HomeUncategorized

იერემია 41

ძველი აღთქმა
იერემია
411 და იყო მეშვიდე თვეს: ისმაელი, ძე ნეთანიასი, ძისა ელიშამაყისა, სამეფო თესლიდან, და მეფის დიდებულნი და ათი კაცი მასთან ერთად, მოვიდნენ მიცფას გედალიაჰუ, ახიკამის ძესთან, და ერთად ჭამეს იქ პური მიცფაში. 2 და ადგა ისმაელ ნეთანიას ძე – ის და ათი კაცი, რომელიც მასთან იყო, და დასცეს გედალიაჰუ, ძე ახიკამისა, ძისა შაფანისა, მახვილით; და მოკლა მან იგი, ვინც ბაბილონის მეფემ დანიშნა ქვეყანაში განმგებლად. 3 და ასევე დახოცა ისმაელმა ყველა იუდაელი, რომლებიც მასთან, გედალიაჰუსთაან, იყო მიცფაში, და ქალდეველნი, რომელნიც იქ იმყოფებოდნენ, მებრძოლი კაცები. 4 მეორე დღეს, მას შემდეგ, რაც გედალიაჰუ მოკლეს, და არავინ იცოდა ამის შესახებ, 5 მოვიდნენ კაცები შექემიდან, შილოდან და სამარიიდან, ოთხმოცი წვერგაპარსული და ტანსაცმელშემოგლეჯილი და დაკაწრული კაცი, ხელში კი ძღვენი და გუნდრუკი ჰქონდათ უფლის სახლში მისატანად. 6 და გამოვიდა ისმაელ ნეთანიას ძე მიცფადან მათ შესაგებებლად, მოდიოდა და ტიროდა; და როდესაც შეხვდა მათ, უთხრა: „მიდით გედალიაჰუ ახიკამის ძესთან.” 7 და ქალაქის შიგნით მათი შესვლისას ისმაელმა, ნეთანიას ძემ, დახოცა ისინი, და ჩაყარეს ორმოში მან და კაცებმა, რომლებიც მასთან იყვნენ. 8 მაგრამ ათი კაცი იმყოფებოდა მათ შორის, რომლებმაც უთხრეს ისმაელს: „ნუ მოგვკლავ, რადგან ჩვენ საიდუმლო საუნჯენი გვაქვს მინდორში – ხორბლისა და ქერისა, ზეთისა და თაფლისა;” და გაანება მან თავი და არ დახოცა ისინი მათ ძმებთან ერთად. 9 ორმო კი, რომელშიც ისმაელმა ჩაყარა ყველა იმ კაცთა გვამები, რომლებიც დახოცა გედალიაჰუს გამო, სწორედ ის იყო, მეფე ასამ რომ გააკეთა ისრაელის მეფის ბაშას გამო. ის ორმო გაავსო ისმაელ ნეთანიას ძემ დახოცილებით. 10 და დაატყვევა ისმაელმა ერის ყველა ნარჩენი, რომელიც მიცფაში იყო, მეფის ასულნი და მიცფაში დარჩენილი ხალხი, რომელებიც ნებუზარადანმა, მცველთა უფროსმა, ჩააბარა გედალიაჰუ ახიკამის ძეს და ტყვედ წაიყვანა ისინი ისმაელ ნეთანიას ძემ, და წავიდა, რომ ყამონიანებთან გადასულიყო. 11 და გაიგეს იოხანან კარეახის ძემ და ყველა მხედართმთავარმა, რომლებიც მასთან იყვნენ, ყველა ის ბოროტება, რაც ისმაელ ნეთანიას ძემ ჩაიდინა, 12 და გაიყვანეს ყველა კაცი და წავიდნენ ისმაელ ნეთანიას ძესთან საბრძოლველად და იპოვეს იგი დიდ წყლებთან, რომლებიც გაბეონშია, 13 და გაიხარა მთელმა ხალხმა, რომელიც ისმაელთან იყო, როდესაც დაინახა იოხანან კარეახის ძე და ყველა მხედართმთავარი, რომლებიც მასთან იყვნენ. 14 და მთელი ხალხი, რომელიც ისმაელმა დაატყვევა მიცფადან, მოტრიალდა და დაბრუნდა და წავიდა იოხანანთან, კარეახის ძესთან. 15 მაგრამ ისმაელ ნეთანიას ძემ რვა კაცით დააღწია თავი იოხანანისაგან და წავიდა ყამონიანებთან. 16 მაშინ იოხანან კარეახის ძემ და ყველა მხედართმთავარმა, რომლებიც მასთან იყვნენ, აიყვანეს მთელი ნარჩენი ხალხი მიცფადან, რომელიც ისმაელისაგან, ნეთანიას ძისაგან დააბრუნა მან მას შემდეგ, რაც მან მოკლა გედალიაჰუ ახიკამის ძე: მებრძოლი მამაკაცები და ქალები და ბავშვები და საჭურისნი, რომლებიც მან დააბრუნა გაბეონიდან. 17 და წავიდნენ ისინი და დასახლდნენ გერუთ-გიმჰამში, რომელიც ბეთლემთან იყო, რათა წასულიყვნენ ეგვიპტეში 18 ქალდეველთა გამო, რადგანაც ეშინოდათ მათი, ვინაიდან ისმაელ ნეთანიას ძემ მოკლა გედალიაჰუ ახიკამის ძე, რომელიც ბაბილონის მეფემ დანიშნა ქვეყანაში.

თავი მეორმოცე                                                                                                                           თავი ორმოცდამეორე

COMMENTS