ძველი აღთქმა
იერემია
481 ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა, ისრაელის ღმერთმა, მოაბზე: „ვაი ნებოს, რადგან გაიძარცვა, კირიათაიმი შერცხვენილი და დაპყრობილია, ციხე-სიმაგრე შერცხვენილი და დანგრეულია. 2 აღარ არის მოაბის დიდება, ხეშბონში ბოროტება განიზრახეს მასზე! ‘მოდით და მოვკვეთოთ ხალხებიდან!’ შენც, მადმენო, გაყუჩდი, მახვილი მოგდევს უკან. 3 ყვირილის ხმა ისმის ხორონაიმიდან: ‘გატიალება და დიდი ნგრევაა!’ 4 დაინგრა მოაბი, კივილი ასმინეს მისმა პატარებმა. 5 რადგან ლუხითის აღმართზე ტირილ-ტირილით ადის, და ხორონაიმის დაღმართზე შემჭირვებლებს ნგრევის კივილი ესმით: 6 ‘გაიქეცით, იხსენით თქვენი სულები და ღვიასავით იქნებით უდაბნოში!’ 7 რადგან შენ ესავდი შენს ნამოქმედართ და შენს საგანძურებს, შენც შეპყრობილი იქნები და ქემოში გადასახლებაში წავა თავის მღვდლებთან და მთავრებთან ერთად. 8 და მძარცველი დაეცემა ყოველ ქალაქს, ქალაქი ვერ გადარჩება და ხეობა განადგურდება, როგორც უფალმა თქვა. 9 მიეცით ფრთები მოაბს, რომ გაფრინდეს, მისი ქალაქნი კი უკაცრიელ უდაბნოდ იქცევიან. 10 წყეული, ვინც უფლის საქმეს დაუდევრად აკეთებს და წყეული, ვინც თავის მახვილს აკავებს სისხლისაგან! 11 მშვიდი იყო მოაბი თავისი სიყმაწვილიდან, და წყნარად იჯდა თავის ლექზე და არ გადაღებულა ჭურჭლიდან ჭურჭელში; და გადასახლებაში არ წასულა, ამიტომ შერჩა მას თავისი გემო და მისი სურნელი არ შეცვლილა. 12 მაგრამ მოდის დღეები,” – სიტყვა უფლისა, – „და მე გავუგზავნი მას გადამღებელთ! გადაიღებენ მას, მის ჭურჭელს გამოაცარიელებენ და მის ქოთნებს დაამსხვრევენ. 13 და შერცხვება მოაბი ქემოშის გამო, როგორც ისრაელის სახლი შერცხვა მათი იმედის, ბეთელის გამო. 14 როგორღა ამბობთ: ‘მამაცნი ვართ და ომისათვის ძალმოსილნი?’ 15 გაიძარცვა მოაბი და მტერი ავიდა მის ქალაქებში, და მისი რჩეული ჭაბუკნი დასაკლავად ჩავიდნენ,” – სიტყვა მეფისა, უფალი ცაბაოთია სახელი მისი. – 16 „მოახლოვდა მოაბის დაღუპვა და ძალზე ჩქარობს მისი უბედურება. 17 დაიტირეთ, ყველამ, ვინც მის ირგვლივ არიან და ყველამ, ვინც კი მისი სახელი იცის, თქვით: ‘როგორ დაილეწა არგანი ძლიერებისა, კვერთხი დიდებისა?’ 18 ჩამოდი დიდებიდან და დაჯექი ურწყულში, დიბონში მცხოვრებო ასულო, რადგან მოაბის მძარცველი ამოვიდა შენზე, დაანგრია შენი სიმაგრენი. 19 დადექი გზასთან და უცქირე, ყაროყერის მცხოვრებო, ჰკითხე გაქცეულს და თავდაღწეულს: ‘რა მოხდა?’ 20 შერცხვენილია მოაბი, რადგან გაცამტვერდა; იქვითინე და იკივლე, აუწყეთ არნონში, რომ გაიძარცვა მოაბი. 21 და მსჯავრი მოვიდა ვაკის ქვეყანაზე, ხოლონზე, იაჰცაზე და მეფაათზე, 22 და დიბონზე, ნებოზე და ბეთ-დიბლათაიმზე, 23 და კირიათაიმზე, ბეთ-გამულზე და ბეთ-მაყონზე, 24 და კერიოთზე, ბოცრაზე და მოაბის ქვეყნის ყველა შორეულ და მახლობელ ქალაქზე. 25 მოკვეთილია მოაბის რქა და გადატეხილია მისი მკლავი,” – სიტყვა უფლისა. – 26 „დაათვრეთ იგი, რადგან უფლის წინააღმდეგ განდიდდა; და ტაშს შემოჰკრავს მოაბი თავის ნარწყევში და ისიც სასაცილო გახდება. 27 სასაცილო არ იყო ისრაელი შენთვის?, განა ის ქურდებში წაასწრეს, რომ როცა კი ლაპარაკობ მასზე, თავს აქნევ? 28 დატოვეთ ქალაქები და კლდეებში დასახლდით, მოაბის მცხოვრებნო, და ნაპრალის პირას დაბუდებული მტრედივით იქნებით! 29 გვესმა მოაბის ამპარტავნობა, მეტისმეტად ამაყია ის, მისი ქედმაღლობა და მისი ამპარტავნობა, მისი სიამაყე და მისი დიდგულობა. 30 მე ვიცი,” – სიტყვა უფლისა, – „მისი მძვინვარება, მაგრამ ფუყეა იგი, არაფრის მაქნისია. 31 ამიტომ ვიგოდებ მოაბზე და ყველა მოაბელზე ვიქვითინებ, კირ-ხერესის კაცებზე იკვნესებს ჩემი გული. 32 იაყეზერზე მეტად ვიტირებ შენზე, სიბმას ვაზო, შენი ტოტები ზღვას გადასცდნენ, იაყეზერის ზღვას მისწვდნენ, შენი ზაფხულის ხილსა და შენს რთველს მძარცველი დაეცა. 33 და წაერთვა სიხარული და ლხენა ქარმელს და მოაბის ქვეყანას და დავწრიტე ღვინო საწნახელში, აღარ დაწურავენ მხიარული ყიჟინით; აღარ ისმის მხიარული ყიჟინა. 34 ხეშბონის კივილს ელყალემდე და იაჰაცამდე მისცემენ თავიანთ ხმას ცოყარიდან ხორონაიმამდე და ეგლათ-შელიშიამდე, რადგან ნიმრიმის წყლებიც დაიშრიტება. 35 და მოვსპობ მოაბს,” – სიტყვა უფლისა, – „მსხვერპლის აღმვლენელს მაღლობზე და თავისი ღმერთებისთვის საკმევლის მკმეველს. 36 ამიტომ სტვირივით კვნესის ჩემი გული მოაბზე და კირ-ხერესის კაცებზე; ამიტომ მათი მოხვეჭილი სიმდიდრე დაიღუპა, 37 რადგან ყოველი თავი გამელოტდა და ყველა წვერი გაპარსულ იქნა, ყველა ხელი დაიკაწრა და წელზე ძაძები შემოერტყათ. 38 მოაბის ყველა ბანზე და მის მოედნებზე, ყველგან გოდებაა, რადგან დავამსხვრევ მოაბს, როგორც უსარგებლო ჭურჭელს!” – სიტყვა უფლისა. – 39 „როგორაა დამსხვრეული! იქვითინეთ! როგორ შეაქცია მოაბმა ზურგი! შერცხვენილია! და შეიქნა მოაბი სასაცილოდ და საშინელებად ყველას, ვინც მის ირგვლივაა.” 40 რადგან ასე თქვა უფალმა: „არწივივით დააფრინდება და ფრთებს გაშლის მოაბზე. 41 შეპყრობილი იქნება ქალაქები და დაპყრობილი – ციხე-სიმაგრენი; და იმ დღეს მოაბის მამაცთა გული მშობიარე ქალის გულივით იქნება. 42 და გაქრება მოაბი ერობიდან, რადგან უფალზე განდიდდა იგი. 43 შიში და ხნარცვი და მახე თქვენზე, მოაბის მცხოვრებნო!” – სიტყვა უფლისა. – 44 „შიშისაგან გაქცეული ხნარცვში ჩავარდება და ხნარცვიდან ამოსული მახეში გაებმება, რადგან მოვაწევ მას, მოაბს, მათი განკითხვის წელს!” – სიტყვა უფლისა. – 45 „ხეშბონის ჩრდილში გაჩერდნენ უძლური ლტოლვილნი, რადგან ცეცხლი გამოვიდა ხეშბონიდან და ალი სიხონის წიაღიდან, და შეჭამა მან მოაბის კიდეები და თხემი შფოთიან ძეთა. 46 ვაი შენ, მოაბ, დაიკარგა ხალხი ქემოშისა, რადგან ტყვედ არიან წაყვანილნი შენი ძენი და დატყვევებულნი არიან შენი ასულნი. 47 მაგრამ დავაბრუნებ მოაბის ტყვეებს უკანასკნელ დღეებში!” – სიტყვა უფლისა. აქ თავდება მოაბის განაჩენი.