HomeUncategorized

გამოსვლა 10

დაბადება
გამოსვლა

101 და უთხრა უფალმა მოსეს: „მიდი ფარაონთან, რადგან მე დავამძიმე მისი გული და გული მისი მსახურებისა, რათა გამოვავლინო ეს ჩემი სასწაულები მათში. 2 რათა შენ მოუთხრო შენს შვილსა და შვილიშვილს, რაც გავაკეთე ეგვიპტეში და ჩემს სასწაულებზე, რომელნიც მე მოვუვლინე, და თქვენ გეცოდინებათ, რომ მე ვარ უფალი.” 3 და მივიდნენ მოსე და აარონი ფარაონთან, და უთხრეს მას: „ასე თქვა უფალმა, ებრაელთა ღმერთმა: ‘როდემდე მეურჩები? გაუშვი ჩემი ხალხი, რომ მემსახუროს. 4 თუ უარს იტყვი ჩემი ხალხის გაშვებაზე, მე ხვალ მივუსევ კალიას შენს მიწა-წყალს. 5 და დაფარავს იგი მიწისპირს და შეუძლებელი იქნება ხილვა მიწისა, და იგი შეჭამს გადარჩენილ ნატამალს,რაც სეტყვას გადაგირჩათ. და შეჭამს ყველა ხეს, მინდვრად რომ გეზრდებათ. 6 და აავსებენ შენს სახლებს და შენს მსახურთა და ყველა ეგვიპტელის სახლს, რაც არ უხილავთ შენს მამებს და შენს მამათა მამებს დღიდან ქვეყანაზე მათი მყოფობისა დღემდე.” გაბრუნდა მოსე და გამოვიდა ფარაონისგან. 7 და უთხრეს ფარაონს მსახურებმა: „როდემდე იყოს იგი ჩვენთვის დაბრკოლებად? გაუშვი ეს კაცები და ემსახურონ უფალს, თავიანთ ღმერთს. ნუთუ ჯერაც ვერ მიმხვდარხარ, რომ იღუპება ეგვიპტე?” 8 დააბრუნეს მოსე და აარონი ფარაონთან და მან უთხრა მათ: „წადით, ემსახურეთ უფალს, თქვენს ღმერთს. ვინ და ვინ არიან გამსვლელნი?” 9 და თქვა მოსემ: „ჩვენი ჭაბუკებითურთ და ჩვენი მოხუცებითურთ წავალთ, ჩვენი ძეებითურთ და ჩვენი ასულებითურთ, ჩვენი წვრილფეხა და ჩვენი მსხვილფეხა საქონლიანად, რადგან უფლის დღესასწაული გვაქვს.” 10 და უთხრა ფარაონმა მათ: „ისე უფალი იყოს თქვენთან, როგორც მე გაგიშვათ თქვენი ბავშვებიანად. იცოდეთ, ბოროტია თქვენი განზრახვა. 11 ასე არა! წადით თქვენ, კაცები, და ემსახურეთ უფალს, რაკი ამას ითხოვთ.” და გამორეკეს ისინი ფარაონისაგან. 12 და უთხრა უფალმა მოსეს: „გაიწოდე ხელი ეგვიპტის ქვეყანაზე კალიისათვის, რათა შეესიოს იგი ეგვიპტის ქვეყანას და გადაჭამოს ყოველი ბალახი ქვეყნისა, ყოველივე, რაც სეტყვას გადაურჩა.” 13 და გაიწოდა მოსემ თავისი კვერთხი ეგვიპტის ქვეყანაზე და უფალი დენიდა აღმოსავლეთის ქარს ქვეყანაზე მთელ იმ დღეს და მთელ იმ ღამეს. დადგა დილა და აღმოსავლეთის ქარმა მოიყოლია კალია. 14 შეესია კალია ეგვიპტის მთელ ქვეყანას და მოედო მთელი ეგვიპტის მიწა-წყალს ძალზე მძიმედ. არც მანამდე ყოფილა ასეთი კალია და არც მერე იქნება. 15 და დაფარა მთელი მიწის პირი და დაბნელდა ქვეყანა, და გადაჭამა მან ყოველი ბალახი მიწისა და ყოველი ნაყოფი ხისა, რომელიც სეტყვას გადაურჩა. და ეგვიპტის მთელ ქვეყანაზე არ შერჩენილა სიმწვანე ხეს და ველის ბალახს. 16 და სასწრაფოდ დაუძახა ფარაონმა მოსეს და აარონს, და უთხრა: „შევცოდე უფლის, თქვენი ღმერთის წინაშე და თქვენს წინაშე. 17 ახლა კი მომიტევეთ ჩემი ცოდვა ამ ერთხელაც და შეევედრეთ უფალს, თქვენს ღმერთს, რომ ამარიდოს ეს სიკვდილი.” 18 და გამოვიდა იგი ფარაონისგან, და შეევედრა უფალს. 19 და შემოაქცია უფალმა დასავლეთის ქარი, ძალზე ძლიერი და წაიღო კალია და მეწამულ ზღვაში ჩაყარა. ერთი კალიაც არ დარჩენილა ეგვიპტის მთელ მიწა-წყალზე. 20 და გაამძვინვარა უფალმა ფარაონის გული, და არ გაუშვა ისრაელის ძენი. 21 და უთხრა უფალმა მოსეს: „გაიწოდე ხელი ცისკენ და წყვდიადი ჩამოწვება ეგვიპტის ქვეყანაზე, შესაგრძნობი წყვდიადი.” 22 და გაიწოდა მოსემ ხელი ცისკენ და იყო ნისლოვანი წყვდიადი ეგვიპტის მთელ ქვეყანაზე სამი დღე. 23 ვერ ხედავდნენ ერთმანეთს და არავინ ამდგარა თავისი ადგილიდან სამს დღეს. ყოველ ისრაელის ძეს კი ჰქონდა სინათლე თავის სადგომში. 24 და მოიხმო ფარაონმა მოსე, და უთხრა: „წადით, ემსახურეთ უფალს, ოღონდ თქვენი წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელი დარჩეს, თქვენი ბავშვები კი გამოგყვნენ თქვენ.” 25 და უთხრა მოსემ: „შენც უნდა მოგვცე ჩვენს ხელთ სამსხვერპლოები და სრულადდასაწველები, რათა მსხვერპლი შევწიროთ უფალს, ჩვენს ღმერთს. 26 ჩვენი ჯოგიც უნდა წამოვიდეს ჩვენთან, ჩლიქიც კი არ უნდა დარჩეს, რადგან მათგან გამოვარჩევთ შესაწირავს უფლის, ჩვენი ღმერთისათვის. არ ვიცით, რით ვემსახუროთ უფალს, ვიდრე იქ არ მივალთ.” 27 და გაამძვინვარა უფალმა ფარაონის გული, და არ ინება მათი გაშვება. 28 და უთხრა მას ფარაონმა: „თავიდან მომწყდი და გაფრთხილდი, აღარ დამენახო, თორემ იმ დღეს, როცა დამენახვები, მოკვდები.” 29 და თქვა მოსემ: „სწორს ამბობ. მე აღარ დაგენახვები.”

თავი მეცხრე                                                                                                                                    თავი მეთერთმეტე

COMMENTS