გამოსვლა
31 მწყემსავდა მოსე თავისი სიმამრის, მიდიანელი მღვდლის ითროს წვრილფეხა საქონელს. წაასხა მან წვრილფეხა საქონელი უდაბნოს იქით და მიადგა ღვთის მთას, ხორებს. 2 და გამოეცხადა მას უფლის ანგელოზი ცეცხლის ალში შუაგულ მაყვალში. და დაინახა: აჰა, მაყვალს ცეცხლი უკიდია, მაგრამ მაყვალი არ იწვის. 3 და თქვა მოსემ: „წავალ და ვნახავ ამ დიდ სანახაობას, რად არ იწვის ეს მაყვალი?” 4 და დაინახა უფალმა, რომ წავიდა სანახავად, და დაუძახა მას ღმერთმა მაყვალის შუაგულიდან და უთხრა: „მოსე! მოსე!” და თქვა: „აქა ვარ”. 5 და უთხრა მას უფალმა: „ახლოს ნუ მოხვალ! გაიძრე ფეხზე შენი ფეხსაცმელი, რადგან ადგილი, სადაც შენ დგახარ, წმიდა მიწაა.” 6 და უთხრა: „მე ვარ მამაშენის ღმერთი, ღმერთი აბრაამისა, ღმერთი ისაკისა და ღმერთი იაკობისა.” და დაიფარა მოსემ სახე, რადგან შეეშინდა ღმერთის ხილვისა. 7 და უთხრა უფალმა: „ხილვით ვიხილე ტანჯვა ჩემი ხალხისა, რომელიც ეგვიპტეშია, და ვისმინე მისი კვნესა აღმსრულებელთაგან, რადგან მე ვიცი მისი სატკივარი. 8 და ჩამოვედი, რათა ვიხსნა ეგვიპტელთა ხელიდან და გამოვიყვანო იმ ქვეყნიდან, და შევიყვანო კარგსა და ვრცელ ქვეყანაში, სადაც მოედინება რძე და თაფლი – ქანაანელთა, ხეთელთა, ამორეველთა, ფერიზელთა, ხიველთა, იებუსეველთა ადგილზე. 9 და აჰა, ისრაელის ძეთა კვნესამ მოაწია ჩემამდე, და ასევე ვიხილე ჩაგვრა, რომლითაც ეგვიპტელნი ჩაგრავენ მათ. 10 ახლა კი წადი და მიგავლენ ფარაონთან, და გამოიყვანე ჩემი ხალხი, ისრაელის ძენი, ეგვიპტიდან. 11 და უთხრა მოსემ ღმერთს: „მე ვინა ვარ, რომ წავიდე ფარაონთან და გამოვიყვანო ისრაელის ძენი ეგვიპტიდან?” 12 და თქვა: „მე ვიქნები შენთან და ეს გექნება ნიშნად, მე რომ მიგავლინე: როცა გამოიყვან ამ ხალხს ეგვიპტიდან, ემსახურეთ ღმერთს ამ მთაზე.” 13 და უთხრა მოსემ ღმერთს: „აჰა, მე მივალ ისრაელის ძეებთან, და ვეტყვი მათ: თქვენი მამების ღმერთმა მომავლინა-მეთქი თქვენთან. და მეტყვიან: ‘რა არის მისი სახელი?’ რა ვუთხრა მათ?” 14 და უთხრა ღმერთმა მოსეს: „მე ვარ, რომელიც ვარ.” და თქვა „ასე უთხარი ისრაელის ძეთ – მე ვარმა მომავლინა-თქო თქვენთან.” 15 კვლავ უთხრა ღმერთმა მოსეს: „ასე უთხარი ისრაელის ძეთ: უფალმა, თქვენი მამების ღმერთმა, აბრაამის ღმერთმა, ისაკის ღმერთმა და იაკობის ღმერთმა მომავლინა თქვენთან. ეს არის საუკუნოდ სახელი ჩემი და ეს არის ჩემი სახსენებელი თაობიდან თაობამდე. 16 წადი და შეკრიბე ისრაელის უხუცესები და უთხარი მათ: უფალი, თქვენი მამების ღმერთი, გამომეცხადა მე; ღმერთი აბრაამისა, ისაკისა და იაკობისა, და თქვა ასე: ‘მონახულებით მოგინახულეთ თქვენ.დავინახე რა ხდება თქვენს თავს ეგვიპტეში. 17 მე ვთქვი: წაგიყვანთ ეგვიპტის სატანჯველიდან ქანაანელთა, ხეთელთა, ამორეველთა, ფერიზელთა, ხიველთა და იებუსეველთა ქვეყანაში, ქვეყანაში, სადაც მოედინება რძე და თაფლი.’ 18 მოისმენენ შენს ხმას, და მიხვალთ შენ და ისრაელის უხუცესნი ეგვიპტის მეფესთან, და ეტყვით მას: ‘უფალმა, ებრაელთა ღმერთმა მოგვიწოდა, ჩვენ და ახლა წავალთ სამი დღის სავალ გზაზე უდაბნოში და მსხვერპლს შევწირავთ უფალს, ჩვენს ღმერთს.’ 19 ვიცი, რომ ეგვიპტის მეფე არ გაგიშვებთ, თუ არ აიძულებს მას ძლიერი ხელი. 20 და გავიწვდი ხელს, და განვგმირავ ეგვიპტეს ყოველი ჩემი სასწაულით, რასაც მოვახდენ მასში. და ამის შემდეგ გაგიშვებთ. 21 და ამ ხალხს მადლს ვაპოვნინებ ეგვიპტელთა თვალში. როცა წახვალთ, არ წახვალთ ხელცარიელნი. 22 და ინათხოვროს ყოველმა ქალმა თავისი მეზობლისა და თავისი ხიზანი ქალისაგან ნივთი ვერცხლისა და ნივთი ოქროსი, და სამოსელი. და შემოსეთ თქვენი ძენი და ასულნი, და გაძარცვეთ ეგვიპტელნი.”