HomeUncategorized

გამოსვლა 9

ძველი აღთქმა
გამოსვლა

91 და უთხრა უფალმა მოსეს: „მიდი ფარაონთან და უთხარი,ასე თქვა-თქო უფალმა, ებრაელთა ღმერთმა: ‘გაუშვი ჩემი ხალხი, რათა მემსახუროს. 2 თუ უარს იტყვი გაშვებაზე და კვლავ დააკავებ მას, 3 აჰა, უფლის ხელი იქნება შენს ჯოგზე, რომელიც ველზეა – ცხენებზე, სახედრებზე, აქლემებზე, მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელზე. გაჩნდება ძალზე მძიმე ჭირი. 4 და გაარჩევს უფალი ისრაელის ჯოგსა და ეგვიპტის ჯოგს, და არ გაწყდება არაფერი, რაც ისრაელის ძეთ ჰყავთ.” 5 დანიშნა უფალმა დრო და თქვა: „ხვალ გააკეთებს უფალი ამას ამ ქვეყანაში.” 6 და გააკეთა უფალმა ეს საქმე მეორე დღეს, და ამოწყდა მთელი ჯოგი ეგვიპტისა. და ისრაელის ძეთა ჯოგიდან არ მომკვდარა არც ერთი. 7 და გაგზავნა ფარაონმა შესატყობად და აჰა, ისრაელის ჯოგიდან არ მომკვდარა არც ერთი. და გამძვინვარდა გული ფარაონისა და არ გაუშვა ხალხი. 8 და უთხრა მოსემ უფალს და აარონს: „აიღეთ სავსე პეშვი ჭვარტლი ღუმლიდან და ააფრქვიოს იგი მოსემ ზეცისკენ ფარაონის თვალწინ. 9 და იქცევა მტვრად ეგვიპტის მთელ ქვეყანაზე, და გაუჩნდება კაცსა და პირუტყვს გამონაყარი ჩირქოვან მუწუკებად ეგვიპტის მთელ ქვეყანაზე.” 10 და აიღეს ჭვარტლი ღუმლიდან და წარდგნენ ფარაონის წინაშე და ააფრქვია ის მოსემ ზეცისკენ და გაუჩნდა გამონაყარი ჩირქოვან მუწუკებად კაცსა და პირუტყვს. 11 და ვერ შეძლეს გრძნეულებმა დგომა მოსეს წინაშე გამონაყარის გამო, რადგან გამონაყარი იყო გრძნეულებზეც და ყოველ ეგვიპტელზე. 12 და გაამძვინვარა უფალმა გული ფარაონისა, და არ ისმინა მათი, როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს მოსესთვის. 13 და უთხრა უფალმა მოსეს:ადექი დილაადრიან, და დადექი ფარაონის წინაშე, და უთხარი მას: ასე თქვა-თქო უფალმა, ებრაელთა ღმერთმა: ‘გაუშვი ჩემი ხალხი, რათა მემსახუროს. 14 თორემ ამჯერად შევყრი ყველა ჩემს სენს შენს გულს, შენს მსახურებსა და შენს ხალხს, რათა გაიგო, რომ არავინაა ჩემი მსგავსი მთელს ქვეყანაზე. 15 რადგან, ახლა რომ გამეწოდა ჩემი ხელი, ხომ მოგსრავდით შენ და შენს ხალხს შავი ჭირით, და წაიშლებოდი ქვეყნიდან. 16 მაგრამ იმისათვის დაგარჩინე, რომ გაჩვენო ჩემი ძალა, რომ აუწყო ჩემი სახელი მთელ ქვეყანას. 17 შენ კვლავ ეწინააღმდეგები ჩვენს ხალხს და არ უშვებ მას. 18 აჰა, დავცხებ ხვალ ამ დროს ძალზე მაგარ სეტყვას, რომლის მსგავსიც არ ყოფილა ეგვიპტეში დღიდან მისი დაფუძნებისა აქამდე. 19 ახლა კი გაგზავნე და შეკრიბე შენი ჯოგი და რაც მინდვრადა გყავს. ყოველი ადამიანი და პირუტყვი, რომელიც დარჩება ველზე და არ შეეფარება სახლს, დაისეტყვება და მოკვდება”. 20 ვისაც უფლის სიტყვისა შეეშინდა ფარაონის მსახურთაგან, თავისი მსახურნი და თავისი ჯოგი სახლებში შერეკა. 21 ხოლო ვინც არ მიაპყრო გული უფლის სიტყვას, თავისი ჯოგი ველზე დატოვა. 22 და უთხრა უფალმა მოსეს: „გაიწოდე ხელი ცისაკენ და დაისეტყვება ეგვიპტის მთელი ქვეყანა – ადამიანები, პირუტყვი და ველის ყოველი ბალახი ეგვიპტის ქვეყანაში”. 23 გაიწოდა მოსემ თავისი კვერთხი ზეცისაკენ და გამოსცა უფალმა გრგვინვა და სეტყვა, და წამოვიდა ცეცხლი ქვეყანაზე და დასეტყვა უფალმა ეგვიპტის ქვეყანა. 24 მოდიოდა სეტყვა და ცეცხლი გიზგიზებდა სეტყვაში, ძლიერი იყო იგი, მისი მსგავსი არ ყოფილა ეგვიპტელთა მთელ ქვეყანაში, იმ დღიდან, რაც იქ ხალხი დასახლდა. 25 და გაანადგურა სეტყვამ ეგვიპტის მთელ ქვეყანაზე ყველაფერი, რაც მინდვრად იყო ადამიანიდან პირუტყვამდე. და ყოველი ბალახი ველისა გაანადგურა სეტყვამ, და ყოველი ხე ველისა დალეწა. 26 მხოლოდ გოშენის ქვეყანაში, სადაც ისრაელის ძენი იყვნენ, არ მოსულა სეტყვა. 27 და გაგზავნა ფარაონმა, და მოუხმო მოსეს და აარონს, და უთხრა მათ: „ამჯერად მე შევცოდე. უფალი მართალია, მე და ჩემი ხალხი კი – დამნაშავენი. 28 შეევედრეთ უფალს და დაცხრეს ღვთის გრგვინვა და სეტყვა, და გაგიშვებთ, მეტს აღარ დაგაყოვნებთ.” 29 და უთხრა მას მოსემ: „ქალაქიდან გასვლისას გავიწვდი ხელებს უფლისაკენ, გრგვინვა დაცხრება და სეტყვა აღარ იქნება, რათა გაიგო, რომ უფლისაა ქვეყანა. 30 მაგრამ შენ და შენს მსახურებს, ვიცი, ჯერაც არ შეგეშინდებათ უფალი ღმერთისა .” 31 სელი და ქერი განადგურდა, რადგან ქერი ამოთავთავებული იყო, სელი კი – აყვავებული. 32 ხოლო ხორბალი და ასლი არ განადგურდა, რადგან გვიანებია ისინი. 33 და გავიდა მოსე ფარაონისგან ქალაქგარეთ, და გაიწოდა ხელები უფლისაკენ. გრგვინვა და სეტყ-ვა შეწყდა და წვიმა აღარ იღვრებოდა მიწაზე. 34 და დაინახა ფარაონმა, რომ შეწყდა წვიმა და სეტყვა, და გრგვინვა, და კვლავ შესცოდა. და დაიმძიმეს თავიანთი გულები მან და მისმა მსახურებმა. 35 გამძვინვარდა გული ფარაონისა და არ გაუშვა ისრაელის ძენი, როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს მოსეს პირით.

თავი მერვე                                                                                                                                                  თავი მეათე

COMMENTS