HomeUncategorized

გამოსვლა 36

ძველი აღთქმა
გამოსვლა
36 1 და გააკეთეს ბეცალელმა და აჰოლიაბმა და ყველა გულბრძენმა, რომელთაც მიანიჭა უფალმა სიბრძნე და გონიერება, რათა შეეცნოთ და ეკეთებინათ ყველა საქმე საწმიდრის სამუშაოსი, ყველაფერი, რაც უფალმა ბრძანა. 2 და მოუხმო მოსემ ბეცალელსა და აჰოლიაბს, და ყოველ გულბრძენს, რომელთაც მიანიჭა უფალმა სიბრძნე გულისა, ყველას, ვისაც გული მიუწევდა საქმის დასაწყებად და მის საკეთებლად. 3 და აიღეს მოსესაგან მთელი შემოწირულობა, რომელიც მიიტანეს ისრაელის ძეთ საწმიდრის საქმის აღსასრულებლად, მის საკეთებლად, და მათაც კვლავ მიჰქონდათ მასთან ძღვენი დილდილობით. 4 და მოვიდა ყოველი გულით ბრძენი საწმიდრის ყოველი სამუშაოს საკეთებლად, თითოეული თავის სამუშაოზე, ვინც რას აკეთებდა, 5 და უთხრეს მოსეს ასე: „ხალხს მოაქვს მეტი, ვიდრე საჭიროა სამუშაოს შესასრულებლად, რისი გაკეთებაც ბრძანა უფალმა.” 6 და ბრძანა მოსემ, და გაავრცელეს ხმა ბანაკში ასე: „არც კაცმა და არც დედაკაცმა აღარაფერი აკეთოს საწმიდრის შესაწირისათვის.” და შეწყვიტა ხალხმა მოტანა. 7 და მარაგი საკმაო იყო ყველა საქმისათვის, რაც უნდა ეკეთებინათ, და მორჩა კიდეც. 8 და გააკეთა ყოველმა გულბრძენმა, რომლებიც აკეთებდნენ კარავის საქმეს: ათი გადასაფარებელი გრეხილი ბისონის და ცისფერის, ძოწეულის და ჭიაფერის. გააკეთეს ქერუბიმები მათზე ოსტატური ნაკეთობით. 9 სიგრძე თითოეული გადასაფარებლისა იყო ოცდარვა წყრთა, და სიგანე – ოთხი წყრთა. ერთი ზომის იყო ყოველი გადასაფარებელი. 10 და შეაერთა ხუთი გადასაფარებელი ერთიმეორესთან. 11 და გააკეთა ცისფერი მარყუჟები ერთი გადასაფარებლის კიდეზე, სადაც იგი ერთიანდება სხვებთან. ასევე გააკეთა ბოლო გადასაფარებლის კიდეზე სხვებთან შესაერთებლად. 12 ორმოცდაათი მარყუჟი გაუკეთა ერთ გადასაფარებელს და ორმოცდაათი მარყუჟი გააკეთა გადასაფარებლის ბოლოს, სადაც იგი ერთიანდება სხვებთან. ეს მარყუჟები ესადაგებოდნენ ერთიმეორეს. 13 და გააკეთა ორმოცდაათი ოქროს დუგმა და შეაერთა გადასაფარებლები ერთიმეორესთან დუგმებით, და გამოვიდა სავანე ერთიანი. 14 და გააკეთა გადასაფარებლები თხისურისაგან სავანის გადასახურად. თერთმეტი გადასაფარებელი გააკეთა ასეთი. 15 სიგრძე თითოეული გადასაფარებლისა იყო ოცდაათი წყრთა და ოთხი წყრთა იყო თითოეული გადასაფარებლის სიგანე. ერთი ზომის იყო თერთმეტივე გადასაფარებელი. 16 და შეაერთა ხუთი გადასაფარებელი ცალკე და ექვსი გადასაფარებელი ცალკე. 17 და გააკეთა ორმოცდაათი მარყუჟი ბოლო გადასაფარებლის კიდეზე, მისაერთებელთან და ორმოცდაათი მარყუჟი გააკეთა მეორე მისაერთებელი გადასაფარებლის კიდეზე. 18 და გააკეთა სპილენძის ორმოცდაათი დუგმა კარვის შესაერთებლად, რათა ყოფილიყო ერთიანი. 19 და გააკეთა საფარი კარვისათვის ვერძთა ალისფერი ტყავებისგან და მაჩვის ტყავების საფარი ზემოდან. 20 და გააკეთა დასასმელი ძელები სავანისათვის აკაციის ხეთაგან. 21 ათი წყრთა იყო სიგრძე ძელისა და ერთნახევარი წყრთა – სიგანე თითოეული ძელისა. 22 ორი კოტა ჰქონდა თითოეულ ძელს, ერთმანეთთან მიერთებული. ასე გაუკეთა კარვის ყოველ ძელს. 23 და გააკეთა ძელები სავანისათვის, ოცი ძელი ნეგების მხარისაკენ, სამხრეთისაკენ. 24 და ვერცხლის ორმოცი კვარცხლბეკი გააკეთა ოცი ძელის ქვეშ, ორი კვარცხლბეკი ერთი ძელის ქვეშ, ორივე მისი კოტასათვის და ორი კვარცხლბეკი მეორე ძელის ქვეშ – მისი ორივე კოტასათვის. 25 და სავანის მეორე მხრისათვის, ჩრდილოეთ მხარეს, გააკეთა ოცი ძელი. 26 და მათი ვერცხლის ორმოცი კვარცხლბეკი – ორი კვარცხლბეკი ერთი ძელის ქვეშ და ორი კვარცხლბეკი მეორე ძელის ქვეშ. 27 და სავანის უკანა მხარისათვის, დასავლეთისაკენ, გააკეთა ექვსი ძელი. 28 და ორი ძელი გააკეთა სავანის კუთხეებისათვის, უკანა მხარეს. 29 და შეერთებული იყო ისინი ქვემოთ და ერთად იყო შეერთებული ზევით ერთ რგოლთან. ასე გაუკეთა ორივეს ორივე კუთხეში. 30 და იყო რვა ძელი მათი ვერცხლის კვარცხლბეკებითურთ, თექვსმეტი კვარცხლბეკი. ორ-ორი კვარცხლბეკი თითოეული ძელის ქვეშ. 31 და გააკეთა ძელაკები აკაციის ხეთაგან. ხუთი სავანის ძელთა ერთი გვერდისათვის, 32 და ხუთი ძელაკი სავანის მეორე გვერდის ძელთათვის, დასავლეთით. 33 და გააკეთა შუა ძელაკი გასაყრელად ძელთა შუაგულში ერთი ბოლოდან მეორემდე. 34 ძელები მოჭედა ოქროთი და მათი რგოლებიც. სათავსები ძელაკებისათვის გააკეთა ოქროსგან და ისინიც მოჭედა ოქროთი. 35 და გააკეთა ფარდა ცისფერი, ძოწეული, ჭიაფერი და გრეხილი ბისონისგან. ოსტატური ნაკეთობით გააკეთა მასზე ქერუბიმები. 36 და გაუკეთა მას ოთხი სვეტი აკაციისა და მოჭედა ისინი ოქროთი და ოქროს დუგმებით. და ჩამოასხა მათთვის ოთხი კვარცხლბეკი ვერცხლისა. 37 და გააკეთა ფარდა კარვის შესასვლელთან ცისფერი, ძოწეული, ჭიაფერი და გრეხილი ბისონისგან, მქარგავის ნაკეთობით. 38 და ხუთი სვეტი მისთვის დუგმებით. და მოჭედა მათი თხემები და მათი რკალები ოქროთი. მათი ხუთი კვარცხლბეკი სპილენძისაგან იყო.
თავი ოცდამეთხუთმეტე                                                                                                          თავი ოცდამეჩვიდმეტე

COMMENTS