HomeUncategorized

გამოსვლა 16

ძველი აღთქმა
გამოსვლა
16და აიყარა ელიმიდან და მივიდა ისრაელის ძეთა მთელი თემი სინის უდაბნოში, რომელიც ელიმსა და სინაის შორისაა, ეგვიპტის ქვეყნიდან მათი გამოსვლის მეორე თვის მეთხუთმეტე დღეს. 2 და ებუზღუნებოდა ისრაელის ძეთა მთელი თემი მოსესა და აარონს უდაბნოში. და უთხრეს მათ ისრაელის ძეთ: „ნეტა უფლის ხელით გავმწყდარიყავით ეგვიპტის ქვეყანაში, როცა ვუსხედით ჩვენს ხორცის ქვაბებს, და ძღომაზე ვჭამდით პურს. აჰა, გამოგვიყვანეთ ამ უდაბნოში, რომ მთელი ეს კრებული შიმშილით გაწყვიტოთ.“ 4 და უთხრა უფალმა მოსეს: „აჰა, მე ვაწვიმებ თქვენთვის პურს ზეციდან. და გავიდეს ხალხი და აკრიფოს დღის ულუფა ყოველდღე, რათა გამოვცადო, ივლიან თუ არა ჩემი რჯულით. 5 მეექვსე დღეს, როცა მოამზადებენ მოტანილს, იმაზე მეტი გამოუვათ, რასაც ყოველდღიურად ამზადებენ. 6 და უთხრეს მოსემ და აარონმა ყველა ისრაელის ძეს: „საღამოს გაიგებთ თქვენ, რომ უფალმა გამოგიყვანათ ეგვიპტის ქვეყნიდან. 7 და დილით იხილავთ უფლის დიდებას, რადგან ისმინა თქვენი დრტვინვა უფალმა. ჩვენ ვინ ვართ, რომ დრტვინავდით ჩვენზე?“ 8 და თქვა მოსემ: „ახლა მოგცემთ თქვენ უფალი ხორცს საღამოთი საკვებად, დილას კი ძღომაზე – პურს, რადგან ისმინა უფალმა თქვენი დრტვინვა, მასზე რომ დრტვინავდით. ხოლო ჩვენ ვინ ვართ? ჩვენზე კი არ დრტვინავთ, არამედ უფალზე.“ 9 და უთხრა მოსემ აარონს: „უთხარი ისრაელის ძეთა მთელ თემს: წარდექით უფლის წინაშე, რადგან მან ისმინა თქვენი დრტვინვა.“ 10 და იყო, როცა ელაპარაკებოდა აარონი ისრაელის ძეთა მთელ თემს, ისინი შებრუნდნენ უდაბნოსაკენ, და აჰა, უფლის დიდება გამოჩნდა ღრუბელში. 11 და უთხრა უფალმა მოსეს: 12 „ვისმინე მე ისრაელის ძეთა დრტვინვა. ელაპარაკე მათ ასე:მწუხრის ჟამს ჭამთ ხორცს, ხოლო დილაზე გაძღებით პურით. და გაიგებთ, რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი“ 13 და იყო საღამოხანს, მოფრინდა მწყერი და დაფარა ბანაკი, განთიადზე კი ცვარი ეფინა ბანაკის ირგვლივ. 14 და როცა ცვარი აორთქლდა, აჰა, უდაბნოს ზედაპირზე რაღაც ყრია წვრილი, ხაოიანი, ჭირხლის მსგავსი. 15 და როცა დაინახეს ისრაელის ძეთ, უთხრეს ერთმანეთს: „რა არის ეს?“ რადგან არ იცოდნენ, რა იყო იგი. და უთხრა მათ მოსემ: „ეს მანანაა, რომელიც მოგცათ უფალმა საკვებად. 16 ეს არის სიტყვა, რომელიც ბრძანა უფალმა: „აკრიფეთ თითოეულმა იმდენი, ვინც რამდენს შეჭამთ, ღომერი თითო სულზე, თქვენს კარავში მყოფთა სულადობისამებრ.“ 17 და გააკეთეს ასე ისრაელის ძეთ და აკრიფეს, ზოგმა ბევრი და ზოგმა ცოტა. 18 და აწყეს ღომერით, ბევრის ამკრეფს ზედმეტი არ აღმოჩენია, და ცოტას ამკრეფს არ დაჰკლებია. თითოეულმა იმდენი აკრიფა, რამდენიც საჭმელად სჭირდებოდა. 19 და უთხრა მათ მოსემ: „ნურავინ ნუ მოირჩენს იქიდან დილამდე.“ 20 მაგრამ არ ისმინეს მოსესი და მოირჩინეს ზოგიერთებმა ცოტაოდენი დილამდე. და დაეხვია მას მატლი და აყროლდა. და განრისხდა მათზე მოსე. 21 და აგროვებდნენ მას დილდილობით, ვისაც რამდენი სჭირდებოდა საჭმელად. როგორც კი მზე დააცხუნებდა, დნებოდა იგი. 22 და იყო, მეექვსე დღეს აგროვებდნენ ორმაგ პურს, ორ-ორ ომერს თითოეულზე. და მივიდნენ მთელი თემის მთავრები და აუწყეს მოსეს. 23 და უთხრა მათ: „აჰა, რა თქვა უფალმა: ხვალ უქმეა, უფლის წმიდა შაბათია. რასაც გამოაცხობთ, გამოაცხვეთ, და რასაც მოხარშავთ, მოხარშეთ. და ყოველი ნამეტი გადადეთ თქვენთვის დილამდე შესანახად. 24 და გადადეს იგი დილამდე, როგორც მოსემ ბრძანა, და არ აყროლდა და მატლიც არ იყო მასში. 25 და თქვა მოსემ: „ჭამეთ იგი დღეს, რადგან უფლის შაბათია დღეს. დღეს ვერ იპოვით მას ველზე. 26 ექვს დღეს კრიფეთ იგი, მეშვიდე დღეს კი შაბათია; არ იქნება ველზე.“ 27 და აჰა, მეშვიდე დღეს გავიდნენ ზოგიერთნი ხალხიდან ასაკრეფად, მაგრამ ვერ იპოვეს. 28 და უთხრა უფალმა მოსეს: „როდემდე უნდა უარობდეთ ჩემი მცნებებისა და ჩემი რჯულდებების დაცვას? 29 იცოდეთ, რადგან უფალმა მოგცათ თქვენ შაბათი, ამიტომ გაძლევთ მეექვსე დღეს პურს ორი დღისთვის. იჯდეს თითოეული თავისთან, ნუღარავინ გამოვა თავისი ადგილიდან მეშვიდე დღეს. 30 და უქმობდა ხალხი მეშვიდე დღეს. 31 და უწოდა ისრაელის სახლმა მას სახელად მანანა: იგი ქინძის თესლივით თეთრი იყო და თაფლის კვერის გემო ჰქონდა. 32 და თქვა მოსემ: „ასე ბრძანა უფალმა: აავსე ღომერი მანანით შესანახად თქვენ თაობებში, რათა იხილონ პური, რომლითაც გკვებავდით თქვენ, როცა ეგვიპტის ქვეყნიდან გამოგიყვანეთ.“ 33 და უთხრა მოსემ აარონს: „აიღე ერთი ქილა და ჩადგი შიგ სავსე ღომერი მანანა, და დადგი იგი უფლის წინაშე შესანახად თქვენს თაობებში.“ 34 და როგორც უბრძანა უფალმა მოსეს, ისე ჩადგა იგი აარონმა მოწმობის კიდობნის წინაშე შესანახად. 35 და ჭამდნენ ისრაელის ძენი მანანას ორმოცი წელი, დასახლებულ ქვეყანაში მათ მისვლამდე. მანანას ჭამდნენ ისინი, ვიდრე მივიდოდნენ ქანაანის ქვეყნის საზღვრამდე. 36 ღომერი კი ეფის მეათედი იყო.
თავი მეთხუთმეტე                                                                                                                     თავი მეჩვიდმეტე

COMMENTS