იერემია 52

აგვისტო 21, 2015
ძველი აღთქმა
იერემია
521 ოცდაერთი წლის იყო ციდკიაჰუ მისი გამეფებისას და თერთმეტ წელს მეფობდა იერუსალიმში. მისი დედა იყო სახელად ხამუტალი, იერემიას ასული, ლიბნადან. 2 და სჩადიოდა ბოროტს უფლის თვალში, მსგავსად ყოველივე იმისა, რასაც იეჰოიაკიმი სჩადიოდა, 3 რადგან უფლის რისხვის გამო ეწია ეს უბედურება იერუსალიმსა და იუდას, ვიდრე არ უკუაგდო მან ისინი თავისი პირიდან. და ციდკიაჰუ აღუდგა ბაბილონის მეფეს. 4 მისი მეფობის მეცხრე წლის მეათე თვის მეათე დღეს გამოვიდა იერუსალიმზე ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი, ის და მთელი მისი ლაშქარი, და დაბანაკდა იგი მის წინ და ააშენებინა ირგვლივ ალყაშემოსარტყმელი კედელი. 5 და იყო ქალაქი ალყაშემორტყმული მეფე ციდკიაჰუს მეფობის მეთერთმეტე წლამდე. 6 მეოთხე თვის მეცხრე დღეს გაძლიერდა შიმშილი ქალაქში და პური არ ჰქონდა ქვეყნის ერს. 7 და გაინგრა ქალაქი და ყველა მებრძოლი გაიქცა, და ღამით გავიდა ქალაქიდან ორ გალავანს შორის მოქცეულ კარიბჭის გზით, რომელიც მეფის ბაღთან იყო, და წავიდნენ ყარაბას გზით; ქალდეველნი კი ქალაქის ირგვლივ იყვნენ დაბანაკებული. 8 მაგრამ დაედევნა ქალდეველთა ლაშქარი მეფეს და დაეწია ციდკიაჰუს იერიხოს ტრამალებზე, და მთელი მისი ლაშქარი შემოეფანტა მას. 9 და შეიპყრეს მეფე და მიიყვანეს ბაბილონის მეფესთან რიბლაში, ხამათის ქვეყანაში, და მან განაჩენი გამოუტანა ციდკიაჰუს. 10 და დაკლა ბაბილონის მეფემ ციდკიაჰუს ძენი მის თვალწინ და იუდას ყველა მთავარიც დაკლა რიბლაში. 11 ციდკიაჰუს კი დასთხარა თვალები და გაუყარა ბორკილები; და წაიყვანა იგი ბაბილონის მეფემ ბაბილონში და საპატიმროში ჩასვა სიკვდილის დღემდე. 12 მეხუთე თვის მეათე დღეს – ეს იყო მეცხრამეტე წელი ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორის მეფობისა,- ნაბუზარადანი, მცველთა უფროსი, მოვიდა და წარსდგა ბაბილონის მეფის წინაშე იერუსალიმში. 13 და დაწვა მან უფლის სახლი, მეფის სახლი და იერუსალიმის ყველა სახლი; და დიდებულთა ყველა სახლი ცეცხლში დაწვა. 14 და დაანგრია ქალდეველთა მთელმა ლაშქარმა, რომელიც მცველთა უფროსს ახლდა, იერუსალიმის ირგვლივ ყველა გალავანი. 15 და ღარიბი ხალხი და ქალაქში დარჩენილი ხალხის ნარჩენი და დანებებულნი, რომლებიც ბაბილონის მეფეს დანებდნენ, და ბრბოს ნარჩენი გაასახლა ნაბუზარადანმა, მცველთა უფროსმა. 16 ქვეყნის ღარიბთაგან ზოგიერთი კი მევენახეებად და მხვნელებად დატოვა ნაბუზარადანმა, მცველთა უფროსმა. 17 და სპილენძის სვეტები, რომელიც უფლის სახლს ჰქონდა, და საყრდენები და სპილენძის ზღვა, რომელიც უფლის სახლში იყო, დალეწეს ქალდეველებმა და მთელი მათი სპილენძი ბაბილონში წაიღეს. 18 და ქვაბები და ნიჩბები, დანები და თასები, კოვზები და სპილენძის ყველა ჭურჭელი, რაც მსახურებისას იხმარებოდა, თან წაიღეს. 19 და ფიალები და მაშები, თასები და ქვაბები, სასანთლეები, კოვზები და სათლები, ყველაფერი რაც ოქროსი ან ვერცხლის იყო, წაიღო მცველთა უფროსმა. 20 ორი სვეტი, ერთი ზღვა და თორმეტი სპილენძის ხარი, რომლებიც საყრდენის ქვეშ იყო, რომელიც სოლომონ მეფემ გააკეთა უფლის სახლისათვის. ყველა ამ სპილენძის ჭურჭელს წონა არ ქონდა. 21 სვეტების სიმაღლე იყო თვრამეტი წყრთა და თორმეტი წყრთა საბელი ევლებოდა გარშემო; კედელს სისქე ოთხი თითის დადება ჰქონდა, ღრუ იყო. 22 და მასზე სპილენძის გვირგვინი, და სიმაღლე ერთი გვირგვინისა – ხუთი წყრთა, და ბადე და ბროწეულები გვირგვინის ირგვლივ მთლიანად სპილენძისა, და ასეთივე მეორე სვეტი და ბროწეულები. 23 და ოთხმოცდათექვსმეტი ბროწეული იყო გარედან, და ბროწეული ბადეზე ირგვლივ სულ ასი იყო. 24 და წაიყვანა მცველთა უფროსმა ტყვეებად სერაია, მთავარი მღვდელი, და ცეფანია, მეორე მღვდელი და შესასვლელის სამი მცველი. 25 ქალაქიდან აიყვანა ერთი საჭურისი, რომელიც მებრძოლთა ზედამხედველი იყო, და მეფის წინაშე წარჩინებული შვიდი კაცი, რომლებიც ქალაქში იმყოფებოდნენ, და მხედართმთავრის მწერალი, ქვეყნის ერის აღმწერელი, და სამოცი კაცი ქალაქში მყოფი ქვეყნის ხალხიდან. 26 და წაიყვანა ისინი ნაბუზარადანმა, მცველთა უფროსმა, და მიიყვანა ისინი ბაბილონის მეფესთან რიბლაში. 27 და სცემა მათ ბაბილონის მეფემ და დახოცა ისინი რიბლაში, ხამათის ქვეყანაში. და გადაასახლა მან იუდა თავისი მიწიდან. 28 ეს არის ხალხის რაოდენობა, რომელიც ნაბუქოდონოსორმა გადაასახლა: მეშვიდე წელს სამიათას ოცდასამი იუდაელი; 29 თავისი მეფობის მეთვრამეტე წელს რვაასოცდათორმეტი სული იერუსალიმიდან. 30 და ოცდამესამე წელს ნაბუზარადანმა, მცველთა უფროსმა, გადაასახლა შვიდას ორმოცდახუთი სული იუდაელი: მთლიანად ოთხიათას ექვსასი სული. 31 იუდას მეფის, იეჰოაქინის გადასახლების ოცდამეჩვიდმეტე წლის მეთორმეტე თვის მეხუთე დღეს ევილ მეროდაქმა, ბაბილონის მეფემ, თავისი მეფობისას განადიდა იეჰოაქინი, იუდას მეფე, და გამოიყვანა იგი საპყრობილიდან. 32 კეთილად ელაპარაკა მას და ტახტი დაუდგა იმ მეფეთა ტახტზე მაღლა, რომლებიც მასთან იყვნენ ბაბილონში. 33 გამოიცვალა იეჰოაქინმა თავისი საპატიმრო სამოსელი და ჭამდა პურს მეფის წინაშე მუდამ, მთელი სიცოცხლე. 34 და ეძლეოდა მას თავისი მუდმივი არჩივი ბაბილონის მეფისაგან ყოველდღე მისი სიკვდილის დღემდე, მთელი სიცოცხლე.
თავი ორმოცდამეთერთმეტე                                                                                                        გოდება იერემიასი

კომენტარის დატოვება

Close
Close