HomeUncategorized

გამოსვლა 4

ძველი აღთქმა
გამოსვლა

41 და თქვა მოსემ:„არ დამერწმუნებიან და არ მოისმენენ ჩემს ხმას, რადგან მეტყვიან, არ გამოგცხადებიაო უფალი.” 2 და თქვა უფალმა: „რა გაქვს ხელში?” თქვა: „კვერთხი.” 3 და თქვა: „დააგდე მიწაზე!” და დააგდო ის მიწაზე და იქცა გველად, და გაიქცა მოსე მისგან. 4 და უთხრა უფალმა მოსეს: „გაიწოდე ხელი და დაიჭირე იგი კუდით.” და მან გაიწოდა ხელი და დაიჭირა იგი, და გადაიქცა კვერთხად მის ხელში. 5 „ეს იმისთვის, რათა ირწმუნონ, რომ გამოგეცხადა შენ უფალი, მათი მამების ღმერთი, ღმერთი აბრაამისა, ღმერთი ისაკისა და ღმერთი იაკობისა. 6 და უთხრა მას უფალმა კვლავ: „ჩაიყავი ხელი უბეში.” და მან ჩაიყო ხელი უბეში და, როდესაც უკან გამოიღო, აჰა, მისი ხელი თოვლივით იყო კეთრისგან. 7 და უთხრა: „ისევ ჩაიყავი ხელი უბეში.” და ჩაიყო მან ხელი უბეში. უკან გამოიღო ხელი უბიდან და აჰა, დაუბრუნდა მას თავისი ხორცის ფერი. 8 „და თუ არ დაგერწმუნებიან და არ მოისმენენ პირველი სასწაულის ხმას, მეორე სასწაულის ხმას მაინც დაერწმუნებიან. 9 და თუ არ დაერწმუნებიან ამ ორივე სასწაულს და არ მოისმენენ შენს ხმას, აიღებ მდინარის წყლიდან და დაღვრი ხმელეთზე. და ეს წყალი, რომელსაც ამოიღებ მდინარიდან, სისხლად გადაიქცევა ხმელეთზე.” 10 და უთხრა მოსემ უფალს: „გევედრები, უფალო! მე არ ვყოფილვარ კაცი ენამჭევრი არც გუშინ, არც გუშინწინ, და არც მაშინ, როცა შენ დაელაპარაკე შენს მსახურს, რადგან ბაგემძიმე და ენამძიმე ვარ.” 11 და უთხრა მას უფალმა: „ვინ მისცა ბაგე კაცს ან ვინ ბადებს მუნჯს ან ყრუს, ან მხედველს, ან ბრმას, თუ არა მე, უფალი? 12 და ახლა წადი და მე ვიქნები შენს ბაგესთან, და გასწავლი, რაც უნდა თქვა.” 13 და თქვა მოსემ: „გევედრები, უფალო! სხვა მიავლინე ამის გასაკეთებლად.” 14 და აღეგზნო უფლის რისხვა მოსეზე, და თქვა: „განა შენი ძმა არ არის ლევიანი აარონი? მე ვიცი, რომ ლაპარაკით ის ილაპარაკებს, და აჰა, იგი გამოვა შენს შესახვედრად, და დაგინახავს. და გულით გაიხარებს. 15 და ილაპარაკებ მასთან და მისცემ სიტყვებს მის ბაგეს. და მე ვიქნები შენს ბაგესთან და მის ბაგესთან, და გასწავლით, რაც უნდა გააკეთოთ. 16 და ილაპარაკებს ის შენს მაგიერ ხალხის მიმართ. და ის იქნება შენთვის ბაგე, და შენ იქნები მისთვის ღმერთი. 17 და აიღე ხელში ეს კვერთხი, რომლითაც სასწაულებს მოახდენ.” 18 და წამოვიდა მოსე და დაბრუნდა ითროსთან, თავის სიმამრთან, და უთხრა მას: „წავალ და დავუბრუნდები ჩემს ძმებს, რომელნიც ეგვიპტეში არიან, და ვნახავ, თუ კიდევ ცოცხალნი არიან?” და უთხრა ითრომ მოსეს:„წადი მშვიდობით.” 19 და უთხრა უფალმა მოსეს მიდიანში: „წადი, დაბრუნდი ეგვიპტეში, რადგან ყველანი დაიხოცნენ, ვინც შენს სულს ეძებდნენ.” 20 და აიყვანა მოსემ თავისი ცოლი და თავისი ვაჟები, და შესხა ისინი სახედარზე, და დაბრუნდა ეგვიპტის ქვეყანაში. და აიღო მოსემ ღვთის კვერთხი ხელში. 21 და უთხრა უფალმა მოსეს: „როცა წახვალ ეგვიპტეში დასაბრუნებლად, იცოდე, ყოველი სასწაული, რომელიც ხელთ მოგეცი, მოახდინე ფარაონის წინაშე. და მე გავამძვინვარებ მის გულს, და არ გაუშვებს ხალხს. 22 და უთხარი ფარაონს: ასე თქვა-თქო უფალმა: ‘ჩემი პირმშო შვილია ისრაელი.’ 23 და მე გითხარი, გაუშვი-მეთქი ჩემი შვილი, რომ მემსახუროს. და თუ არ გაუშვებ, აჰა, მე მოვკლავ შენს შვილს, შენს პირმშოს!” 24 და იყო გზაზე ღამის სათევში, და შეხვდა მას უფალი და დაუპირა მოკვლა. 25 და აიღო ციფორამ კაჟი და დაუცვითა ჩუჩა შვილს და ფერხთით დაუგდო, და თქვა: „სისხლის სიძე ხარ შენ ჩემთვის.” 26 და მოცილდა უფალი მას, და მაშინ ციფორამ თქვა: „სისხლის სიძე წინადაცვეთის გამო.” 27 და უთხრა უფალმა აარონს: „წადი მოსეს შესახვედრად უდაბნოში.” წავიდა და შეხვდა მას ღვთის მთასთან, და აკოცა. 28 და მოუთხრო მოსემ აარონს ყოველი სიტყვა უფლისა, რომელმაც იგი მოავლინა, და ყოველი სასწაული, რომლის აღსრულებაც უბრძანა მას. 29 და წავიდა მოსე აარონთან ერთად, და შეკრიბეს მათ ისრაელის ძეთა ყოველი უხუცესი. 30 და მოუთხრო აარონმა ყოველი სატყვა, რომელიც უთხრა უფალმა მოსეს, და მოახდინა მოსემ სასწაულები ხალხის თვალწინ. 31 და ირწმუნა ხალხმა. და გაიგეს, რომ მოხედა უფალმა ისრაელის ძეთ და რომ დაინახა მათი ტანჯვა და მუხლი მოიყარეს და თაყვანი სცეს.

თავი მესამე                                                                                                                                               თავი მეხუთე

COMMENTS