HomeUncategorized

გამოსვლა 35

ძველი აღთქმა
გამოსვლა
35 1 და შეკრიბა მოსემ ისრაელის ძეთა მთელი თემი და უთხრა მათ: „აჰა, სიტყვანი, რომელნიც გვამცნო უფალმა შესასრულებლად: 2 ექვსი დღე აკეთეთ საქმე და მეშვიდე დღე წმიდა იყოს თქვენთვის, დასვენების შაბათი უფლისა. ყველა, ვინც ამ დღეს გააკეთებს საქმეს, მოკვდეს. 3 არ დაანთოთ ცეცხლი არც ერთ თქვენს სამკვიდრებელში შაბათ დღეს.” 4 და უთხრა მოსემ ისრაელის ძეთა მთელ თემს: „აჰა,სიტყვა, რომელიც ბრძანა უფალმა: 5 გაიღეთ შესაწირავი უფლისათვის. ყოველმა გულით მსურველმა მიიტანოს შესაწირავი უფლისა: ოქრო, ვერცხლი და სპილენძი. 6 მატყლი ცისფერი და ძოწეული და ჭიაფერი, ბისონი, და თხისური. 7 და ტყავი ვერძთა ალისფერი, და ტყავნი მაჩვისა და ხე აკაციისა, 8 და ზეთი გასანათებლად, და სურნელი საცხებელი ზეთისათვის და კეთილსურნელება საკმევლისათვის. 9 და ქვები სარდიონისა და ჩასასმელი ქვები ეფოდისათვის და სამკერდულისათვის. 10 და ყველა, გულით ბრძენი თქვენში, მოვიდეს და გააკეთოს ყოველივე, რაც ბრძანა უფალმა. 11 სავანე, მისი კარავი და მისი საფარველი, მისი დუგმები და მისი ძელები, მისი ძელაკები, მისი სვეტები და მისი კვარცხლბეკები. 12 კიდობანი და მისი კეტები, თავსარქველი და ჩამოსაფარებელი ფარდა. 13 ტაბლა და მისი კეტები, და ყოველი მისი ჭურჭელი და საწინაშეო პური. 14 და სასანთლე გასანათებლად და ყოველი მისი ჭურჭელი, და მისი კანდელები და ზეთი გასანათებლად. 15 და სამსხვერპლო საკმევლისა და მისი კეტები, საცხებელი ზეთი და სურნელოვანი საკმეველი, და ფარდა კარვის შესასვლელისა. 16 სამსხვერპლო სრულადდასაწველისა და ბადე სპილენძისა, რომელიც მისთვისაა, მისი კეტები და ყოველი მისი ჭურჭელი, აბაზანა და მისი კვარცხლბეკი, 17 საფარნი ეზოსი, მისი სვეტები და მათი კვარცხლბეკები, ფარდა ეზოს კარიბჭესთან. 18 და სავანის პალოები და ეზოს პალოები და მათი საბელები. 19 სამსახურებელი სამოსელი წმიდაში მსახურებისათვის და წმიდა შესამოსელნი აარონ მღვდლისათვის და შესამოსელნი მის ძეთათვის.” 20 და გამოვიდა ისრაელის ძეთა თემი მოსესგან. 21 და მოვიდა ყოველი კაცი, რომელსაც გული ეწეოდა, და თითოეული, ვისაც სული აღეძრა, და მიიტანეს შესაწირავი უფლისა საკრებულო კარვის გასამართავად და ყოველი მისი საჭიროებისათვის და წმიდა შესამოსელისათვის. 22 და მოდიოდნენ კაცები ქალებთან ერთად. ყველა გულით მსურველს მიჰქონდა რგოლები და საყურეები და ბეჭდები, და სამკაულები, ყოველი ჭურჭელი ოქროსი. და ყველა, ვისაც სურდა შესაწირავად ოქრო უფლისათვის. 23 და ყველას, ვისაც კი ჰქონდა ცისფერი, მეწამული, ჭიაფერი ბისონი, და თხისური და ვერძთა ალისფერი ტყავები, მოჰქონდა. 24 ყველას, ვინც კი სწირავდა ვერცხლის შესაწირავს და სპილენძისას, მიჰქონდათ უფლის შესაწირავი. და ყველას, ვისაც ჰქონდა აკაციის ხეები სამუშაოს ყოველი საქმისათვის, მიჰქონდათ. 25 და ყოველი გულბრძენი დედაკაცი ართავდა თავისი ხელით და მიჰქონდა ნართი ცისფერი, მეწამული, ჭიაფერი და ბისონი. 26 და ყოველი დედაკაცი, ვისაც გული მიუწევდა და დართვა იცოდა, ართავდა თხისურს. 27 და მთავრებს მოჰქონდათ სარდიონის ქვები და ჩასასმელი ქვები ეფოდისა და სამკერდულისათვის, 28 და სურნელება და ზეთი გასანათებლად და ზეთი საცხებლისათვის და საკმევლისათვის. 29 და ყოველ მამაკაცსა და დედაკაცს, ვისაც გული უწევდა მისატანად ყოველი იმ საქმისათვის, რომლის კეთებაც ბრძანა უფალმა მოსეს ხელით, მიჰქონდათ ისრაელის ძეთ ნებაყოფლობითი შესაწირავი უფლისათვის. 30 და უთხრა მოსემ ისრაელის ძეთ: „შეხედეთ, მოუწოდა უფალმა სახელებით ბეცალელს, ძესა ურისა, ძისა ხურისა, იუდას ტომიდან.” 31 და აავსო იგი ღვთის სულით, სიბრძნით, გონებით, ცოდნით და ყოველი ხელოვნებით, 32 რათა შეექმნათ ხელოვნებით ნაქსოვი ქსოვილი, დაემუშავებინათ ოქრო, ვერცხლი და სპილენძი, 33 და გამოეთალათ ქვები ჩასასმელად, და მოეხარატებინათ ხე და ყოველი სახელოვნო საქმე ეკეთებინათ; 34 და უნარი სწავლებისა ჩაუდო მას გულში, მას და აჰოლიაბს, ახისამაქის ძეს, დანის ტომიდან. 35 აუვსო მათ გული სიბრძნით, რათა ეკეთებინათ ყოველი საქმე ხარატისა და ხელოვანი მქსოველისა, და მქარგავისა ცისფერ, მეწამულ, ჭიაფერ და ბისონის ქსოვილზე. და ეკეთებინათ საქმე მქსოველისა, რომელიც ხელოვნებით ქსოვს.
თავი ოცდამეთოთხმეტე                                                                                                          თავი ოცდამეთექვსმეტე

COMMENTS