვენს წინააღმდეგ, რათა გადაგვცეს ჩვენ ქალდეველთა ხელთ და დაგვხოცონ მათ ან გადაგვასახლონ ბაბილონში.” 4 არ ისმინეს იოხანან კარიახის ძემ და ყველა მთავარმა და მთელმა ერმა უფლის ხმა, დარჩენილიყვნენ იუდას ქვეყანაში. 5 და წაიყვანა იოხანან კარიახის ძემ და ყველა მხედართმთავარმა იუდაელთა მთელი ნატამალი, რომელიც იუდას ქვეყანაში დაბრუნდა ყველა ხალხიდან, რომლებთანაც გაძევებულნი იყვნენ ისინი, 6 მამაკაცები, ქალები და ბავშვები, და მეფის ასულნი და ყველა სული, რომლებიც ნაბუზარადანმა, მცველთა უფროსმა, დატოვა გედალიაჰუსთან, შაფანის ძის, ახიკამის ძესთან, და მათთან ერთად იერემია წინასწარმეტყველი და ბარუქ ნერიას ძე. 7 და წავიდნენ ეგვიპტის ქვეყანაში, რადგან არ ისმინეს უფლის ხმა, და მივიდნენ თახფანხესამდე. 8 და იყო სიტყვა უფლისა იერემიას მიმართ თახფანხესში ასე: 9 „აიღე ხელში დიდი ქვები და დამალე ისინი ალიზში იმ ადგილას, სადაც აგურს აკეთებენ, რომელიც ფარაონის სახლის შესასვლელშია, თახფანხესში, იუდაელ კაცთა თვალწინ, 10 და უთხარი მათ: ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა, ისრაელის ღმერთმა: ‘მე მოვავლენ და მოვიყვან ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორს, ჩემს მსახურს, და დავდებ მის ტახტს ამ ქვებზე, რომლებიც დავმალე, და გადაჭიმავს თავის სამეფო კარავს მათზე. 11 და მოვა ის და ააოხრებს ეგვიპტის ქვეყანას, ვინც სასიკვდილოა, მოკვდება, ვინც დასატყვევებელია, დატყვევდება, და ვინც მახვილისათვის არის, მახვილისთვის იქნება. 12 და ცეცხლს წავუკიდებ ეგვიპტის ღმერთთა სახლებს და ის დაწვავს მათ ან დაატყვევებს მათ კერპებს, და შეიფუთნება ეგვიპტის ქვეყნის ნადავლით, როგორც მწყემსი იფუთნება თავისი სამოსლით, და გამოვა იქიდან მშვიდობით, 13 და დალეწავს მზის ტაძრის ძეგლებს, რომლებიც ეგვიპტის ქვეყანაშია, და ეგვიპტის ღმერთების სახლებს ცეცხლში დაწვავს.”
თავი ორმოცდამეორე                                                                                                             თავი ორმოცდამეოთხე

COMMENTS