HomeUncategorized

ლევიანნი 1

ძველი აღთქმა
ლევიანნი

11 და მოუხმო უფალმა მოსეს, და უთხრა მას საკრებულო კარვიდან: 2 „ელაპარაკე ისრაელის ძეთ და უთხარი მათ: ‘როცა შესწიროს ვინმე თქვენთაგანმა მსხვერპლი უფალს საქონელთაგან, მსხვილფეხათაგან და ცხვართაგან და თხათგან შესწირეთ ეს მსხვერპლი. 3 „‘თუ მისი მსხვერპლი სრულადდასაწველია, მაშინ მსხვილფეხა საქონლიდან უნაკლო მოზვერი შესწიროს. საკრებულო კარვის შესავალთან შესწიროს იგი კეთილმოსურნეობით უფლის წინაშე. 4 და დაადოს თავისი ხელი სრულადდასაწველს თავზე, რათა მოიპოვოს მან წყალობა თავის ცოდვათა შესანდობად. 5 და დაკლას მოზვერი უფლის წინაშე; და შესწირონ აარონის ძეთ, მღვდლებმა, მოიტანონ სისხლი და სამსხვერპლოს ირგვლივ მოაპკურონ, რომელიც არის საკრებულო კარვის შესასვლელთან. 6 და გაატყაოს სრულადდასაწველის მსხვერპლი და დაჭრას იგი ნაწილებად. 7 და დადონ აარონ მღვდლის ძეთ ცეცხლი სამსხვერპლოზე და განალაგონ შეშები ცეცხლზე. 8 და განალაგონ აარონის ძეთ, მღვდლებმა, ეს ნაწილები და თავი და ქონი შეშებზე, რომლებიც ცეცხლზეა, სამსხვერპლოზე. 9 და შიგნეული და კანჭები მისი წყლით გამორეცხოს; და დააკმიოს მღვდელმა ყოველივე სამსხვერპლოზე: ეს სრულადდასაწველია, საცეცხლოა, კეთილსურნელებაა უფლისათვის. 10 „‘და თუ წვრილფეხიდან იქნება მისი მსხვერპლი, ცხვართაგან ან თხათაგან, სრულადდასაწველად უნაკლო მამალი ცხოველი შესწიროს. 11 და დაკლას იგი სამსხერპლოსთან, ჩრდილოეთ მხარეს, უფლის წინაშე და მოაპკურონ აარონის ძეთ, მღვდლებმა, მისი სისხლი სამსხვერპლოს ირგვლივ. 12 და დაჭრას იგი ნაწილებად, მის თავიანად და ქონიანად, და დააწყოს ისინი მღვდელმა შეშებზე, რომლებიც ცეცხლზეა, სამსხვერპლოზე. 13 და შიგნეული და კანჭები გამორეცხოს წყლით; და შესწიროს მღვდელმა ყოველი, და დააკმიოს სამსხვერპლოზე; ეს სრულადდასაწველია, საცეცხლოა, კეთილსურნელებაა უფლისთვის. 14 „‘და თუ ფრინველთაგანა მოაქვს მას უფლისათვის სრულადდასაწველი, მაშინ შესწიროს გვრიტთაგან ან მტრედის ხუნდთაგან თავისი მსხვერპლი. 15 და შესწიროს იგი მღვდელმა სამსხვერპლოსთან, და წარკვეთოს მას თავი და დააკმიოს სამსხვერპლოზე; და მისი სისხლი დაწრიტოს სამსხვერპლოს კედელთან; 16 და მოაშოროს ჩინჩახვი ბუმბულითურთ და გადაისროლოს იგი სამსხვერპლოსთან, სანაცრის ადგილზე. 17 და გახლიჩოს იგი ფრთებში, არ გააცილოს ისინი და დააკმიოს იგი მღვდელმა სამსხვერპლოზე, შეშებზე, რომლებიც ცეცხლზეა; სრულადდასაწველია, საცეცხლოა, კეთილსურნელებაა უფლისთვის.

გამოსვლა                                                                                                                                                      თავი მეორე 

COMMENTS