HomeUncategorized

გამოსვლა 23

ძველი აღთქმა
გამოსვლა
23 1 „ნუ დაყრი ცრუ ხმებს; ხელს ნუ მისცემ უკეთურს, რათა ბოროტების მოწმე არ გახდე. 2 ნუ აჰყვები უმრავლესობას ბოროტებაში და ნუ გამოეხმაურები დავას, რათა უმრავლესობისკენ არ გადაიხარო და არ გაამრუდო სამართალი. 3 და გლახაკს ნუ ესარჩლები მის დავაში. 4 თუ შეეყარო შენი მტრის ხარს ან სახედარს, გზადაბნეულს, დაბრუნებით დაუბრუნე მას. 5 თუ დაინახო შენი მოძულის სახედარი დავრდომილი თავის ტვირთქვეშ, ნუ მიატოვებ მას: ტვირთი ჩამოხსენი მასთან ერთად. 6 ნუ გაამრუდებ სამართალს შენი ღარიბის დავაში. 7 სიცრუეს განშორდი და უდანაშაულო და მართალ კაცს ნუ მოკლავ, რადგან არ გავამართლებ დამნაშავეს. 8 და ქრთამს ნუ აიღებ, რადგან ქრთამი აბრმავებს თვალხილულებს და აუკუღმართებს მართალთა სიტყვებს. 9 და ხიზანს ნუ შეავიწროებ. თქვენ იცით ხიზნის სული, რადგან ხიზნები იყავით თქვენ ეგვიპტის ქვეყანაში. 10 ექვსი წელი თესე შენი მიწა და აიღე ნაყოფი მისი, 11 ხოლო მეშვიდე წელს მიატოვეთ, ნუ შეეხებით მას, რათა შენი ხალხის ღარიბ-ღატაკებმა ჭამონ და ნარჩენით გამოიკვებნენ ველური ცხოველები. ასევე მოექეცი შენს ვენახსა და ზეთისხილს. 12 ექვსი დღე აკეთე შენი საქმე, და მეშვიდე დღეს დაისვენე, რათა დაისვენოს შენმა ხარმა და შენმა სახედარმა, და სული მოითქვას შენი მხევლის ძემ და ხიზანმა. 13 ყველაფერი, რაც მე გითხარით, დაიცავით, და სხვა ღმერთების სახელი არ ახსენოთ, ბაგეებზე არ გაიკაროთ. 14 სამგზის იდღესასწაულე ჩემთვის წელიწადში. 15 დღესასწაული უფუარობისა დაიცავი: შვიდი დღე ჭამე ხმიადი, როგორც გიბრძანე, აბიბის თვის დაწესებულ ჟამს, რადგან ამ დროს გამოხვედი შენ ეგვიპტიდან. და ნუ გამოჩნდებიან ჩემს წინაშე ხელცარიელნი. 16 და დაიცავი დღესასწაული შენი შრომის პირველნაყოფთა მკისა, რაც ყანაში დაგითესავს; აგრეთვე დღესასწაული კრეფისა წელიწადის დამლევს, როცა აკრეფ შენს ნაშრომს ყანიდან. 17 წელიწადში სამჯერ გამოცხადდეს ყოველი შენი მამაკაცი უფალი ღმერთის წინაშე. 18 საფუარიანთან ერთად ნუ შესწირავ ჩემი შესაწირავის სისხლს, ნურც ჩემი სადღესასწაულო ქონი დარჩება დილამდე. 19 შენი მიწის პირველნაყოფი მიიტანე უფლის, შენი ღმერთის სახლში. ნუ მოხარშავ თიკანს თავისი დედის რძეში. 20 აჰა, მე წაგიმძღვარებ ანგელოზს შენს დასაცავად გზაზე და შენს მისაყვანად იმ ადგილზე, რომელიც მე გავამზადე. 21 იფრთხილე მის წინაშე და ისმინე მისი ხმა, ნუ აუჯანყდები მას, რადგან ის არ მოგიტევებთ თქვენს ცოდვას, რადგან მასშია ჩემი სახელი. 22 თუ სმენით მოუსმენ მის ხმას და ყველაფერს გააკეთებ, რასაც გეუბნები, მაშინ ვუმტრობ შენს მტერს და შევავიწროვებ შენს შემავიწროვებელს. 23 რადგან წაგიძღვება ჩემი ანგელოზი და მიგიყვანს ამორეველებთან, ხეთელებთან, ფერიზელებთან, ქანაანელებთან, ხიველებთან და იებუსეველებთან, და შევმუსრავ მათ. 24 თაყვანი არ სცე მათ ღმერთებს და არ ემსახურო მათ, და არ მოიქცე მათი საქმისამებრ, არამედ ნგრევით დაანგრიე ისინი და შემუსვრით შემუსრე მათი ძეგლები. 25 და ემსახურეთ უფალს, თქვენს ღმერთს, და ის აკურთხებს შენს პურს და შენს წყალს, და განვაშორებ ავადმყოფობას შენგან. 26 არ იქნება მუცელმოწყვეტილი ან ბერწი დედაკაცი შენს მიწაზე. შენს დღეთა რიცხვს აღვავსებ. 27 წინ წაგიმძღვარებ ჩემს შიშისზარს. და ძრწოლას მოვგვრი ყოველ ხალხს, რომელთანაც შენ მიხვალ. და მოვაქცევ ყოველი შენი მტრის ზურგს შენსკენ; 28 და წინ წაგიმძღვარებ კრაზანებს და გარეკავენ ხიველებს, ქანაანელებს და ხეთელებს შენგან. 29 არ გავრეკავ მათ შენგან ერთი წლის განმავლობაში, რომ არ მოოხრდეს ქვეყანა და არ მოგეძალნენ ველური მხეცები. 30 თანდათანობით გავრეკავ მათ შენგან, ვიდრე მოშენდებოდე და დაიმკვიდრებდე ამ ქვეყანას. 31 და გავავლებ შენს საზღვარს მეწამული ზღვიდან ფილისტიმელთა ზღვამდე, და უდაბნოდან მდინარემდე, რადგან მოგცემთ ხელში ამ ქვეყნის მცხოვრებთ, და შენ გარეკავ მათ შენგან. 32 ნუ შეკრავ კავშირს ნურც მათთან, ნურც მათ ღმერთებთან. 33 არ იცხოვრონ მათ შენს ქვეყანაში, რომ არ შეგაცდინონ ჩემს წინაშე. თუ მოემსახურები მათ ღმერთებს, ეს მახე იქნება შენთვის.”
თავი ოცდამეორე                                                                                                                         თავი ოცდამეოთხე

COMMENTS