გამოსვლა
61 უთხრა უფალმა მოსეს: „ახლა იხილავ, რასაც ვუზამ ფარაონს, რადგან ჩემი ძლიერი ხელით გამოუშვებს მათ და ძლიერი ხელით გაყრის მათ თავისი ქვეყნიდან.” 2 და ელაპარაკა ღმერთი მოსეს და უთხრა მას: „მე ვარ უფალი! 3 მე გამოვეცხადე აბრაამს, ისაკს და იაკობს ყოვლადძლიერ ღმერთად, და ჩემი სახელით – უფლით – არ გავეცანი მათ. 4 და დავუდე აღთქმა, რათა მივცე მათ ქანაანის ქვეყანა, ქვეყანა მათი ხიზნობისა, სადაც ხიზანობდნენ ისინი. 5 და აგრეთვე ვისმინე ისრაელის ძეთა კვნესა, რომელნიც ეგვიპტელებს მონობაში ჰყავთ, და გავიხსენე ჩემი აღთქმა. 6 ამიტომ უთხარი ისრაელის ძეთ: ‘მე ვარ უფალი და მე გამოგიყვანთ თქვენ ეგვიპტელთა უღლიდან, და გადაგარჩენთ მათი მსახურებისაგან, და გიხსნით გამოწვდილი მკლავით და დიდი სასჯელებით. 7 აგიყვანთ ჩემს ხალხად და მე ვიქნები თქვენთვის ღმერთი, და გაიგებთ,რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, თქვენი გამომყვანი ეგვიპტის უღლიდან. 8 მიგიყვანთ ქვეყანაში, რომელზეც ფიცით აღვმართე ხელი, რომ მივცემდი აბრაამს, ისაკს და იაკობს, და მოგცემთ მას სამკვიდროდ. მე ვარ უფალი.” 9 ასე ელაპარაკა მოსე ისრაელის ძეთ, მაგრამ მათ არ მოუსმინეს სულმოკლეობისა და მძიმე მონობის გამო. 10 და ელაპარაკა უფალი მოსეს: 11 „მიდი, ელაპარაკე ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, რომ გაუშვას ისრაელის ძენი თავისი ქვეყნიდან.” 12 და ილაპარაკა მოსემ უფლის წინაშე, ასე: „აჰა, ისრაელის ძეთ არ მოისმინეს ჩემი და როგორღა მომისმენს მე ფარაონი? მე ენაბრგვილი ვარ.” 13 ელაპარაკა უფალი მოსეს და აარონს, და ათქმევინა მათ ისრაელის ძეთათვის და ფარაონისათვის, ეგვიპტის მეფისათვის, რათა გამოეყვანათ ისრაელის ძენი ეგვიპტის ქვეყნიდან. 14 ესენი არიან მთავრები თავ-თავიანთი მამის სახლებისა: ძენი რეუბენისა,ისრაელის პირმშოსი: ხანოქი და ფალუ, ხეცრონი და ქარმი. ესაა რეუბენის საგვარეულო. 15 და ძენი სიმონისა: იემუელი და იამინი, და ოჰადი, და იაქიმი, და ცოხარი, და საული, ძე ქანაანელი ქალისა. ესაა სიმონის საგვარეულო. 16 აჰა,ლევის ძეთა სახელები თავიანთი გვარტომით: გერშონი და კეჰათი, და მერარი. და წლები ლევის ცხოვრებისა იყო ას ოცდაჩვიდმეტი წელი. 17 ძენი გერშონისა: ლიბნი და შიმყი, თავ-თავიანთი საგვარეულოებით. 18 და ძენი კეჰათისა:ყამრამი და იცჰარი, და ხებრონი, და ყუზიელი. და წლები კეჰათის ცხოვრებისა იყო ას ოცდაცამეტი წელი 19 და ძენი მერარისა: მახლი და მუში. ესენია საგვარეულოები ლევისა თავიანთი გვარტომობით. 20 და მოიყვანა ყამრამმა იოქებედი, თავისი მამიდა, თავისთვის ცოლად. და მან უშვა აარონი და მოსე. და წლები ყამრამის ცხოვრებისა იყო ას ოცდა ჩვიდმეტი წელი. 21 და ძენი იცჰარისა: კორახი და ნეფეგი, და ზიქრი. 22 და ძენი ყუზიელისა: მისაელი და ელცაფანი და სითრი. 23 და მოიყვანა აარონმა ცოლად ელიშებაყი, ასული ყამინადაბისა, ნახშონის და; და მან უშვა მას ნადაბი, აბიჰუ, ელეაზარი და ითამარი. 24 და ძენი კორახისა: ასირი და ელკანა და აბიასაფი: ესენია კორახის საგვარეულოები. 25 ელეაზარმა, აარონის ძემ, ცოლად მოიყვანა ფუტიელის ასულთაგანი და მან უშვა მას ფინხასი. ესენია ლევიანთა მთავრები თავ-თავიანთი გვარტომებით. 26 ეს იყო აარონი და მოსე, ვისაც უთხრა უფალმა: „გამოიყვანეთ ისრაელის ძენი ეგვიპტის ქვეყნიდან ლაშქრებად.” 27 ესენი ელაპარაკებოდნენ ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, რომ ისრაელის ძენი ეგვიპტიდან გამოეყვანათ. ეს იყო მოსე და აარონი. 28 და იყო იმ დღეს, როცა ელაპარაკებოდა უფალი მოსეს ეგვიპტის ქვეყანაში, 29 უთხრა უფალმა მოსეს: „მე ვარ უფალი! უთხარი ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, ყველაფერი, რასაც მე გელაპარაკები.” 30 და თქვა მოსემ უფლის წინაშე: „აჰა, მე ენაბრგვილი ვარ, და როგორ მომისმენს მე ფარაონი?”