HomeUncategorized

გამოსვლა 19

ძველი აღთქმა
გამოსვლა

191 ეგვიპტის ქვეყნით ისრაელის გამოსვლიდან ზუსტად სამი თვის თავზე მივიდნენ ისინი სინაის უდაბნოში. 2 აიყარნენ რეფიდიმიდან და მივიდნენ სინაის უდაბნოში, და დაბანაკდა იქ ისრაელი მთის პირდაპირ. 3 და ავიდა მოსე ღმერთთან, და მოუხმო მას უფალმა მთიდან: „ასე უთხარი იაკობის სახლს და აუწყე ისრაელის ძეთ: 4 თქვენ დაინახეთ, რა დავმართე ეგვიპტელებს, როცა აგწიეთ არწივების ფრთებზე და მოგიყვანეთ ჩემთან. 5 და ახლა, თუ მოუსმენთ ჩემს ხმას და დაიცავთ ჩემს აღთქმას, ამოგარჩევთ ჩემს საკუთრებად ყველა ხალხიდან, რადგან ჩემია მთელი ქვეყანა. 6 და თქვენ იქნებით ჩემთვის მღვდელთა სამეფოდ და წმიდა ერად. აჰა, სიტყვანი, რომელთაც ეტყვი ისრაელის ძეთ!” 7 და მივიდა მოსე და მოიწვია ხალხის უხუცესნი, და წინ დაუდო მათ ყველა ეს სიტყვა, რომელიც აღუთქვა მას უფალმა. 8 და მიუგო მთელმა ხალხმა ერთად, და თქვა: „რაც თქვა უფალმა, ყველაფერს აღვასრულებთ”. და მოახსენა მოსემ ხალხის სიტყვები უფალს. 9 და უთხრა უფალმა მოსეს: „მე მოვალ შენთან ზრქელ ღრუბელში, რათა ისმინოს ხალხმა ჩემი ლაპარაკი შენთან და შენც გერწმუნონ საუკუნოდ.” და აუწყა მოსემ ხალხის სიტყვები უფალს. 10 და უთხრა უფალმა მოსეს: „წადი ხალხთან და განწმიდე ისინი დღეს და ხვალ, და გაირეცხონ თავიანთი სამოსელი. 11 და მზად იყვნენ მესამე დღისთვის, რადგან მესამე დღეს ჩამოვა უფალი მთელი ხალხის თვალწინ სინაის მთაზე. 12 და ხალხს გარშემო საზღვარი შემოუწერე და უთხარი: მოერიდეთ მთაზე ასვლას და მისი კალთის მიკარებას. ყველა, ვინც მთას შეეხება, სიკვდილით მოკვდება. 13 არ შეეხოს მას ხელი, არამედ ჩაქოლვით ჩაიქოლოს ან ისრით განიგმიროს. ვერც პირუტყვი, ვერც კაცი ცოცხალი ვერ გადარჩება. საყვირის გაბმულ ხმაზე შეეძლებათ მათ მთაზე ასვლა. 14 და ჩამოვიდა მოსე მთიდან ხალხთან, და განწმიდა ხალხი და გაირეცხეს თავიანთი სამოსელი. 15 და უთხრა ხალხს: „იყავით მზად მესამე დღისთვის და ნუ მიეკარებით ცოლებს.” 16 და მესამე დღეს, გამთენიისას, იყო გრგვინვა და ელვა და ქუფრი ღრუბელი მთაზე, და საყვირის ხმა მეტად ძლიერი. და შეძრწუნდა ბანაკში მყოფი ხალხი. 17 და გამოიყვანა მოსემ ხალხი ღვთის შესახვედრად ბანაკიდან და დადგნენ მთის ძირას. 18 ხოლო სინაის მთა ბოლავდა მთლიანად, რადგან უფალი ჩამოვიდა მასზე ცეცხლში, და მისგან ღუმლის კვამლივით ადიოდა კვამლი და ძლიერ ირყეოდა მთელი მთა. 19 და საყვირის ხმა ძლიერდებოდა მეტად. მოსე ლაპარაკობდა და ღმერთი პასუხობდა ხმით. 20 და ჩამოვიდა უფალი სინაის მთაზე, მთის წვერზე, და მოუხმო უფალმა მოსეს მთის წვერისკენ და ავიდა მოსე. 21 და უთხრა უფალმა მოსეს: „ჩადი, გააფრთხილე ხალხი, არ ამოიჭრას უფლის სახილველად, თორემ დაეცემა მათგან მრავალი. 22 და თვით მღვდლებიც, უფალთან მიახლებისას, განიწმიდონ, რომ არ შემუსროს ისინი უფალმა.” 23 და უთხრა მოსემ უფალს: „ვერ ამოვა ხალხი სინაის მთაზე, რადგან შენ გაგვაფრთხილე და გვითხარი: ‘საზღვარი შემოწერე მთას და განწმიდე იგი.’” 24 და უთხრა მას უფალმა: „წადი, ჩადი და აარონთან ერთად ამოდი, ხოლო მღვდლები და ხალხი ნუ ამოიჭრებიან უფალთან ამოსასვლელად, თორემ შემუსრავს მათ.” 25 და ჩამოვიდა მოსე ხალხთან და მოუთხრო მათ.

თავი მეთვრამეტე                                                                                                                                         თავი მეოცე

COMMENTS