იერემია 19

ივლისი 10, 2015
ძველი აღთქმა
იერემია
191 ასე თქვა უფალმა: „წადი და იყიდე მექოთნის თიხის დოქი და წაიყვანე ვინმე ერის და მღვდლების უხუცესთაგან. 2 და გადი ბენ-ჰინომის ჭალაში, რომელიც ხარშითის კარიბჭის შესასვლელშია, და წარმოთქვი იქ ის სიტყვები, რომლებსაც მე გეტყვი. 3 და იტყვი: ‘ისმინეთ უფლის სიტყვა, იუდას მეფენო და იერუსალიმის მკვიდრნო. ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა, ისრაელის ღმერთმა: „აჰა, მე მომაქვს ამ ადგილზე ისეთი უბედურება, რომ ყოველი მისი მომსმენის ყური რეკვას დაიწყებს, 4 იმის გამო, რომ დამტოვეს მე მათ და უცხოდ აქციეს ეს ადგილი და უკმევდნენ იქ სხვა ღმერთებს, რომელთაც არ იცნობდნენ არც ისინი და არც მათი მამები, და არც იუდას მეფენი; და იმის გამო, რომ გაავსეს ეს ადგილი უდანაშაულოთა სისხლით. 5 და გააშენეს ბაყალის გორაკები, რათა ცეცხლში დაეწვათ თავიანთი ძენი ბაყალის სრულადდასაწველისათვის, რაც მე არ მიბრძანებია და არ მითქვამს, და გულშიც არ გამივლია. 6 ამიტომ აჰა, მოდის დღეები,” – სიტყვა უფლისა, – „და ეს ადგილი აღარ იწოდება თოფეთად და ბენ-ჰინომის ჭალად, არამედ მკვლელობის ჭალად. 7 და არაფრად ვაქცევ იუდასა და იერუსალიმის რჩევას ამ ადგილზე და მახვილით დავცემ მათ მათი მტრების წინ და მათი სულის მაძიებელთა ხელით, და მათ გვამებს საჭმელად მივცემ ცის ფრინველთ და მიწის ცხოველთ. 8 და გავხდი ამ ქალაქს უკაცრიელად და დასაცინად, და ყოველი მასზე გამვლელი გაოცდება და დაუსტვენს ყველა მის წყლულზე. 9 და შევაჭმევ მათ თავიანთ შვილთა ხორცს და თავიანთ ასულთა ხორცს, და თითოეული თავისი მოყვასის ხორცს შეჭამს ალყაში და გაჭირვებაში, რომლებშიც მოაქცევენ მათი მტრები და მათი სულის მაძიებელნი.’ 10 და დალეწე დოქი შენთან მოსული კაცების თვალწინ, 11 და უთხარი მათ: ‘ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა: „ასე დავლეწავ მე ამ ხალხს და ამ ქალაქს, როგორც ლეწავენ მექოთნის ჭურჭელს, რომლის გამრთელებაც აღარ შეიძლება, და თოფეთში დაიმარხებიან დასამარხი ადგილების უკმარისობის გამო. 12 ასე მოვექცევი ამ ადგილს,” – სიტყვა უფლისა, – „და მის მკვიდრთ თოფეთივით ვაქცევ ამ ქალაქს. 13 და იქნება იერუსალიმის სახლები და იუდას მეფეთა სახლი თოფეთის ადგილივით შებილწული; ყველა ის სახლი, რომლის ბანებზეც უკმევდნენ ცის მთელ მხედრობას და საღვრელს უღვრიდნენ უცხო ღმერთებს.” 14 და მოვიდა იერემია თოფეთიდან, სადაც ის გაგზავნა უფალმა, რომ ეწინასწარმეტყველა, და დადგა ის უფლის სახლის ეზოში და უთხრა მთელ ერს: 15 „ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა, ისრაელის ღმერთმა: ‘აჰა, მე მომაქვს ამ ქალაქსა და მთელ მის ქალაქებზე ყველა ის უბედურება, რომელიც წარმოვთქვი მასზე, რადგან გაიფიცხეს მათ ქედი, რათა არ მოესმინათ ჩემი სიტყვები.”

თავი მეთვრამეტე                                                                                                                                    თავი მეოცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close