ძველი აღთქმა
იერემია
281 და იყო იმავე წელს, იუდას მეფე ციდკიაჰუს მეფობის დასაწყისში, მეოთხე წლის მეხუთე თვეს ხანანია ყაზურის ძემ, წინასწარმეტყველმა გაბაონიდან, მითხრა მე უფლის სახლში მღვდლებისა და მთელი ერის თვალწინ: 2 „ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა, ისრაელის ღმერთმა: ‘მე დავლეწავ ბაბილონის მეფის უღელს! 3 ორ წელიწადში დავაბრუნებ ამ ადგილზე უფლის სახლის მთელ ჭურჭელს, რომელიც ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა წაიღო ამ ადგილიდან და მიიტანა ბაბილონში. 4 და იექონია იეჰოიაკიმის ძეს, იუდას მეფეს და ბაბილონში მისულ იუდას ყველა გადასახლებულს დავაბრუნებ ამ ადგილზე,’ – სიტყვა უფლისა, – ‘რადგან მე დავლეწავ ბაბილონის მეფის უღელს!” 5 და უპასუხა იერემია წინასწარმეტყველმა ხანანია წინასწარმეტყველს მღვდელთა და უფლის სახლში მდგომი მთელი ერის თვალწინ; 6 და თქვა იერემია წინასწარმეტყველმა: „ამენ! ქნას უფალმა ასე! აასრულოს უფალმა შენი სიტყვები, რომლებიც იწინასწარმეტყველე უფლის სახლის ჭურჭლისა და ყველა გადასახლებულის დაბრუნებაზე ბაბილონიდან ამ ადგილას. 7 მხოლოდ მოისმინე ეს სიტყვა, რომელსაც მე ვიტყვი შენს გასაგონად და მთელი ერის გასაგონად. 8 წინასწარმეტყველნი, რომელნიც ჩემზე წინ იყვნენ და შენზე წინ დიდი ხნით ადრე, უწინასწარმეტყველებდნენ ბევრ ქვეყანას და დიდ სამეფოებს ომს, უბედურებასა და შავ ჭირს; 9 წინასწარმეტყველს, რომელიც მშვიდობას წინასწარმეტყველებს, მხოლოდ წინასწარმეტყველური სიტყვის აღსრულებისას ცნობენ როგორც წინასწარმეტყველს, რომელიც ჭეშმარიტად უფალმა გამოგზავნა.” 10 მაშინ ჩამოიღო ხანანია წინასწარმეტყველმა უღელი წინასწარმეტყველ იერემიას კისრიდან და დალეწა. 11 და თქვა ხანანიამ მთელი ერის თვალწინ: „ასე თქვა უფალმა: ’ასევე დავლეწავ ნაბუქოდონოსორის უღელს ორ წელიწადში ყველა ხალხის კისერზე!” და წავიდა იერემია წინასწარმეტყველი თავისი გზით. 12 და იყო სიტყვა უფლისა იერემიასადმი მას შემდეგ, რაც ხანანია წინასწარმეტყველმა დალეწა უღელი წინასწარმეტყველ იერემიას კისერზე: 13 „წადი და უთხარი ხანანიას, რომ ასე თქვა უფალმა: ‘შენ ხის უღელი დალეწე, ახლა გააკეთე მის ნაცვლად რკინის უღელი, 14 რადგან ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა, ისრაელის ღმერთმა: რკინის უღელი დავადგი მე ყველა იმ ხალხთა კისერზე, რათა ემსახურონ ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორს და დაემსახურებიან, და მინდვრის ცხოველნიც მივეცი მას.” 15 და უთხრა იერემია წინასწარმეტყველმა ხანანია წინასწარმეტყველს: „ისმინე, ხანანიავ! უფალს არ გამოუგზავნიხარ შენ, და ტყუილად აიმედებ ამ ხალხს. 16 ამიტომ ასე თქვა უფალმა: ‘აჰა, გადაგაგდებ მიწის პირიდან, ამ წელს მოკვდები, იმის გამო, რომ განდგომას ლაპარაკობდი უფლის წინააღმდეგ.” 17 და მოკვდა ხანანია იმ წელს, მეშვიდე თვეს.