HomeUncategorized

იერემია 47

ძველი აღთქმა
იერემია
471 სიტყვა უფლისა, რომელიც იყო წინასწარმეტყველ იერემიას მიმართ ფილისტიმელებზე, სანამ ფარაონი ღაზას დაამარცხებდა. 2 ასე თქვა უფალმა: აჰა, წყლები იწევენ ჩრდილოეთიდან და წამლეკავ ნიაღვრად იქცევიან, და წალეკავენ ქვეყანას და მის სისავსეს, ქალაქს და მასში მცხოვრებთ. და იკივლებენ ადამიანები და იქვითინებს ქვეყნის ყველა მცხოვრები, 3 მისი ძლიერი ცხენების თქარათქურის, მისი ეტლების გრიალის, მისი ბორბლების გრუხუნის გამო. მამები ვერ იხედებოდნენ უკან შვილებისაკენ, რადგან დაუსუსტდათ ხელები, 4 მომავალი დღის გამო, როდესაც გაძარცვავენ ყველა ფილისტიმელს, რათა მოუსპონ ცორს და ციდონს ყველა დარჩენილი შემწე, რადგან გაძარცვავს უფალი ფილისტიმელთ, კრეტოსის კუნძულის ნატამალს. 5 სიქაჩლე ეწია ღაზას, დაინგრა აშკელონი; ნატამალო მათი ხეობებისა, როდემდე დაიკაწრავ ფრჩხილებით თავს? 6 ოი, უფლის მახვილო, სანამდე არ დაწყნარდები, დაბრუნდი შენს ქარქაშში, დამშვიდდი და გაყუჩდი! 7 როგორ დაწყნარდები, როდესაც უბრძანა მას უფალმა, აშკელონისა და ზღვის სანაპიროს წინააღმდეგ, იქ განაწესა იგი.”
თავი ორმოცდამეექვსე                                                                                                           თავი ორმოცდამერვე

COMMENTS