ძველი აღთქმა
იერემია
421 ამის შემდეგ მივიდა ყველა მხედართმთავარი და იოხანან კარიახის ძე და იეზანია ჰოშაყიას ძე, და მათთან ერთად მთელი ერი დიდიან პატარიანად 2 და უთხრეს იერემია წინასწარმეტყველს: „შეისმინე ჩვენი შენდამი მუდარა და შეევედრე ჩვენზე უფალს, შენს ღმერთს, მთელ ამ დარჩენილ ხალხზე, რადგან როგორც გვხედავს შენი თვალი, ცოტანი დავრჩით ბევრიდან, 3 და გვაჩვენოს, შენმა ღმერთმა გზა, რომლითაც უნდა ვიაროთ და საქმე, რომელიც უნდა გავაკეთოთ.” 4 და უთხრა მათ იერემია წინასწარმეტყველმა: „მოვისმინე და შევევედრები უფალს, თქვენს ღმერთს, თქვენი სიტყვისამებრ, და ყველაფერს, რასაც უფალი მიპასუხებს თქვენზე, გეტყვით თქვენ, არ დაგიმალავთ არაფერს.” 5 და მათ უთხრეს იერემიას: „უფალი იყოს ჩვენს ჭეშმარიტ და მტკიცე მოწმედ, თუ ჩვენ არ შევასრულებთ ყოველივე იმას, რითაც უფალი, შენი ღმერთი, მოგავლენს ჩვენთან. 6 კარგი იქნება თუ ცუდი, მოვუსმენთ უფლის, ჩვენი ღმერთის ხმას, რომელთანაც ჩვენ გგზავნით შენ, რათა სასიკეთო იყოს ჩვენთვის, როდესაც მოვუსმენთ უფლის, ჩვენი ღმერთის ხმას.” 7 ათი დღის ბოლოს იყო სიტყვა უფლისა იერემიას მიმართ. 8 და მოიხმო იოხანან კარიახის ძე და ყველა მხედართმთავარი, რომლებიც მასთან იყვნენ, და მთელი ერი დიდიან პატარიანად. 9 და უთხრა მათ: „ასე თქვა უფალმა, ისრაელის ღმერთმა, რომელთანაც გამგზავნეთ მე, რომ წარმედგინა მის წინაშე თქვენი მუდარა: 10 ‘თუ დასახლდებით ამ ქვეყანაში, მაშინ მე აგაშენებთ თქვენ და არ დაგანგრევთ, დაგრგავთ და არ აღმოგფხვრით, რადგან ვნანობ მე იმ ბოროტების გამო, რომელიც მოვაწიე თქვენზე. 11 ნუ შეგეშინდებათ ბაბილონის მეფისა, რომლისაც გეშინიათ, ნუ შეგეშინდებათ მისი,’ – სიტყვა უფლისა, – ‘რადგან მე თქვენთანა ვარ, რომ გიხსნათ და გადაგარჩინოთ მისი ხელიდან. 12 მე მოგცემთ წყალობას და ის შეგიწყალებთ თქვენ და დაგაბრუნებთ თქვენს მიწაზე. 13 მაგრამ თუ იტყვით: „არ დავსახლდებით ამ ქვეყანაში”, რათა არ მოუსმინოთ უფლის, თქვენი ღმერთის ხმას, 14 იტყვით: „წავალთ ეგვიპტის ქვეყანაში, სადაც არ ვიხილავთ ომს და არ მოვისმენთ საყვირის ხმას, და პური არ მოგვშივდება და იქ დავსახლდებით,’” 15 – მაშ ისმინეთ უფლის სიტყვა იუდას ნატამალო, ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა, ისრაელის ღმერთმა: ‘თუ თქვენს პირს მიაქცევთ ეგვიპტეში წასავლელად და მიხვალთ იქ საცხოვრებლად, 16 მაშინ მახვილი, რომლისაც გეშინიათ, მოგეწევათ თქვენ ეგვიპტის ქვეყანაში და შიმშილი, რომელიც თქვენ გაწუხებთ, დაგედევნებათ და იქ დაიხოცებით. 17 და ყველა კაცი, რომელმაც პირი მიაქცია ეგვიპტეში წასასვლელად და იქ საცხოვრებლად, მახვილით, შიმშილით და შავი ჭირით მოკვდება, და არ ეყოლებათ მათ გადარჩენილი და თავდაღწეული იმ უბედურებისაგან, რომელსაც მე მოვაწევ მათზე.’ 18 რადგან ასე თქვა უფალმა ცაბაოთმა, ისრაელის ღმერთმა: ‘როგორც ჩემი რისხვა და ჩემი გულისწყრომა გადმოიღვარა იერუსალიმის მკვიდრებზე, ისე გადმოიღვრება ჩემი გულისწყრომა თქვენზე ეგვიპტეში თქვენი მისვლისას. და იქნებით თქვენ საწყევლად და საშინელებად, და საგინებლად და შესარცხვენად და ვეღარ იხილავთ მეტად ამ ადგილს. 19 თქვენზე თქვა უფალმა, იუდას ნატამალო: ‘არ წახვიდეთ ეგვიპტეში,’ იცოდეთ, რომ გაგაფრთხილეთ თქვენ დღეს. 20 რადგან თქვენ თვითონ აცთუნეთ თქვენი სული, რომ გამგზავნეთ უფალთან, თქვენს ღმერთთან თხოვნით: ‘შეევედრე ჩვენზე უფალს, ჩვენს ღმერთს და ყოველივეს, რასაც უფალი, ჩვენი ღმერთი იტყვის, გავაკეთებთ ჩვენ.’ 21 და მე გითხარით დღეს თქვენ და არ მოუსმინეთ უფლის, ჩვენი ღმერთის ხმას და ყოველივეს, რითაც მან გამომგზავნა თქვენთან. 22 ახლა იცოდეთ, რომ მახვილით, შიმშილითა და ჭირით დაიხოცებით იმ ადგილზე, სადაც თქვენ საცხოვრებლად გსურდათ წასვლა.”