HomeUncategorized

იერემია 11

ძველი აღთქმა
იერემია
111 რადგან შეჭამეს მათ იაკობი და მოსპეს ის და ააოხრეს მისი ბინა. სიტყვა უფლისა, რომელიც ესმა იერემიას: 2 „ისმინეთ აღთქმის სიტყვები და ელაპარაკეთ იუდას კაცებსა და იერუსალიმის მცხოვრებთ. 3 და უთხარი მათ, რომ ასე ამბობს უფალი ისრაელის ღმერთი: წყეულია კაცი, რომელიც არ მოისმენს ამ აღთქმის სიტყვებს, 4 რომელიც მე ვუბრძანე თქვენს მამებს ეგვიპტის ქვეყნიდან, რკინის ბრძმედიდან, მათი გამოყვანის დღეს, რომ ვუთხარი: ისმინეთ ჩემი ხმა და გააკეთეთ ყოველივე, რასაც მე გიბრძანებთ და იქნებით ჩემი ერი და მე ვიქნები თქვენი ღმერთი. 5 რათა აღვადგინო ფიცი, რომლითაც შევფიცე თქვენს მამებს, რომ მივცემდი მათ ქვეყანას, მადინებელს რძისა და თაფლისა, რომელსაც ფლობ დღეს.” და მე ვუპასუხე: „ამენ, უფალო!” 6 და მითხრა უფალმა: „წარმოთქვით ყველა ეს სიტყვა იუდას ქალაქებში და იერუსალიმის ქუჩებში: ‘ისმინეთ ამ აღთქმის სიტყვები და შეასრულეთ ისინი. 7 რადგან ვაფრთხილებდი თქვენს მამებს ეგვიპტიდან მათი გამოყვანის დღიდან ამ დღემდე, განთიადიდან ვაფრთხილებდი, უსმინეთ-მეთქი ჩემს ხმას. 8 არ უსმინეს და არ დაუგდეს ყური, და დადიოდა თითოეული თავისი ბოროტი გულის შეუპოვრობით; და მე მოვაწიე მათზე ამ აღთქმის ყველა სიტყვა, რომელიც ვუბრძანე შესასრულებლად და არ შეასრულეს.” 9 და მითხრა უფალმა: „შეთქმულება აღმოჩნდა იუდას კაცებსა და იერუსალიმის მცხოვრებთა შორის. 10 ისინი დაუბრუნდნენ თავიანთი მამების ურჯულოებას, რომლებმაც უარი თქვეს ჩემი სიტყვების მოსმენაზე, უკან გაჰყვნენ სხვა ღმერთებს, და ემსახურებოდნენ მათ. ისრაელის სახლმა და იუდას სახლმა დაარღვიეს ჩემი აღთქმა, რომელიც მე დავდე მათ მამებთან. 11 ამიტომ ასე ამბობს უფალი: აჰა, მოვაწევ მათზე უბედურებას, რომლისგან თავის დაღწევას ვერ შეძლებენ, მაშინ შემომღაღადებენ, მაგრამ მე არ მოვუსმენ მათ. 12 და წავლენ იუდას ქალაქები და იერუსალიმის მცხოვრებნი და შეჰღაღალებენ ღმერთებს, რომელთაც ისინი უკმევენ, მაგრამ ხსნით ვერ იხსნიან ისინი მათი უბედურების ჟამს. 13 რადგან შენი ქალაქების რიცხვისამებრ გყავდა შენ ღმერთები, იუდასი და იერუსალიმის ქუჩების რიცხვისამებრ დასდეთ სამსხვერპლოები სასირცხვილოდ, სამსხვერპლოები ბაყალისათვის საკმევლად. 14 ნუ ილოცებ ამ ერისათვის და ნუ აამაღლებ მათზე ვედრებასა და ლოცვას, რადგან არ მოვისმენ, როდესაც შემომღაღადებენ თავიანთი უბედურების ჟამს. 15 რა უნდა ჩემს მეგობარს ჩემს ტაძარში, როცა ბოროტებას სჩადის? და სამსხვერპლო ხორცი ჩაგივლის გვერდზე, რადგან სიავეს რომ სჩადიხარ, მაშინ ხარობ. 16 ამწვანებული, მშვენიერი და ლამაზნაყოფიანი ზეთისხე გიწოდა შენ სახელად უფალმა; დიდი ღრიანცელის ხმაზე წაეკიდა ცეცხლი მას და გაუფუჭდა რტოები. 17 და უფალმა ცაბაოთმა, შენმა დამრგველმა, წარმოთქვა შენზე ბოროტი ისრაელის სახლისა და იუდას სახლის ბოროტების გამო, რომელსაც ჩემს გასაჯავრებლად აკეთებდნენ, ბაყალს რომ უკმევდნენ. 18 უფალმა მაცოდინა და მე ვიცი ეს. მაშინ მიჩვენე შენ მათი ნამოქმედარი. 19 მე კი დასაკლავად მიყვანილი უწყინარი კრავივით ვიყავი და არ ვიცოდი, რომ ჩემზე განიზრახეს ბნელი ზრახვა, რომ თქვეს: „შევმუსროთ ხე მისი პურით და მოვსპოთ ცოცხალთა ქვეყნიდან, რომ მისი სახელი აღარ იხსენებოდეს მეტად.” 20 უფალო ცაბაოთ! სამართლიანო მოსამართლევ, გამომცდელო თირკმლებისა და გულისა, დამანახვე შენი შურისძიება მათზე, რადგან შენ მოგანდე ჩემი საქმე. 21 ამიტომ ასე ამბობს უფალი ყანათოთელ კაცებზე, შენი სულის მაძიებლებზე, რომლებიც ამბობენ: „ნუ წინასწარმეტყვლებ უფლის სახელით და არ მოკვდები ჩვენი ხელით.” 22 ამიტომ ასე ამბობს უფალი ცაბაოთი: „აჰა, მე დავსჯი მათ, ჭაბუკნი მახვილით მოკვდებიან, მათი ძენი და მათი ასულნი კი – შიმშილით. 23 მათგან არავინ გადარჩება, რადგან უბედურებას მოვაწევ ყანათოთელ კაცებზე მათი დასჯის წელს.”
თავი მეათე                                                                                                                                       თავი მეთორმეტე

COMMENTS