ძველი აღთქმა
იერემია
501 სიტყვა, რომელიც წარმოთქვა უფალმა ბაბილონზე და ქალდეველთა ქვეყანაზე წინასწარმეტყველ იერემიას მეშვეობით. 2 „აუწყეთ და ასმინეთ ხალხებში, და აღმართეთ ალამი, ასმინეთ, ნუ დამალავთ და თქვით: ‘შეპყრობილია ბაბილონი, შერცხვენილია ბელი, დალეწილია მარდუქი, შერცხვენილია მისი კერპები, დალეწილია მათი ძეგლები!’ 3 რადგან მის წინააღმდეგ აღდგა ხალხი ჩრდილოეთიდან, უდაბნოდ აქცევს მის ქვეყანას და არ იქნება მასში მცხოვრები; ადამიანიდან საქონლამდე – ყველა დაიძრა და წავიდა. 4 იმ დღეებში და იმ დროს,” – სიტყვა უფლისა, – „მოვლენ ისრაელის ძენი, ისინი და იუდას ძენი ერთად ივლიან ტირილით, და დაუწყებენ ძებნას უფალს, თავიანთ ღმერთს. 5 სიონზე იკითხავენ, ამ გზას მიაქცევენ პირს: ‘მოდით შევუერთდეთ უფალს, საუკუნო აღთქმა არ იქნება დავიწყებული!’ 6 გზააბნეული ცხვარი იყო ჩემი ერი, მათმა მწყემსებმა აცთუნეს ისინი, მთებისაკენ შეაბრუნეს, მთიდან ბორცვზე ხეტიალობდნენ, დაივიწყეს თავიანთი წამოსაწოლი. 7 ყველა მათი მპოვნელი ჭამდა მათ და მათი მტრები ამბობდნენ: ‘არ ვართ დამნაშავე, რადგან შესცოდეს უფალს, სიმართლის სავანეს, და უფალს, მათი მამების იმედს.’ 8 დაიძარით ბაბილონიდან და ქალდეველთა ქვეყნიდან გამოდით; და იქნებით, როგორც ვაცები ფარის წინამძღოლნი, 9 რადგან აჰა, მე გამოვაღვიძებ და აღვძრავ ბაბილონზე ბრბოს დიდი ხალხისა ჩრდილოეთის ქვეყნიდან, და დაეწყობიან ისინი მის წინააღმდეგ და შეპყრობილ იქნება იგი; მისი ისრები მსგავსად ნაცადი მეომრისა, არ ბრუნდებიან ამაოდ. 10 და ქალდეა ნადავლად იქცევა და გაძღება ყველა მისი მძარცველი,” – სიტყვა უფლისა, – 11 „რადგან გიხაროდათ და ილხენდით, წამგლეჯელნო ჩემი სამკვიდრებლისა; რადგან გასუქდით, როგორც დეკეული ბალახზე, და ჭიხვინებდით, როგორც ბედაურნი. 12 დიდად შერცხვება თქვენი დედა, გაწითლდება თქვენი მშობელი; აჰა, ბოლო ხალხებისა – უდაბნო, ურწყული და ტრამალი. 13 უფლის რისხვის გამო არ დასახლდება და უდაბნოდ იქცევა ერთიანად. ყოველი, ბაბილონზე გამვლელი, გაოცდება და დასცინებს მის ყველა ჭრილობას. 14 ჩამწკრივდით ბაბილონის ირგვლივ, ყველა მშვილდის მომზიდველნო, ესროლეთ მას, ნუ დაინანებთ ისარს, რადგან შესცოდა მან უფალს. 15 დასძახეთ მის წინააღმდეგ ირგვლივ, ხელი ჩაუშვა მან, ჩაიქცა მისი საფუძვლები, დაინგრა მისი გალავნები, რადგან უფლის შურისძიებაა ეს; შური იძიეთ მასზე, როგორც მოიქცა, ისე მოექეცით მას. 16 მთესველი მოსპეთ ბაბილონიდან და ნამგლის დამჭერი მოსავლის აღებისას. ყოველი თავისი ერისაკენ მიბრუნდეს და ყოველი თავის ქვეყანაში გაიქცეს დამღუპველი მახვილისაგან. 17 გაფანტული ცხვარია ისრაელი, ლომებმა გააძევეს იგი. პირველმა აშურის მეფემ შეჭამა იგი და ამ უკანასკნელმა, ბაბილონის მეფემ ნაბუქოდონოსორმა ძვლები დაუმტვრია მას.” 18 ამიტომ ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა, ისრაელის ღმერთმა: „მე დავსჯი ბაბილონის მეფეს და მის ქვეყანას, როგორც დავსაჯე მეფე აშურისა. 19 და დავაბრუნებ მე ისრაელს თავის საძოვარზე და დამწყესავს ის ქარმელზე და ბაშანზე, და ეფრემისა და გილყადის ბორცვებზე გაძღება მისი სული. 20 იმ დღეებში და იმ დროს,” – სიტყვა უფლისა, – „მოიკითხავს ისრაელის ურჯულოებას და არ იქნება იგი, და იუდას ცოდვებს – და ვერ იპოვნიან, რადგან მივუტევებ მათ, ვისაც ცოცხლებში დავტოვებ. 21 მერათაიმის ქვეყანაზე გაილაშქრე, მასზე და ფეკოდის მცხოვრებლებზე და ააოხრე და გაანადგურე ყველაფერი მათ შემდეგ,” – სიტყვა უფლისა, – „და გააკეთე ყოველივე, როგორც მე გიბრძანე! 22 ბრძოლის ხმაა ქვეყანაში და დიდი ნგრევა. 23 როგორ გატყდა და დაიმტვრა ჩაქუჩი მთელი ქვეყნისა! როგორ იქცა ბაბილონი შიშისზარად ხალხებში? 24 მახე დაგიგე და შეპყრობილ იქენ, ბაბილონო, შენ კი არ იცოდი. აღმოჩენილი და დაჭერილი ხარ, რადგან აუჯანყდი უფალს. 25 გახსნა უფალმა თავისი საცავი და გამოიტანა ჭურჭელი თავისი რისხვისა, რადგან უფალს, ცაბაოთ ღმერთს საქმე აქვს ქალდეველთა ქვეყანაში. 26 მოდით მასზე ყოველი კიდიდან, გახსენით მისი ბეღლები, გათელეთ იგი ზვინებივით და მოსრეთ სრულად, რათა არ დარჩეს მისგან ნატამალი. 27 მახვილს მიეცით მისი ყველა მოზვერი, ჩავიდნენ დასაკლავად; ვაი მათ, რადგან მოვიდა მათი დღე, ჟამი მათი განკითხვისა. 28 გაქცეულთა და ლტოლვილთა ხმაა ბაბილონის ქვეყნიდან, რათა სიონზე გამოაცხადონ უფლის, ჩვენი ღმერთის შურისძიება მისი ტაძრის გამო. 29 მოუხმეთ ბაბილონის წინააღმდეგ მრავალთ, ყველა მშვილდის მომზიდველს, ბანაკად შემოეწყვეთ მის ირგვლივ, რათა არ იყოს მისთვის ხსნა, მისი საქმისამებრ მიუზღეთ მას. როგორც მოიქცა, ისე მოექეცით, რადგან ბოროტი განიზრახა უფლის, ისრაელის წმიდის წინააღმდეგ. 30 ამიტომ მისი ჭაბუკნი მის მოედნებზე დაეცემიან და ყველა მისი მებრძოლი დაიღუპება იმ დღეს.” – სიტყვა უფლისა. – 31 „აჰა, შენს წინააღმდეგ ვარ, ბოროტგანმზრახველო,” – სიტყვა უფლისა, ცაბაოთ ღმერთისა, – „რადგან მოვიდა შენი დღე, ჟამი შენი განკითხვისა. 32 და წაიბორძიკებს ბოროტგანმზრახველი და დაეცემა, და არავინ იქნება მისი ამყენებელი; ცეცხლს დავანთებ მის ქალაქებში და შეჭამს ყოველივეს მის ირგვლივ.” 33 ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა: „ჩაგრულნი არიან ისრაელის ძენი და იუდას ძენი მათთან ერთად და ყველა მათ დამტყვევებელს მაგრად უჭირავთ ისინი, არ უნდათ მათი გაშვება. 34 მაგრამ ძლიერია მათი გამომხსნელი, უფალი ცაბაოთია მისი სახელი, ის გაარჩევს მათ საქმეს, რათა დაამშვიდოს ქვეყანა და ააკანკალოს ბაბილონის მცხოვრებნი. 35 მახვილი ქალდეველებზე,” – სიტყვა უფლისა, – „და ბაბილონის მცხოვრებლებზე, მის მთავრებზე და მის ბრძენებზე; 36 მახვილი მატყუარებზე და შეიშლებიან ისინი, მახვილი მის მამაცებზე და დაილეწებიან ისინი; 37 მახვილი მის ცხენებზე და მის ეტლებზე და ყველა მის უცხოტომელ მებრძოლზე, რომლებიც მასში არიან, და დიაცებად იქცევიან ისინი, მახვილი მის საგანძურებს და დატაცებული იქნებიან. 38 სიმშრალე მის წყლებს და ამოშრებიან ისინი, რადგან ქანდაკთა ქვეყანაა ის და შეიშლებიან ისინი კერპთა საფრთხობელებით. 39 ამიტომ იცხოვრებენ იქ აფთარნი ტურებთან ერთად, და სირაქლემები იცხოვრებენ მასში! და აღარ დასახლდება არასოდეს და არ გაკაცრიელდება თაობიდან თაობამდე. 40 როგორც ღვთისგან დაქცეული სოდომი და გომორა და მისი მეზობელი ქალაქები,” – სიტყვა უფლისა, – „ასევე იქაც კაციშვილი არ იცხოვრებს და ადამის ძე არ დასახლდება მასში. 41 აჰა, ერი მოდის ჩრდილოეთიდან, დიდი ხალხი, და მრავალი მეფე იღვიძებს ქვეყნის კიდეებიდან; 42 მშვილდი და ლახვარი უჭირავთ მათ; სასტიკნი არიან და შეუბრალებელნი, მათი ხმა ზღვასავით გრგვინავს და ცხენებზე არიან ამხედრებულნი; როგორც ერთი, მზად არიან შენთან საბრძოლველად, ბაბილონის ასულო! 43 მოესმა ბაბილონის მეფეს მათზე ამბავი და ხელები მოუდუნდა, ტანჯვამ და ტკივილმა შეიპყრო იგი მშობიარესავით. 44 ლომივით ამოვა მტერი იორდანეს უღრანიდან მტკიცე საცხოვრებლებზე, მე წამში გავაქცევ მათ იქიდან და, ვინც ამორჩეულია, იმას დავადგენ მასზე; რადგან ვინ არის ჩემი მსგავსი და ვინ დამიწესებს ჟამს? და ვინაა ის მწყემსი, ვინც წინ დამიდგება მე?” 45 ამიტომ ისმინეთ უფლის გადაწყვეტილება, რაც ბაბილონზე გადაწყვიტა და მისი განზრახვები, რაც ქალდეველთა ქვეყანაზე განიზრახა. მართლაც ყველაზე პატარა ბატკნები ათრევენ მათ; მართლაც ააოხრებენ მათ საცხოვრებელს. 46 ბაბილონის დაპყრობის ხმისაგან იზანზარებს ქვეყანა და კივილი გაისმება ხალხებში.