HomeUncategorized

გამოსვლა 7

ძველი აღთქმა
გამოსვლა

71 უთხრა უფალმა მოსეს: „ნახე, ღმერთად დაგაყენე ფარაონისთვის, და აარონი, შენი ძმა, იქნება შენი წინასწარმეტყველი.” 2 შენ იტყვი ყოველივეს, რასაც მე გიბრძანებ, და აარონი, შენი ძმა, ილაპარაკებს ფარაონთან, რათა გაუშვას ისრაელის ძენი თავისი ქვეყნიდან. 3 და მე გავამძვინვარებ ფარაონის გულს და გავამრავლებ ჩემს ნიშნებსა და ჩემს სასწაულებს ეგვიპტის ქვეყანაში. 4 არ მოგისმენთ თქვენ ფარაონი და მე მივყობ ხელს ეგვიპტეს, და გამოვიყვან ჩემს ლაშქარს, ჩემს ხალხს, ისრაელის ძეთ, ეგვიპტის ქვეყნიდან დიდი სასჯელებით. 5 და შეიტყობენ ეგვიპტელნი, რომ მე ვარ უფალი, როცა გავიწვდი ხელს ეგვიპტეზე და გამოვიყვან ისრაელის ძეთ მათგან.” 6 და გააკეთეს მოსემ და აარონმა. როგორც უბრძანა მათ უფალმა, ისე გააკეთეს. 7 მოსე ოთხმოცი წლისა იყო, ხოლო აარონი ოთხმოცდასამი წლისა, ფარაონთან ლაპარაკის დროს. 8 და უთხრა უფალმა მოსეს და აარონს: 9 „თუ გეტყვით თქვენ ფარაონი: ‘სასწაული მოახდინეთ’, მაშინ ეტყვი აარონს: ‘აიღე შენი კვერთხი და დააგდე ფარაონის წინაშე’. და იქცევა იგი გველად.” 10 და მივიდნენ მოსე დი აარონი ფარაონთან და გააკეთეს ისე, როგორც უფალმა უბრძანა. და დააგდო აარონმა თავისი კვერთხი ფარაონისა და მის მსახურთა წინაშე, და იქცა იგი გველად. 11 მოუხმო ფარაონმა ბრძენკაცებს და ჯადოქრებს და გააკეთეს მათაც, ეგვიპტელმა გრძნეულებმა, იგივე თავიანთი გრძნეულებით. 12 და დააგდო თითოეულმა თავისი კვერთხი, და გადაიქცნენ ისინი გველებად. და შთანთქა აარონის კვერთხმა მათი კვერთხები. 13 და გამძვინვარდა გული ფარაონისა და არ ისმინა მათი, როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს. 14 და უთხრა უფალმა მოსეს: „მძიმე გულისაა ფარაონი, უარზეა გაუშვას ხალხი. 15 წადი ფარაონთან დილას. აჰა, გამოვა წყალთან და დადექი მის შესახვედრად მდინარის ნაპირას და კვერთხი, გველად რომ იქცა, ხელში აიღე. 16 და უთხარი მას: ‘უფალმა, ებრაელთა ღმერთმა, მომავლინა შენთან ამის სათქმელად: გაუშვი ჩემი ხალხი, რომ მემსახურონ უდაბნოში. და აჰა, არ ისმინე აქამდე. 17 ასე თქვა უფალმა: ‘ამით შეიტყობ, რომ მე ვარ უფალი: აჰა, კვერთხს, ხელში რომ მიჭირავს, დავკრავ წყალს, რომელიც მდინარეშია, და იქცევა სისხლად. 18 და თევზი, რომელიც მდინარეშია, გაწყდება, და მდინარე აყროლდება, და ვეღარ დალევენ ეგვიპტელნი წყალს მდინარიდან.” 19 და უთხრა უფალმა მოსეს: „უთხარი აარონს: ‘გაიწოდე ხელი ეგვიპტელთა წყლებზე – მათ მდინარეებზე, მათ ნაკადულებზე, მათ ტბებსა და მათი წყლების ყოველ შესაკრებელზე, და იქცევიან სისხლად, და ჩადგება სისხლი ეგვიპტის მთელ ქვეყანაში, როგორც ხეებში, ისე ქვებშიც.” 20 და გააკეთეს ისე მოსემ და აარონმა, როგორც ბრძანა უფალმა. და აღმართა კვერთხი, და დასცა მდინარის წყალს ფარაონის თვალწინ და მის მსახურთა თვალწინ, და გადაიქცა მთელი მდინარის წყალი სისხლად. 21 და თევზი მდინარისა გაწყდა და აყროლდა მდინარე, და ვეღარ დალიეს ეგვიპტელებმა წყალი მდინარიდან. და ჩადგა სისხლი ეგვიპტის მთელ ქვეყანაში. 22 და გააკეთეს იგივე ეგვიპტის გრძნეულებმა თავიანთი ჯადოქრობით. და გამძვინვარდა გული ფარაონისა და არ ისმინა მათი, როგორც ნათქვამი ჰქონდა უფალს. 23 გატრიალდა ფარაონი და წავიდა სახლში. და არც ეს მიიკარა გულს. 24 და თხრიდნენ ეგვიპტელები მდინარის გაყოლებაზე, რომ ეპოვათ სასმელი წყალი, რადგან ვერ სვამდნენ წყალს მდინარიდან. 25 და შესრულდა შვიდი დღე, რაც უფალმა მდინარეს დაჰკრა.

თავი მეექვსე                                                                                                                                                 თავი მერვე

COMMENTS