ძველი აღთქმა
იერემია
241 მას შემდეგ, რაც ნაბუქოდონოსორმა, ბაბილონის მეფემ გამოდევნა იექონია, იეჰოიაკიმის ძე, იუდას მეფე და იუდას მთავარნი, ხურონი და მჭედელნი იერუსალიმიდან და ბაბილონში მოიყვანა, უფალმა მიჩვენა: აჰა, ორი კალათა ლეღვებისა დგას უფლის ტაძრის წინ. 2 ერთ კალათაში ძალიან კარგი ლეღვები იყო, როგორიც პირველნაყოფია ლეღვისა, ხოლო მეორე კალათაში – ძალიან ცუდი ლეღვები, რომელთა ჭამაც არ შეიძლებოდა მათი უვარგისობის გამო. 3 და მითხრა მე უფალმა: „რას ხედავ, იერემია?” და ვუთხარი მე: „ლეღვებს. კარგი ლეღვები ძალიან კარგებია და ცუდები – ძალიან ცუდები, რომელთა ჭამაც არ შეიძლება მათი უვარგისობის გამო.” 4 და იყო სიტყვა უფლისა ჩემდამი: 5 ასე თქვა უფალმა, ისრაელის ღმერთმა: „როგორც ეს კარგი ლეღვებია, ისე კარგად ვიცნობ მე იუდას დევნილობას, რომელშიც გავგზავნე იგი ამ ადგილიდან ქალდეველთა ქვეყნად. 6 და მე მივაპყრობ მათ ჩემს თვალთ სასიკეთოდ, დავაბრუნებ ამ ქვეყანაში და ავაშენებ მათ, არ დავანგრევ, დავრგავ და არ აღმოვფხვრი. 7 და მე მივცემ მათ გულს ჩემს შესაცნობად, რადგან მე ვარ უფალი, და ისინი იქნებიან ჩემი ერი, და მე ვიქნები მათი ღმერთი და მთელი გულით მოიქცევიან ჩემსკენ. 8 და ცუდ ლეღვებად, რომელთა ჭამაც არ შეიძლება მათი უვარგისობის გამო,” ასე თქვა უფალმა, „ჩავთვლი ციდკიაჰუს, იუდას მეფეს, და მის მთავართ და იერუსალიმის ნატამალს, ამ ქვეყანაში დარჩენილს, და ეგვიპტის ქვეყანაში მცხოვრებთ. 9 და ვაქცევ მათ საშინელებად, უბედურებად ქვეყნის ყველა სამეფოსათვის, შერცხვენად და იგავად, დასაცინად და დასაწყევლად ყველა ადგილებში, სადაც მე გავყრი მათ. 10 და გავუგზავნი მათ მახვილს და შიმშილს და შავ ჭირს, სანამ არ ამოვწყვეტ იმ მიწიდან, რომელიც მივეცი მათ და მათ მამებს.”