HomeUncategorized

გამოსვლა 25

ძველი აღთქმა
გამოსვლა
25 1 და უთხრა უფალმა მოსეს: 2 „უთხარი ისრაელის ძეთ, რომ ამიკრიფონ შესაწირავი. ყოველი კაცთაგან, ვისაც გული ეტყვის, ამიკრიფეთ შესაწირავი. 3 და ესაა შესაწირავი, რასაც აკრეფთ მათგან: ოქრო, ვერცხლი და სპილენძი, 4 და ცისფერი, ძოწეული და ჭიაფერი, სელი და თხისური, 5 და ცხვრის ტყავები წითელი და მაჩვისა და აკაციის ხე, 6 და გასანათებელი ზეთი, სურნელებანი საცხებელი ზეთისთვის და საკმევლისათვის. 7 ქვები სარდიონი და ქვები ჩასასმელი ეფოდისთვის და სამკერდულისათვის. 8 და გამიკეთონ მე საწმიდარი და დავივანებ მათ შორის. 9 ყოველივე, როგორც მე გიჩვენებ შენ სავანის ნიმუშად ყოველი მისი ჭურჭლის ნიმუშად, ეგრე გააკეთე. 10 და გააკეთეთ კიდობანი აკაციის ხეთაგან: ორნახევარი წყრთა იყოს მისი სიგრძე და ერთნახევარი წყრთა მისი სიგანე, და ერთნახევარი წყრთა მისი სიმაღლე. 11 და მოჭედე იგი წმიდა ოქროთი. შიგნიდან და გარედან მოჭედე იგი. და გაუკეთე ზემოთ ოქროს გვირგვინი ირგვლივ. 12 და ჩამოასხი მისთვის ოთხი რგოლი ოქროსი, და მიამაგრე ოთხ ქვედა კუთხეზე: ორი რგოლი მის ერთ მხარეს და ორი რგოლი მის მეორე მხარეს. 13 და გააკეთე კეტები აკაციის ხისაგან, და მოჭედე ისინი ოქროთი. 14 და გაუყარე კეტები რგოლებში კიდობნის გვერდებზე, რათა ატაროთ კიდობანი მათი საშუალებით. 15 კიდობნის რგოლებში კეტები უნდა იყოს, არ მოსცილდეს მას. 16 და ჩადევით კიდობანში მოწმობა, რომელსაც მოგცემ შენ. 17 და გააკეთე თავსარქველი წმიდა ოქროსი: ორნახევარი წყრთა იყოს მისი სიგრძე, და ერთნახევარი წყრთა მისი სიგანე. 18 და გააკეთე ორი ქერუბიმი: ოქროთი ჭედურად. თავსარქველთან დასხით ქერუბიმები მის ორივე კიდეზე. 19 და დასვი ერთი ქერუბიმი ერთ კიდეზე და ერთი ქერუბიმი – მეორე კიდეზე. დასხით ქერუბიმები თავსარქვლის ორივე კიდეზე. 20 და იქნებიან ქერუბიმები ფრთაგაშლილნი ზემოთკენ, და დაფარავენ თავიანთი ფრთებით თავსარქველს. პირისახეები ერთმანეთისკენ ექნებათ. თავსარქვლისაკენ იქნება ქერუბიმების პირისახეები. 21 და დააფარე თავსარქველი კიდობანს ზევიდან. და ჩადევი კიდობანში მოწმობა, რომელსაც მე მოგცემ. 22 და გამოგეცხადები შენ იქ და დაგელაპარაკები თავსარქველს ზემოდან, ორი ქერუბიმის შუაგულიდან, რომელნიც მოწმობის კიდობანზეა, ყოველივეზე რასაც გამცნებ შენ ისრაელის ძეთათვის. 23 და გააკეთე ტაბლა აკაციის ხისაგან. ორი წყრთა იყოს მისი სიგრძე და წყრთა მისი სიგანე, და ერთნახევარი წყრთა მისი სიმაღლე. 24 და მოჭედე იგი წმიდა ოქროთი, და გაუკეთე მას ოქროს გვირგვინი ირგვლივ. 25 და გაუკეთე მას ჩარჩო ირგვლივ ხელისგულის სიმაღლის, და გაუკეთე ოქროს გვირგვინი მის ჩარჩოს ირგვლივ. 26 და გაუკეთე მას ოქროს ოთხი რგოლი, და მიამაგრე რგოლები ოთხ კუთხეზე მის ოთხ ფეხთან. 27 ჩარჩოსთან იყოს რგოლები სათავსებით კეტებისთვის, მაგიდის სატარებლად. 28 და გააკეთე კეტები აკაციის ხისაგან, და მოჭედე ისინი ოქროთი, რათა მათი მეშვეობით ატაროთ ტაბლა. 29 და გააკეთე მისი ლანგრები და მისი თასები, და მისი ჯამები, და მისი ტოლჩები საღვრელისთვის, წმიდა ოქროსაგან გააკეთე ისინი. 30 და დებდე ამ ტაბლაზე საწინაშეო პურს ჩემს წინაშე მუდამ. 31 და გააკეთე სასანთლე წმიდა ოქროსაგან. ჭედური გაკეთდეს სასანთლე, მისი შვერილი და მისი ტოტი, მისი თასები, მისი კვირტები და მისი ყვავილები მისგანვე უნდა იყოს. 32 და ექვსი ტოტი გამოდიოდეს მისი გვერდებიდან: სამი ტოტი სასანთლისა მისი ერთი გვერდიდან და სამი ტოტი სასანთლისა მისი მეორე გვერდიდან. 33 სამი ნუშისებრი თასი ერთ ტოტზე, კვირტი და ყვავილი. ასევე ექვს ტოტზე, რომელნიც გამოდიან სასანთლიდან. 34 და თვით სასანთლეზე – ოთხი ნუშისებრი თასი, მისი კვირტები და მისი ყვავილები. 35 და მისი კვირტი ორი ტოტის ქვეშ, და კიდევ ერთი კვირტი მისი ორი ტოტის ქვეშ, სასანთლიდან გამომავალი ექვსი ტოტისათვის. 36 მათი კვირტები და მათი ტოტები იქნება მისგანვე, მთლიანად ერთი ჭედურობით, წმიდა ოქროთი. 37 და გააკეთე შვიდი კანდელი მისი და აანთე მისი კანდელები, რათა ანათებდეს მის წინ. 38 და მისი მაშები, და მისი აქანდაზები იყოს წმიდა ოქროსი. 39 ერთი ტალანტი წმიდა ოქროსგან გაკეთდეს იგი მთელ ამ ჭურჭელთან ერთად. 40 იცოდე, გააკეთე იმ ნიმუშის მიხედვით, რომელიც გიჩვენე მთაზე.
თავი ოცდამეოთხე                                                                                                                              თავი ოცდამეექვსე

COMMENTS