HomeUncategorized

გამოსვლა 40

ძველი აღთქმა
გამოსვლა
40 1 და უთხრა უფალმა მოსეს: 2 „პირველი თვის პირველ დღეს დადგი საკრებულო კარავი. 3 და დადგი იქ კიდობანი მოწმობისა, და ჩამოაფარე კიდობანს ფარდა. 4 და შეიტანე ტაბლა, და განალაგე მასზე მისი საგნები, და შეიტანე სასანთლე და დადგი ზედ მისი კანდელები. 5 და დადგი ოქროს სამსხვერპლო საკმევლისათვის მოწმობის კიდობნის წინ, და ჩამოჰკიდე ფარდა სავანის შესასვლელთან. 6 და დადგი სამსხვერპლო სრულადდასაწველისა საკრებულო კარვის შესასვლელის წინ. 7 და დადგი საბანელი საკრებულო კარავსა და სამსხვერპლოს შორის და ჩაასხი შიგ წყალი. 8 და მოაწყვე ეზო ირგვლივ და ჩამოჰკიდე ფარდა ეზოს კარიბჭეზე. 9 აიღე ზეთი და სცხე სავანეს და ყოველივეს, რაც მასშია, და წმიდა ჰყავ იგი და ყოველი მისი ჭურჭელი და წმიდა იქნება. 10 და სცხე სრულადდასაწველის სამსხვერპლოს და ყოველ მის ჭურჭელს, და წმიდა ჰყავ სამსხვერპლო, და წმიდათა წმიდა იქნება სამსხვერპლო. 11 და სცხე საბანელს და მის კვარცხლბეკს და წმინდა ჰყავ იგი. 12 და მიიყვანე აარონი და მისი ძენი საკრებულო კარვის შესასვლელთან, და განბანე ისინი წყლით. 13 და შემოსე აარონი წმიდა შესამოსლით, და სცხე მას, და წმიდა ჰყავ იგი, რათა მღვდლობა გამიწიოს. 14 და მისი ძენი მოიყვანე და შემოსე ისინი კვართებით. 15 და სცხე მათ, როგორც სცხე მათ მამას, რათა მღვდლობა გამიწიონ, და იყოს მათი ცხება საუკუნო მღვდლობად მათ თაობებში!” 16 და გააკეთა მოსემ ყოველივე, როგორც უბრძანა უფალმა მას. 17 და მეორე წლის პირველ თვეს, თვის პირველ დღეს, აღმართულ იქნა სავანე. 18 და აღმართა მოსემ სავანე, და დადგა მისი კვარცხლბეკები, და აღმართა მისი ძელები, და დააყენა მისი ძელაკები, და აღმართა მისი სვეტები. 19 და გადააფარა საფარველი სავანეს და დაადო საფარველის საბურველი ზემოდან, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. 20 და აიღო და ჩადო მოწმობა კიდობანში, და გაუყარა კეტები კიდობანს და დაადგა სარქველი კიდობანს ზემოდან. 21 და შეიტანა კიდობანი სავანეში, და ჩამოჰკიდა ფარდა და დაფარა კიდობანი მოწმობისა, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. 22 და დადგა ტაბლა საკრებულო კარავში, კარვის ჩრდილოეთ მხარეს, ფარდის გარეთ. 23 და დააწყო მასზე პური წყობით უფლის წინაშე, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. 24 და დადგა სასანთლე საკრებულო კარავში ტაბლის პირისპირ, სავანის სამხრეთ მხარეს. 25 და აანთო კანდელები უფლის წინაშე, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. 26 და დადგა ოქროს სამსხვერპლო საკრებულო კარავში ფარდის წინ. 27 და აკმია მასზე სურნელოვანი საკმეველი, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს. 28 და ჩამოჰკიდა ფარდა სავანის შესასვლელში. 29 და დადგა სრულადდასაწველის სამსხვერპლო საკრებულო კარვის სავანის შესასვლელში, და აღავლინა მასზედ სრულადდასაწველი და ძღვენი პურისა, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს მოსესთვის. 30 და დადგა საბანელი საკრებულო კარავსა და სამსხვერპლოს შორის, და ჩაასხა შიგ წყალი განსაბანად. 31 და განიბანეს მასში მოსემ და აარონმა და მისმა ძეებმა ხელები და ფეხები. 32 საკრებულო კარავში შესვლისას, ან სამსხვერპლოსთან მიახლოებისას განიბანებოდნენ ისინი, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს მოსესთვის. 33 და მოაწყო ეზო სავანესა და სამსხვერპლოს ირგვლივ, და ჩამოჰკიდა ფარდა ეზოს კარიბჭეზე. და დაასრულა მოსემ საქმე. ღრუბელმა აღავსო საკრებულო კარავი 34 და დაჰფარა ღრუბელმა საკრებულო კარავი, და უფლის დიდებამ აღავსო სავანე. 35 და ვერ შევიდა მოსე საკრებულო კარავში, რადგან დაივანა მასზე ღრუბელმა და უფლის დიდებამ აღავსო სავანე. 36 როცა ასცილდებოდა სავანეს ღრუბელი, აიყრებოდნენ ხოლმე ისრაელის ძენი ყოველი მათი აყრისას. 37 და თუ არ ასცილდებოდა ღრუბელი, არ აიყრებოდნენ იმ დღემდე, როცა ასცილდებოდა.
თავი ოცდამეცხრამეტე                                                                                                                                  ლევიანნი

COMMENTS