გამოსვლა 28

აპრილი 21, 2015
ძველი აღთქმა
გამოსვლა
28 1 და მიიახლოვე აარონი, შენი ძმა, და მისი ძენი მასთან ერთად, ისრაელის ძეთაგან, რათა მღვდლობა გამიწიოს, აარონი და ნადაბი, აბიჰუ, ელეაზარი და ითამარი, ძენი აარონისა. 2 და დაუმზადე წმიდა სამოსელი აარონს, შენს ძმას, დიდებისათვის და დასამშვენებლად. 3 და ელაპარაკე ყველა გულბრძენს, რომელნიც მე ავავსე სიბრძნის სულით, რომ დაუმზადონ სამოსელი აარონს მის საკურთხებლად, რათა მღვდლობა გამიწიოს. 4 და აჰა, სამოსელნი, რომელნიც მათ უნდა დაამზადონ: სამკერდული, ეფოდი, წამოსასხამი და ნაქსოვი კვართი, დოლბანდი და სარტყელი. და დაამზადონ სამოსელი აარონს, შენს ძმას, და მის ძეთ, რათა მღვდლობა გამიწიოს. 5 და აიღონ ოქრო, ცისფერი და ძოწეული და ჭიაფერი მატყლი და ბისონი. 6 და დაამზადონ ეფოდი ოქროსაგან, ცისფერი და ძოწეული, ჭიაფერი და გრეხილი ბისონისა, ოსტატური ნაკეთობით. 7 ორი შემკვრელი სამხრე ექნება მას მის ორივე კიდეზე, რათა დამაგრებული იყოს. 8 და სარტყელი ეფოდისა, რომელიც მასზეა, იყოს ისეთივე ნაკეთობისა, ოქროსაგან, ცისფერი და ძოწეული, ჭიაფერი და გრეხილი ბისონისგან. 9 და აიღე სარდიონის ორი ქვა, და ამოკვეთე მათზე ისრაელის ძეთა სახელები. 10 ექვსი ამ სახელთაგან ერთ ქვაზე და დანარჩენი ექვსი სახელი მეორე ქვაზე, მათი წარმომავლობის მიხედვით. 11 ქვაზე ამომკვეთელის ნაკეთობით, საბეჭდავის ტვიფარივით ამოტვიფრე ორივე ქვაზე ისრაელის ძეთა სახელები. ბუდეები ოქროს მოჭედილობით გააკეთე. 12 და მოათავსე ორი ქვა ეფოდის სამხრეებზე – ისრაელის ძეთა სამახსოვრო ქვები, და აარონმა ატაროს მათი სახელები უფლის წინაშე თავის ორივე მხარზე, მათ სამახსოვროდ. 13 და გააკეთე ბუდეები ოქროსაგან. 14 ორი ძეწკვი წმიდა ოქროსაგან, გრეხილი გააკეთე ისინი, წნული ნაკეთობით, და მიამაგრე წნული ძეწკვები ბუდეებს. 15 და დაამზადე განკითხვის სამკერდული ოსტატური ნაკეთობით. ისეთივე ნაკეთობით დაამზადე, როგორც ეფოდია. ოქროსაგან, ცისფერი და ძოწეული და ჭიაფერი და გრეხილი ბისონისგან დაამზადე იგი. 16 ოთხკუთხედი იყოს იგი, ორკეცი, მტკაველი მისი სიგრძე და მტკაველი მისი სიგანე. 17 და ჩასვი მასში ჩასასმელი ქვები; ქვების ოთხი მწკრივი: ლალისა, ტოპაზისა და ბივრილისა – ერთი მწკრივი. 18 და მეორე მწკრივი: ზურმუხტისა, საფირონისა და ალმასისა. 19 და მესამე მწკრივი: იაგუნდისა, აქატისა და ამეთვისტოსი. 20 და მეოთხე მწკრივი: ქრიზოლითისა, სარდიონისა, იასპისა. ოქროს ბუდეში უნდა ჩაისვას ისინი. 21 ქვები თორმეტი იყოს ისრაელის ძეთა სახელების მიხედვით. საბეჭდავის ტვიფარივით უნდა იყოს, და თითოეული თავისი სახელით უნდა იყოს თორმეტი ტომისათვის. 22 და გააკეთე სამკერდულზე გრეხილი ძეწკვები, წნულად გაკეთებული, წმიდა ოქროთი. 23 და გააკეთე სამკერდულზე ოქროს ორი რგოლი, და მიამაგრე ეს ორი რგოლი სამკერდულის ორ კიდეზე. 24 და ჩასვი ოქროს წნული ორივე რგოლში სამკერდულის კიდეებზე. 25 და ორივე წნულის ორივე კიდე მიამაგრე ორივე ბუდეზე, და მიამაგრე ეფოდის სამხრეებზე, მის წინა მხარეს. 26 და გააკეთე ორი რგოლი ოქროსი და მიამაგრე ისინი სამკერდულის ორივე კიდეზე, მის არშიაზე, რომელიც ეფოდის შიგნითაა. 27 და გააკეთე ოქროს ორი რგოლი და მიამაგრე ისინი ეფოდის ორივე სამხრეზე ქვევიდან, მისი წინამხრიდან, მისი შეერთების ადგილთან, ეფოდის სარტყელზე. 28 და მიამაგრონ სამკერდული მისი რგოლებით ეფოდის რგოლებს ცისფერი ზონრით, რათა იგი იყოს ეფოდის სარტყელზე და არ მოსცილდეს სამკერდული ეფოდს. 29 და ატაროს აარონმა ისრაელის ძეთა სახელები განკითხვის სამკერდულზე, თავის გულზე, წმიდაში შესვლისას, მუდმივ სამახსოვროდ უფლის წინაშე. 30 და ჩასვი განკითხვის სამკერდულში ურიმი და თუმიმი. და იქნება ისინი აარონის გულზე მისი მისვლისას უფლის წინაშე; და ატაროს აარონმა ისრაელის ძეთა სამართალი თავის გულზე უფლის წინაშე მარადის. 31 და დაამზადე მოსასხამი ეფოდისათვის მთლად ცისფერი. 32 და იყოს ჭრილი მის შუაში თავისათვის. არშია ჰქონდეს მის ჭრილს ირგვლივ, მქსოველის ნაკეთი, ჯავშნის ჭრილივით ჰქონდეს მას, რომ არ გაიხეს. 33 და გაუკეთე კალთებზე ბროწეულები ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი მის კალთებზე ირგვლივ. და ოქროს ეჟვნები შეაბი მათ შორის, ირგვლივ. 34 ოქროს ეჟვანი და ბროწეული, ოქროს ეჟვანი და ბროწეული სამოსლის კალთებზე, ირგვლივ. 35 და იგი იყოს აარონზე მსახურებისთვის, რათა ისმოდეს მისი ხმა მისი შესვლისას წმიდაში უფლის წინაშე, და მისი გამოსვლისას, რომ არ მოკვდეს. 36 და გააკეთე გვირგვინი წმიდა ოქროსი, და ამოკვეთე მასზე საბეჭდავის ტვიფარივით: ‘სიწმიდე უფლისა.’ 37 და მიამაგრე იგი ცისფერი ზონრით, და იყოს იგი დოლბანდზე, დოლბანდის წინა მხარეს იყოს იგი. 38 და იყოს ის აარონის შუბლზე, და იტვირთოს აარონმა ნაკლი შესაწირავთა, რომლებსაც შესწირავენ ისრაელის ძენი, ყოველი მათი წმიდა საბოძვარისთვის, და იყოს იგი მის შუბლზე მუდამ, რათა სასურველი იყოს ისინი უფლის წინაშე. 39 და მოქსოვე კვართი ბისონისა, და სარტყელი გაუკეთე, მქარგავის ნაკეთი. 40 დაუმზადე აარონის ძეთ კვართი და გაუკეთე მათ სარტყელნი, და თავსამკაულნი გაუკეთე მათ სადიდებლად და დასამშვენებლად. 41 და შემოსე მათით აარონი, შენი ძმა, მისი ძენი მასთან ერთად, და სცხე მათ, და აუვსე მათ ხელი, და აკურთხე ისინი, რომ მღვდლობა გამიწიონ. 42 და დაუმზადე მათ სელის შარვალი, დასაფარავად სხეულის სიშიშვლისა. წელიდან წვივამდე რომ სწვდებოდეს. 43 და იქონიონ ისინი აარონმა და მისმა ძეებმა საკრებულო კარავში შესვლისას ან სამსხვერპლოსთან მიახლებისას წმიდაში მსახურებისათვის, რათა ცოდვა არ დაედოთ და არ დაიხოცნენ. ეს საუკუნო წესია მისთვის და მის შთამომავალთათვის მის შემდეგ.
თავი ოცდამეშვიდე                                                                                                                         თავი ოცდამეცხრე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Close
Close