HomeUncategorized

გამოსვლა 29

ძველი აღთქმა
გამოსვლა

29 1 ეს არის, რაც უნდა გაუკეთო შენ მათ, რათა აკურთხო ისინი ჩემთვის მღვდლობის გასაწევად: აიყვანე ერთი მოზვერი და ორი უმანკო ვერძი. 2 და აიღე ხმიადები და უფუარი კვერები, ხორბლის წმიდა ფქვილისაგან, ზეთწაცხებული. გამტკიცული ფქვილისგან გააკეთე ისინი. 3 და მოათავსე ისინი ერთ კალათაში, და მიიტანე ისინი კალათით. და აგრეთვე მოზვერი და ორი ვერძი. 4 აარონი და მისი ძენი მიაახლე საკრებულო კარვის კარს და განბანე ისინი წყლით. 5 და აიღე შესამოსელნი და შემოსე აარონი კვართით და წამოსასხამით, ეფოდით და სამკერდულით, და შემოარტყი მას სარტყელი ეფოდისა. 6 და დაახურე დოლბანდი თავზე, და მიამაგრე წმიდის გვირგვინი დოლბანდზე. 7 და აიღე საცხებელი ზეთი, და დაასხი მას თავზე, და სცხე მას. 8 და მიაახლე მისი ძენი და შემოსე ისინი კვართებით. 9 და შემოარტყი მათ სარტყელი, აარონს და მის ძეებს, და დაახურე მათ დოლბანდები, და იყოს მღვდლობა საუკუნო წესად. და აუვსებ ხელს აარონს და მის ძეთ. 10 და მიიყვანე მოზვერი საკრებულო კარავთან, და დაასხან აარონმა და მისმა ძეებმა თავიანთი ხელები მოზვერს თავზე. 11 და დაკალი მოზვერი უფლის წინაშე საკრებულო კარვის შესასვლელთან. 12 და აიღე მოზვრის სისხლიდან, და წასცხე თითით სამსხვერპლოს რქებს. მთელი სისხლი კი დაღვარე სამსხვერპლოს საძირკველთან. 13 და აიღე მთელი ქონი, რომელიც აკრავს შიგნეულს, და ღვიძლის ქონი, ორივე თირკმელი მათივე ქონითურთ, და აკმიე სამსხვერპლოზე. 14 ხოლო მოზვრის ხორცი და მისი ტყავი და მისი სიბინძურე დაწვი ცეცხლში ბანაკის გარეთ. ცოდვის მსხვერპლია იგი. 15 და აიყვანე ერთი ვერძი, და დაასხან აარონმა და მისმა ძეებმა ხელები ვერძს თავზე. 16 და დაკალი ვერძი, და აიღე მისი სისხლი, და მოაპკურე სამსხვერპლოს ირგვლივ. 17 და ვერძი დაჭერი ნაწილებად და გარეცხე მისი შიგნეული და მისი კანჭები, და დაადე ისინი მის გაკვეთილ ნაწილებს და მის თავს. 18 და აკმიე მთელი ვერძი სამსხვერპლოზე. ეს სრულადდასაწველი მსხვერპლია უფლისა, კეთილსურნელებაა, საცეცხლო მსხვერპლია იგი უფლისათვის. 19 და აიყვანე მეორე ვერძი, და დაასხან აარონმა და მისმა ძეებმა ხელები ვერძის თავს. 20 და დაკალი ვერძი, და აიღე მისი სისხლი, და სცხე აარონის მარჯვენა ყურის ბიბილოს და მის ძეთა მარჯვენა ყურის ბიბილოს, და მათი მარჯვენა ხელის ცერს და მათი მარჯვენა ფეხის ცერს. და მოაპკურე სისხლი სამსხვერპლოს, ირგვლივ. 21 და აიღე სისხლი, რომელიც სამსხვერპლოზეა, და საცხებელი ზეთი და მოასხურე აარონსა და მის შესამოსელს, და მის ძეებსა და მის ძეთა სამოსელს მასთან ერთად. და განიწმიდება იგი და მისი შესამოსელნი, და მის ძეთა შესამოსელნი მასთან ერთად. 22 და აიღე ვერძისგან ქონი და დუმა, და ქონი, რომელიც აკრავს შიგნეულს, და ღვიძლის ქონი, და ორივე თირკმელი, და ქონი, რომელიც მათზეა, და მარჯვენა კანჭი, რადგან ეს ვერძი ხელავსებისაა, 23 და ერთი მთელი პური, და ერთი ზეთიანი ნამცხვარი, და ერთი კვერი ხმიადების კალათიდან, რომელიც უფლის წინაშეა. 24 და დაუწყვე ყოველივე აარონს ხელისგულებზე და მის ძეთ ხელისგულებზე, და შეარხიე ისინი შესარხეველ შესაწირავად უფლის წინაშე. 25 და აიღე ისინი მათ ხელთაგან, და აკმიე სამსხვერპლოზე სრულადდასაწველად, კეთილსურნელებად უფლის წინაშე. იგი საცეცხლო მსხვერპლია უფლისა. 26 და აიღე ხელავსების ვერძის მკერდი, რომელიც აარონისაა, და შეარხიე იგი შესარხეველ შესაწირავად უფლის წინაშე. და ეს იქნება შენი წილი. 27 და განწმიდე მკერდი შესარხეველი შესაწირავისა და კანჭი აღსამართავი შესაწირავისა, რომელიც შერხეულ და აღმართულ იქნა ხელთავსების ვერძისაგან, რომელიც აარონისაა და, რომელიც მისი ძეებისაა. 28 და ეს იყოს აარონისა და მისი ძეებისათვის საუკუნო წესად ისრაელის ძეთაგან, რადგან ეს აღსამართავი შესაწირავია და აღსამართავი შესაწირავი უნდა იყოს ისრაელის ძეთაგან მათი სამშვიდობო მსხვერპლებიდან მათი აღსამართავი შესაწირავი უფლისათვის. 29 და წმიდა შესამოსელი, რომელიც აარონისაა, დარჩეს მის ძეებს მის შემდგომ, რათა მასში მიიღონ ცხება და ხელის ავსება. 30 შვიდი დღე ემოსოს იგი მღვდელს, ვინც მის ნაცვლად იქნება მის ძეთაგან, რომელიც შევა საკრებულო კარავში წმიდაში მსახურებისთვის. 31 ხელთავსების ვერძი აიყვანე და მოხარშე მისი ხორცი წმიდა ადგილზე. 32 და ჭამონ აარონმა და მისმა ძეებმა ხორცი ვერძისა და პური, რომელიც კალათშია, საკრებულო კარვის შესასვლელთან. 33 და ჭამონ ის, რომლითაც მიღებული აქვთ მათ გამოსყიდვა ხელავსებისათვის და კურთხევისათვის. უცხომ არ ჭამოს იგი, რადან წმიდაა იგი. 34 და თუ დარჩება ხელავსების ხორცისაგან და პურისაგან დილამდე, მაშინ დაწვი მონარჩენი ცეცხლში. აღარ იჭამოს, რადგან წმიდაა იგი. 35 და ყველაფერი ისე გაუკეთე აარონსა და მის ძეებს, როგორც გამცნე შენ: შვიდ დღეში აუვსე მათ ხელი. 36 და მოზვერი ცოდვის შესაწირავისა შესწირე ყოველდღე გამოსასყიდად და განწმიდე სამსხვერპლო შენი გამოსყიდვისას მასზე, და სცხე მას, რათა განწმიდო იგი. 37 შვიდ დღეს ასრულებდე გამოსყიდვას სამსხვერპლოსთვის და განწმედდე მას. და იქნება სამსხვერპლო წმიდათაწმიდა. ყველა, ვინც შეეხება სამსხვერპლოს, განიწმიდება. 38 აი რას შესწირავ სამსხვერპლოზე: ორ ერთწლიან კრავს ყოველდღე, მუდმივად. 39 ერთი კრავი შესწირე დილით, ხოლო მეორე კრავი შესწირე საღამოთი, 40 და მეათედი ეფა, გამტკიცული ფქვილი, მეოთხედ ჰინ გამოხდილ ზეთში შერეული, და მეოთხედი ჰინი ღვინო საღვრელად ერთი კრავისთვის. 41 მეორე კრავი შესწირე მწუხრის ჟამს, მსგავსად დილის შესაწირავისა, და ასეთივე საღვრელით შესწირე იგი, კეთილსურნელებად, საცეცხლო შესაწირავად უფალს. 42 ეს სრულადდასაწველი მუდმივად იყოს თქვენს თაობებში საკრებულო კარვის შესასვლელთან უფლის წინაშე, სადაც გამოგეცხადებით თქვენ, რათა გელაპარაკო. 43 და იქ გამოვეცხადები ისრაელის ძეთ და განიწმიდება კარავი ჩემი დიდებით. 44 და განვწმედ საკრებულო კარავს და სამსხვერპლოს, და აარონს და მის ძეებსაც განვწმედ, რათა მღვდლობა გამიწიონ. 45 და დავივანებ ისრაელის ძეთა შორის და ვიქნები მათი ღმერთი. 46 და შეიცნობენ, რომ მე ვარ უფალი, ღმერთი მათი, რომელმაც გამოვიყვანე ისინი ეგვიპტის ქვეყნიდან, რათა დავივანო მათ შორის. მე ვარ უფალი, მათი ღმერთი.
თავი ოცდამერვე                                                                                                                                თავი ოცდამეათე

COMMENTS